ავტორი:

"რუსული ნაწილები იხევენ უკან და გზად ტექნიკას ტოვებენ. ამის რამდენიმე მიზეზია: არაპროფესიონალიზმი, შოკი და ქაოსი" - რა ხდებდა გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე?

"რუსული ნაწილები იხევენ უკან და გზად ტექნიკას ტოვებენ. ამის რამდენიმე მიზეზია: არაპროფესიონალიზმი, შოკი და ქაოსი" - რა ხდებდა გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე?
  • ფოტო: რუკაზე ყვითლად მონიშნულია 4-10 სექტემბერს უკრაინელთა მიერ გათავისუფლებული ტერიტორია (მომზადებულია გიორგი კობერიძის მიერ)

სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული უკრაინელებმა დაახლოებით 2 ათასი კილომეტრის ოკუპირებული ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ჩვენი ჯარისკაცების ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობა გრძელდება. აქტიური ოპერაციების ფარგლებში, სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია. ამ დღეებში რუსული არმია ავლენს ყველაზე უკეთესს, რისი კეთებაც შეუძლია - გვაჩვენებენ ზურგს. საბოლოო ჯამში, ეს არ არის ცუდი არჩევანი მათთვის - გაქცევა. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არასდროს იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული ძალები ქალაქ იზიუმსა და ხარკოვის ოლქის სხვა დასახლებებში შევიდნენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე თუნდაც მცირე გამარჯვების შემდეგ, რუსები გაქცევას დაიწყებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბალაკლეასა და იზიუმის დაკარგვა, ფაქტობრივად, აღიარა, თუმცა ამას "რუსული ძალების გადაჯგუფება“ დაარქვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ბალაკლეასა და იზიუმის რაიონებში განლაგებული რუსული ჯარები გადაჯგუფდნენ და გადანაწილდნენ დონეცკის მიმართულებით. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"დონბასის განთავისუფლების სპეცოპერაციის დასახული მიზნების მისაღწევად, მიღებულია გადაწყვეტილება ბალაკლეისა და იზიუმის რაიონებში განლაგებული რუსული ჯარების გადაჯგუფების შესახებ, რათა დონეცკის მიმართულებით ძალისხმევა გააძლიერონ “, - განაცხადა კონაშენკოვმა.

10 სექტემებრი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი დღე იყო უკრაინის კონტრშეტევის წარმატების თვალსაზრისით.

გთავაზობთ გასული დღე-ღამის ფრონტის ამბების მიმოხილვას საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის გიორგი კობერიძისგან, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა:

  • 10 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:

- ხერსონის რაიონში გამთენიას უკრაინულმა დანაყოფებმა ზღვისპირა დასახლების ოლექსანდრივკას შემოგარენის გაწმენდა დაიწყეს. რთული სათქმელია დასახლებაზე კონტროლი სრულად აღდგა თუ არა, მაგრამ ჩრდილოეთიდანაც კი უკრაინული არმიაა მომდგარი, ისევე როგორც დასავლეთიდან. ოლექსანდრივკას და მის შემოგარენს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსების თავდაცვის ზღუდე სანაპიროს გასწვრივ სწორედ ამ დასახლებასთან გადიოდა.

- მდინარე ინჰულეცის უკრაინულმა ცენტრალურმა შემტევმა დაჯგუფებამ დავიდივ ბრიდამდე მდებარე ბილოჰირკას გათავისუფლება დაასრულა. დავიდივ ბრიდი ორი მხრიდან უკრაინელებისგანაა გარემოცული.

- ქალაქ ხერსონში პარტიზანებმა სამხედრო გაწვევის კომისარიატი თავის კომისრიანად ააფეთქეს. ასევე უკრაინულმა არტილერიამ ხერსონსა და ჩერნობაევკაში დიდი საარტილერიო იერიში წამოიწყო. რუსული პოზიციები ინტენსიურად იბომბება მთელს რაიონში. სამიზნეებს შორისაა სამხედრო ყაზარმები, თავდაცვის ზღუდე და პოტენციური მომარაგების ხაზები. მსხვერპლი რუსულ სამხედრო ძალებში დიდია, მოტივაცია კი - მცირე.

- უკრაინული პარტიზანული მოძრაობა ბოლო ორი დღეა ძალიან გააქტიურებულია როგორც ხერსონის ისე ზაპორიჟიას რაიონში.

- ხარკივის (ხარკოვის) რაიონში უკრაინული სპეცრაზმი წმენდს იზიუმს. დასახლებაზე კონტროლი სრულად მოპოვებულია, ქალაქში მიტოვებული რუსული ტექნიკაა მიმოფანტული, მაგრამ ის მტრული ელემენტები, რომლებმაც გასვლა ვერ მოასწრეს ან რუსულ არმიას გასვლისას უმაგრებდნენ ზურგს ახლა მათი ნეიტრალიზება ხდება.

- დონეცკის რაიონში, ქალაქ ლიმანში შეტაკებები გრძელდება, თუმცა ქალაქი დიდწილად გათავისუფლებულია, ხოლო რაც მთავარია რკინიგზის სადგურზე კონტროლი დაბრუნებულია. რუსული სამხედრო ნაწილებისათვის ლიმანის შემოგარენში ყოფნა უკან დახეულებისათვის გზის გახსნისათვის ესაჭიროებათ.

- უკრაინული არმია შედის სვიატოჰირსკშიც. ქალაქში და მის შემოგარენში მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. დასახლება ლიმანსა და იზიუმს შორის მდებარეობს.

- ხარკივის რაიონში ვოვჩანსკისაკენ მიიწევენ უკრაინელები. ვოვჩანსკი რუსეთის საზღვრამდე ბოლო დიდი დასახლებული პუნქტია. ქალაქის ევაკუაცია რუსმა სამხედროებმა დაიწყეს. მანამდე ვოვჩანსკში უკრაინულმა არტილერიამ რამდენიმეჯერ დაბომბა რუსული პოზიციები. იმ ფონზე, რომ უკრაინულმა არმიამ ქალაქი ხარკივის სამხრეთ-აღმოსავლეთით სტარი სალტივის მოპირდაპირედ რამდენიმე მიმართულებით გადალახეს მდინარე ჩრდილოეთის დონეცი და აქტიურად მიიწევენ წინ, სავარაუდოა, რომ მათ ვოვჩანსკამდე ცოტა აქვთ დარჩენილი.

- დაიბომბა რუსეთის საზღვართან ახლოს ველიკი ბურლუკში ბაზირებული რუსული და ოსი მოხალისეების სამხედრო ნაწილიც. მსხვერპლი დიდია.

- რუსული ნაწილები ხარკივის მთელი რაიონიდან იხევენ უკან და გზად ტექნიკას ტოვებენ. ამის რამდენიმე მიზეზია: არაპროფესიონალიზმი, შოკი და ქაოსი, ოფიცრების მხრიდან დანაყოფების მასიური მიტოვება და კიდევ ერთი - როგორც ჩანს ზოგიერთ მონაკვეთზე რუსებს იმდენი საწვავი არ ჰქონდათ მძიმე ტექნიკის რუსეთის საზღვრამდე გასაყვანად ჰყოფნოდათ. ამიტომ დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა უკრაინელების ხელში აღმოჩნდა. პრაქტიკულად უკრაინელებმა იმდენი შევსება მიიღეს ამ ერთ კვირაში რამდენიც ომის პირველ დღეებში დაკარგეს.

- რუსული ლოჯისტიკური მომარაგების და ლოკალური სარეზერვო კოლონა ხარკივის რაიონში რამდენიმე ადგილას მოყვა ჩასაფრებაში და განადგურდა.- დიდი დაბნეულობაა ბელგოროდის რაიონში. უკან დახეული რუსული ნაწილებისა და კოლაბორაციონისტებისაგან რამდენიმე კილომეტრიანი საცობებია შექმნილი სასაზღვრო ტერიტორიაზე.

- უკრაინულმა პოლიციამ იმ მასწავლებლებისა და მოხელეების დაკავება დაიწყო, რომლებიც რუსების მიერ შედგენილი კურიკულუმით აპირებდნენ ესწავლებინათ უკრაინელი ბავშვებისათვის სკოლებსა და სასწავლებლებში. დააკავეს ის პოლიციელებიც, რომლებიც რუსული საოკუპაციო ძალების სამსახურში ჩადგნენ.

- ლუგანსკის რაიონში უკრაინული არმიის შესვლა რუსული ნაწილების ამ მიმართულებაზე დაბმა მოჰყვა. საოკუპაციო ძალები ისედაც მნიშვნელოვან დეფიციტსა და დაბნეულობაში არიან და ნებისმიერი გადაადგილება ფრონტის ხაზის სრულ ჩამოშლას გამოიწვევს ახლა უკვე ლუგანსკის რაიონში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ხმები უკრაინელთა მხრიდან სევეროდონეცკის რაიონის რიგი დასახლებების აღებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დასტური არ არსებობს. თუმცა, იმისდა მიუხედავად აიღებენ თუ არა უკრაინელები რომელიმე ქალაქს ან დასახლებას, ამ შემთხვევაში მათი ლუგანსკის რაიონში შესვლა უმნიშვნელო მოვლენა არ არის და ფსიქოლოგიური ღირებულებაც გააჩნია.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული ძალები დონეცკის აეროპორტში შევიდნენ. უკრაინელებისათვის აეროპორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი მას თვეების განმავლობაში რუსული არმიის ინტენსიური დაწოლის ფონზე 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის იანვრამდე იცავდნენ. უამრავი სამხედრო გმირი დაეცა მაშინ აეროპორტის დაცვისას.

თუმცა გავრცელებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება და საკმაოდ რთული სათქმელია საინფორმაციო კამპანიის ნაწილია სეპარატისტების დასაშინებლად თუ მართლაც ხდება ეს ყველაფერი.

- რუსი ტყვეების რაოდენობა მთელს საბრძოლო მოქმედების ხაზის გასწვრივ დიდი და მზარდია. ზუსტი ციფრი უცნობია.

იხილეთ ასევე: