ავტორი:

"პუტინი ბოლომდე გადაიხდის იმ დანაშაულების ფასს, რაც მისმა რეჟიმმა ჩაიდინა... დღეს ახალი ევროპა იბადება" - ექსპერტი

"პუტინი ბოლომდე გადაიხდის იმ დანაშაულების ფასს, რაც მისმა რეჟიმმა ჩაიდინა... დღეს ახალი ევროპა იბადება" - ექსპერტი

ბოლო დღეებში უკრაინიდან სასიხარულო ცნობები ვრცელდება, წარმატებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევები, ოკუპანტები უკან იხევენ...

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დღეს დილით სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზედაც, უწყების ინფორმაციით, მათ მიერ ხელში ჩაგდებული რუსების საბრძოლო მასალის არსენალია ასახული.

"რუსი დამპყრობლები ისე გარბიან უკრაინელი ჯარისკაცებისგან, რომ საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ. ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ მას დანიშნულებისამებრ - მტრის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, უკრაინის გენერალური შტაბის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

როგორ შეიძლება შეფასდეს უკრაინის კონტრშეტევა და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში? - ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ, გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- ნამდვილად სასიხარულოა. რეალურად დაიწყო ის პროცესი, რომელზეც აქამდეც ვლაპარაკობდით, რომ უკრაინა ემზადებოდა კონტრშეტევებისთვის. მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია, თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ერთ თვეში სრულად ამოქმედდება ამერიკული ლენდ-ლიზი, რაც კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს უკრაინას. ომში მყოფი ქვეყანა თვეების განმავლობაში იღებდა სამხედრო დახმარებას, მისი სამხედრო მოსამსახურეები კი გადიოდნენ უმნიშვნელოვანეს სწავლებას და ითვისებდნენ ყველზე თანამედროვე იარაღს. დღეს ამ ყველაფრის შედეგს ვხედავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს უპირველესად იმიტომ, რომ უკრაინა არ არის მარტო. პუტინი ბოლომდე გადაიხდის იმ დანაშაულების ფასს, რაც მისმა რეჟიმმა ჩაიდინა. ომი ერთ-ორ კვირაში ნამდვილად ვერ დასრულდება, სამწუხაროდ, ბრძოლები კიდევ კარგა ხანს გასტანს და სულ უფრო და უფრო გაუჭირდება რუსეთს. ის ენერგეტიკული გათვლები, რაც მას აქვს, ნამდვილად არ მოუტანს იმ შედეგს, რასაც ელის. რუსეთზე წნეხი უფრო გაიზრდება, უკვე მომავალი თვიდან უფრო მწარედ იგრძნობენ სანქციების ძალას. დღეს ახალი ევროპა იბადება და საქართველოს ამოცანაა არ აღმოჩნდეს ამ პროცესის მიღმა და კიდევ უფრო უარესი, არ აღმოჩნდეს ახალი ევროპული და მსოფლიო წესრიგის არასწორ მხარეს. მერე სწორ მხარეს გადასვლას დიდი დრო დასჭირდება. ახლა ჩვენ ვართ ისტორიულ მომენტში, როდესაც საჭიროა ქმედება, აქტიურობა, როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ. საჭიროა რეფორმების გატარება, ქვეყნის გაძლიერება და არა ერთმანეთთან ქიშპი.

ისედაც ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან. წარმოიდგინეთ, რა წინ ვიქნებოდით, რომ გვქონდეს ანაკლიის პორტი, რამდენად დიდი იქნებოდა საქართველოს მნიშვნელობა მსოფლიო გეოპოლიტიკურ კონტექსტში; რამდენად წინ ვიქნებოდით, გაზსაცავი რომ აგვეშენებინა. ამაზე წლებია ვლაპარაკობთ, არაერთხელ ავიღეთ კრედიტიც, მაგრამ ჯერაც არაფერი დაგვიწყია. მეტი შეცდომის დაშვების უფლება არა გვაქვს, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალს განსაზღვრავს. წაიკითხეთ სრულად