ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსთან ერთად შემოდგომით სეზონური ვირუსებიც გააქტიურდება, მათ შორის, ე.წ. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც ხშირად ფილტვის ანთების გართულებას განაპირობებს.
როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, გრიპის ვირუსის გარდა, ქვეყანაში გააქტიურდება ადენოვირუსი და რინოვირუსიც.
მან სეზონური ვირუსების სიმპტომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ახასიათებთ საერთო სისუსტე, ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, დიარეა ან ღებინება. მისივე თქმით, ამ დროს ოქროს წესს წარმოადგენს სითხეებით დატვირთვა და სიმპტომური მკურნალობა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კვლავ არის მოსალოდნელი კორონავირუსის და სეზონური გრიპის თანხვედრა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი ოქტომბრიდან დაიწყება.
"ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ გვექნება კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების აღმავლობა, შემდეგ კი ამას სეზონური გრიპის ვირუსი დაერთვება. მოსალოდნელია კორონავირუსის და სეზონური გრიპის თანხვედრაც. ამასთან, პარალელურად უამრავი ვირუსია, რომელიც შემოდგომით მუდმივად ცირკულირებს, ეს არის სურდოს გამომწვევი რინოვირუსები, ენტეროვირუსები და ასე შემდეგ. როგორც სეზონური გრიპის ვირუსი, ასევე კორონავირუსი დიდ პრობლემად რჩება. საუკეთესო საშუალება არის ვაქცინაცია. ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებ გრიპზე ვაქცინაციის აუცილებლობას, რომელიც ოქტომბრიდან იწყება.
შემოდგომის პერიოდში აქტიურდება სეზონური გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსი, ე.წ. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც ბავშვებსა და ხანდაზმულ პაციენტებში ხშირად რთულდება ფილტვის ანთებით.
ამასთან, არსებობს დიაგნოსტიკის არაერთი შესაძლებლობა, რომლითაც შესაძლებელია ამ ვირუსების ერთმანეთისგან გარჩევა, თუმცა, როგორც წესი, ვირუსულ ინფექციებს ერთნაირი მიდგომა აქვს, ეს არის იზოლაცია, სითხეებით დატვირთვა და სიმპტომური მკურნალობა“,- აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.