ავტორი:

"შორიდან ხალხს ალბათ დედოფალი ვგონივარ - არადა რთულ პირობებში გვიწევდა ცხოვრება, ხან ქირით ვიყავით... ბოლო ორი წელია, ამოვისუნთქეთ” - ცნობილი დიზაინერი ცოლ-ქმრის წარმატებისა და სიყვარულის ამბავი

"შორიდან ხალხს ალბათ დედოფალი ვგონივარ - არადა რთულ პირობებში გვიწევდა ცხოვრება, ხან ქირით ვიყავით... ბოლო ორი წელია, ამოვისუნთქეთ” - ცნობილი დიზაინერი ცოლ-ქმრის წარმატებისა და სიყვარულის ამბავი

ოჯახში ორი ცნობილი დიზაინერია - ზვიად ციკოლია და მარინა ხორავა. ისინი უკვე 25 წელია მეუღლეები არიან და წელს ვერცხლის თარიღიც ჰქონიათ.

მარინა ხორავამ წლების წინ საკუთარი ბრენდი შექმნა და სრულიად მარტომ, ბევრი რამ შეძლო, მაგრამ მერე და მერე შვილები და ოჯახი წინა პლანზე მეტად დააყენა და თავის საქმეში, როგორც ადრე, ისეთი აქტიური აღარ არის… მისი მთავარი თვისება გულწრფელობაა და ჩვენთან საუბარშიც ამას ამჟღავნებს...

როგორ გახდა დიზაინერი, რატომ დაუკავშირა თავის ცხოვრება ახალგაზრდა, ნიჭიერ დიზაინერს და როგორ ცხოვრობს საზოგადოებისთვის ცნობილი ოჯახი, ამას AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

მარინა ხორავა:

- ბავშვობიდან ვხატავ. სახლში მთელი კედლები მოხატული მქონდა და არავინ მიშლიდა. დედა ფარდებს გასარეცხად რომ ჩამოხსნიდა, მე და ჩემი და ვიხელთებდით ხოლმე და ტანზე შემოვიხვევდით. ჩვენთვის თითოეული ოთახი, პირობითად, სხვადასხვა ქვეყანასთან ასოცირდებოდა და ასე ფუფალებივით დავდიოდით ქვეყნიდან ქვეყანაში... დედა, რომელიც ძალიან მკაცრი ქალი იყო და მხოლოდ სწავლისკენ მოგვიწოდებდა, ამას არ გვიშლიდა - შეზღუდვა არ გვქონია...

სკოლაში მედლის კანდიდატი ვიყავი და მაშინ ასე იყო - ყველა მედალოსანი სამედიცინოზე აბარებდა, მე მსახიობობა მინდოდა. მშობლები არც ამაში მეწინააღმდეგებოდნენ... მსახიობი ირაკლი უჩანეიშვილი ბებიაჩემის ბიძაშვილი იყო და დამეხმარა, მარჯანიშვილის თეატრში შტატგარეშე მსახიობად მოვწყობილიყავი... თეატრში, სამსახურის დასაწყებად რომ მივედი, უეცრად გადავიფიქრე. უარი ვუთხარი და წამოვედი. გაოცდნენ.

მერე ჩემმა ნათესავმა მითხრა - შენი ადგილი სამხატვრო აკადემიაშია მოდელირების განხრითო. დავფიქრდი და აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე. ოღონდ, 5 წელი ვაბარებდი. მაშინ იქ მოხვედრა ცოტა სხვანაირად ხდებოდა... მაგრამ მეხუთე წელს, როცა სასწავლებელში ცკ-ს კომისია დაჯდა, ცოდნა დაფასდა და 5-ებით მოვხვდი. საერთოდ, დედის მადლიერი ვარ - სწორ გზაზე დამაყენა... დღეს ის ძალიან მაკლია და მენატრება... ადრე წავიდა...

- ალბათ აქტიური სტუდენტი იყავით?

- კი, კარგად ვსწავლობდი. ამასთან, 80-იანების ბოლო იყო, კომუნისტების პერიოდი და ჩვენებები უცხოეთშიც გვქონდა ხოლმე... აკადემიის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ ფაბრიკაში წავედი. აკადემიის „გაპრანჭული“ სიტუაციიდან ფაბრიკის ტერიტორიაზე ყოფნა, ახალგაზრდა გოგოსთვის დეპრესიულიც კი იყო. მაგრამ მიზანი მქონდა, საკუთარი წარმოების შექმნა მინდოდა და ამ ყველაფრის სწავლა. ფაბრიკიდან უნგრეთში, კერძოდ, ბუდაპეშტში წავედი, სადაც ვმუშაობდი და ვსწავლობდი. ამერიკელებისა და იტალიელების წარმოება იყო, კვალიფიკაციას ვიმაღლებდი. ხელფასიც ძალიან მაღალი მქონდა და თან საუკეთესო პირობები იყო... მერე გავიგე, რომ ჩემი ხელწერა, რასაც ვაკეთებდი, თურმე მოსწონდათ და უნდოდათ იტალიისკენ ან ამერიკისკენ გადავესროლეთ. მაშინ საბჭოთა კავშირის საელჩოს ვეკუთვნოდით და უარი თქვეს. ქართველი ვიყავი, რუსი რომ ვყოფილიყავი, დამტოვებდნენ - ასე დამიხურეს მომავალი...

ჩემი ქმარი კი სულ იმას მეუბნება, კიდევ კარგი არ დაგტოვეს, ხომ არ გაგიცნობდიო. მე არ ვეთანხმები - თუ ბედი იყავი, ამერიკაშიც და იტალიაშიც შევხვდებოდით-მეთქი...

- რა იყო თქვენი პირველი კოლექცია საქართველოში?

- პირველი კოლექცია აკადემიის პერიოდში იყო. კათედრის გამგე, სრულ თავისუფლებას გვაძლევდა და პირველად მილიტარისტული კოლექცია შევქმენი. ამის გამო კინაღამ გამრიცხეს. საბჭოთა პერიოდი იყო და მილიტარისტული კოლექცია, ეს ფორმები მხოლოდ ჟურნალებში თუ გვქონდა ნანახი. სატინის ნაჭრები აკადემიასთან, ქსოვილების მაღაზიაში ვიყიდე. მილიტარისტული ლაქები დავხატე, ერთი კვირა ვხატავდი, 8 მოდელი შევქმენი. საბოლოოდ ჩემი გარიცხვის ამბავი კარგად დასრულდა. აკადემიის კომკავშირის მდივანი ზაზა შენგელია იყო, - ნუ გეშინია, არავინ გაგრიცხავს, წარჩინებული სტუდენტი ხარო. არ გამრიცხეს, წარმატებული სტუდენტი ვიყავი და აკადემიაში დავრჩი.

- როგორც მახსოვს, ორიათასიანებში თქვენი ბრენდი საკმაოდ პოპულარული იყო...

- 1997 წელს ჩემი ბრენდი შევქმენი, რომელიც მაშინ თითქმის ყველა ტელევიზიის წამყვანებს მოსავდა. ამის შესახებ არხები თავად აცხადებდნენ... მაშინდელი შავი, ყავისფერი და შინდისფერი ფერები პასტელური ფერებით შევცვალე. იყო წინააღმდეგობებიც, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიჯერებდნენ.

1997-98 წელს მონარქისტული კოლექცია შევქმენი. სულ ხელით იყო ნაშრომი, დაქარგული, დედოფლური... შევქმენი ისეთი ნიმუში, რომლის გამოსაფენად, ესა თუ ის წელი არ არის საჭირო. კარგი გაგებით ცოტა ეგოიზმი რომ მქონოდა, ამ მოდელებს თაროზე არ შემოვაწყობდი. მაგრამ ამ გამოფენის მოწყობის საშუალება აღარ მომეცა. ჩრჩილითაც რომ იყოს ეს ნამუშევრები შეჭმული, ალბათ შევძლებ და ასეთი სახით მაინც გამოვფენ. ვფიქრობ, ამ ჩვენებას მხარდამჭერი აუცილებლად გამოუჩნდება და კოლექცია დროს გაუძლებს. წარმოიდგინეთ თითო კაბა 7-8 თვე იქარგებოდა... ამ მოდელებს ასეთი ბედი ერგოთ და ამ ისტორიას მოვა დრო და დავდებ.

...მერე გავთხოვდი და ოჯახში საქმიანობით დავკავდი. როცა ოჯახს ქმნი, შვილები გყავს, კეთილი უნდა ინებო და მიხედო...

- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?

- ორ დიდ ბიჭს და ქმარს ვუვლი. რაღაც შეკვეთებსაც ვაკეთებ, მაგრამ ეს ის მასშტაბი არაა, როგორც ადრე იყო. იმ ჩემი დიდი ბრენდის ერთი პროცენტიც რომ მქონდეს, დიდად კმაყოფილი ვიქნები, მაგრამ ასე მოხდა. რასაც მივაღწიე, ჩემით და დიდი შრომით. ტრაბახში არ ჩამითვალოთ და საუკეთესო ფირმების საკერავი მანქანები მქონდა, 30-მდე მკერავი მყავდა, მქარგავები, კონსტრუქტორები მუშაობდნენ. გარდა იმისა, რომ საკუთარ კოლექციაზე ვმუშაობდი, ფაბრიკებსაც ვაწვდიდი შეკვეთებს. მერე, როგორც გითხარით, დედის ამპლუა მეტად მოვირგე. შვილებს საქმეს ვერ შევწირავდი.

- დღეს რაზე ოცნებობთ?

- მარტივი ოცნება მაქვს, მაშინ სხვა ამბიციები მქონდა და მიზანს მივაღწიე. ახლა ძალიან მინდა, ჩემი სახელოსნო მქონდეს.

- ერთ ოჯახში ორი ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლია და მარინა ხორავა ხართ. არ არის რთული? ერთმანეთს რჩევას უზიარებთ?

- რა თქმა უნდა... გარდა იმისა, რომ ზვიადში თავიდანვე ერთგულება დავინახე და კიდევ სხვა თვისებებიც... მასში ის წარმატებული ადამიანი დავინახე, როგორიც დღეს არის... მასზე უფროსი ვარ და გამოცდილებაც მეტი მქონდა და გადავწყვიტე, გვერდში დავდგომოდი. ცხოვრება ასე დავიწყეთ... ასე რომ, ორ დიზაინერს ერთად არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ჩემს ქმარს 25 წელია, გვერდში ვუდგავარ... მე კი ვიცი, რომ ასეა, მაგრამ თვითონაც აქვს ნათქვამი - აზრს პირველად ჩემს ცოლს ვეკითხები, რადგანაც ვიცი, ვისაც ვეკითხები და ვიცი, რა პასუხსაც მივიღებ. მნიშვნელოვან რჩევას მომცემსო. კი, როგორც ცოლმა, სრულიად მწვანე ავუნთე, ყველანაირად ვუბიძგე, რომ ყველა მისი პროექტი ცოცხალი ყოფილიყო. საკუთარი სურვილები უკან დავაყენე და არც შვილების გაზრდით გადამიტვირთავს.

- დღეს ზვიად ციკოლია ძალიან პოპულარულია. ციკოლია ბრენდია და ეს თქვენთვის რას ნიშნავს?

- თანამებრძოლი ვარ და სიამაყის განცდა მეუფლება. კი, ოჯახის სიამაყეა, ოჯახის ბრენდია. ადამიანმა გვარი ბრენდად აქცია. ჩვენი ოჯახი ციკოლიების ოჯახია, ეს ჩემი შვილების გვარია... ყველაფერი კი ბრძოლის შედეგია ჩემთვისაც...

- რთული იყო?

- ძალიან. ხომ ხვდებით, საქართველოში ეს რას ნიშნავს? მარტომ გააკეთა ყველაფერი - რთულია ჯერ მარტო ბრძოლა და მერე საქართველოში... ზვიადმა გვერდში დგომა იმით გადამიხადა, რომ პირველ ქართულ საათს ცოლის სახელი დაარქვა. ეს ხომ ისტორიაა?! მანამდე ქართული საათი არ არსებობდა, შვეიცარიაში მზადდებოდა.

- მოკლედ, ქართული საათი საქართველოს ისტორიაში ცოლის სახელით დაფიქსირდა...

- კი და ეს მისი მხრიდან პატივისცემის გამოხატულებაა, ცოლი დააფასა. ამას ყველა კაცი არ გააკეთებს.

- თქვენ შორის ბევრისგან მსმენია, რომ გარეგნული მსგავსებაცაა...

- ეს ბევრს უთქვამს, - გვამსგავსებენ. შეიძლება, მე ასეთ მსგავსებას ვერ ვიჭერდე, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ და-ძმაც ვგონებივართ... თვისებებით, შინაგანად კი თითქმის არ ვგავართ, - ორი სხვადასხვა პოლუსია, მაგრამ ჩვენ შორის დათმობას უკავია დიდი ადგილი. საერთო ინტერესები ბევრი გვაქვს.

- შვილებმა პროფესიების არჩევაში მოგბაძეს?

- უმცროსი ივა ციკოლია 22 წლისაა, კარგი დიზაინერი. ბევრი რამით არის დაკავებული, - მხატვრობა, ფოტოგრაფია, მოკლემეტრაჟიანი ფილმი... ყველაფერს თავისით, ჩვენ გარეშე აკეთებს. თავისით განვითარდა. მიზანსწრაფულია. ზვიადიც მას რაღაცებს ანდობს... ბუბა ციკოლია 23 წლის არის, ისიც კარგად ხატავდა, მაგრამ თავი დაანება. უფრო ეზოთერიკა, რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია აინტერესებს. ცოტა სხვა ტიპია. სხვათა შორის, მანამდე რასაც ხატავდა, ისიც საოცრად ფილოსოფიური, ღრმა შინაარსის იყო და აბსტრაქტული. რომ ვეკითხებოდი, რას აკეთებ, არ ვიცი, თავისით „მეხატვინებაო“. ცოტა მედიცინაშიც შეიჭრა... შვილებს ხელს ყველანაირად ვუწყობდით და ვუწყობთ. ...თუმცა ოჯახს საკმაოდ რთულ პირობებში გვიწევდა ცხოვრება. ხომ ვამბობ, საქართველოში ძნელია ცხოვრება, რომ მარტომ, საკუთარ თავზე დაყრდნობით ამოქაჩო. ფუფუნებით არ გვიცხოვრია. ხან ჩემებთან, ხან ქირით ვიყავით. ძალიან ვწვალობდით. ისე ფრთაგაშლილები ვერ ვიყავით, როგორც უნდა ვყოფილიყავით. ბოლო ორი-სამი წელია, ცოტა ამოსუნთქვა დავიწყეთ.

- გარედან სხვანაირად ჩანს ყველაფერი...

- კი, ალბათ შორიდან ხალხს დედოფალი ვგონივარ. არადა, აგერ 2-ოთახიან ბინაში ვცხოვრობთ, რომელიც დედამთილმა დაგვიტოვა. ვისაც არ უნდა, ნუ დაიჯერებს, არასდროს არავის არაფერს ვუმტკიცებ. ჩემთვის მთავარია, რომ შვილები, ოჯახი კარგად მყავდეს. ოჯახი ჩემთვის რელიგიაა. ამის იქით ყველაფერი შემდეგი და დანარჩენია... მოკლედ, ამის მერე იმ კოლექციამ, რაც ჩაფიქრებული მაქვს, მზის სინათლე მინდა ნახოს. მგონი, ნელ-ნელა დავიწყე ჩემი თავისთვის ფიქრი.