"ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები კლუბ „ბასიანსა“ და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციებს „შეგნებულ დანაშაულს“ უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ "უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა“.
დეპუტატების განცხადებით, გიორგი გახარიას ხელით ორგანიზებული სპეცოპერაციები პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად.
„საელჩოს უსაფუძვლო თავდასხმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონზე შემთხვევითი სულაც არ არის. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მკაფიოდ იკვეთება, რომ საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული. ამის გამოხატულება იყო გამუდმებული თავდასხმები სასამართლოსა და პროკურატურაზე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა, უგულავას, მელიას, რურუას და სხვა კრიმინალების განთავისუფლების დაჟინებული მოთხოვნა და ა.შ.
საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურების მოშლის მცდელობის განსაკუთრებით მძიმე გამოვლინება იყო გიორგი გახარიას ხელით ორგანიზებული სპეცოპერაციები, რომლებიც პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად. გახარიას „ბასიანში“ შესვლას თავის დროზე გუნდშიც სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით კახა კალაძის მხრიდან, რომელიც თავის სამართლიან აღშფოთებას ყველაზე აქტიურად გამოხატავდა. რაც თავიდან ავანტიურისტული შეცდომა გვეგონა, სრულიად შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა. როგორც ჩანს, „ბასიანში“ შესვლის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში პოლიციის იმიჯის შელახვა და პოლიციელების მიმართ აგრესიის გაჩენა იყო და ეს დავალება გახარიამ პირნათლად შეასრულა.
პოლიციის იმიჯის შესალახად და დასაკნინებლად ჩატარდა პანკისის სპეცოპერაციაც, სადაც გახარიამ სპეცრაზმი არასწორ დროს შეიყვანა და არასწორი დავალებებით ამოქმედა. ყველას კარგად გვახსოვს უმძიმესი სურათი მძიმედ დაშავებული პოლიციელებითა და განადგურებული სპეცტექნიკით. რაც შეცდომა გვეგონა, ამ შემთხვევაშიც შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა, რომელიც ასევე პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.
რატომ ასროლინა გახარიამ დამიზნებით რეზინის ტყვიები ჟურნალისტებზე და შტურმიდან მოშორებით მყოფ ადამიანებზე, ეს ცალკე განხილვას საჭიროებს. რა თქმა უნდა, მიზანი აქაც პოლიციის იმიჯის დაზიანება და მის მიმართ მოსახლეობაში აგრესიის გაჩენა იყო. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა. საელჩოს მხრიდან სასამართლოსა და პროკურატურის დაზიანებისა და მოშლის მცდელობებს, პრაქტიკულად, მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით“,- აღნიშნულია ე.წ. ოთხეულის განცხადებაში.