ავტორი:

უინსტონ ჩერჩილიდან ლიზ ტრასამდე - 15 პრემიერი, ვისთან ერთადაც დედოფალი ელისაბედი ბრიტანეთს მართავდა (ეპოქალური ფოტოები)

უინსტონ ჩერჩილიდან ლიზ ტრასამდე - 15 პრემიერი, ვისთან ერთადაც დედოფალი ელისაბედი ბრიტანეთს მართავდა (ეპოქალური ფოტოები)

დიდი ბრიტანეთი დედოფალს ემშვიდობება. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მმართველი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დედოფალ ელისაბედს ავტომატურად ჩაანაცვლებს მისი ვაჟი, 73 წლის უელსის პრინცი ჩარლზი.

ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის სტატუსის მქონე მონარქია. ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა, კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მეთაური იყო.

  • 70 წლიანი მმართველობის განმავლობაში, დედოფალ ელისაბედ II-ს 15 პრემიერ-მინისტრი ემსახურებოდა.

მრავალი ურთიერთობა წარმოიშვა, უინსტონ ჩერჩილიდან "რკინის ლედ" მარგარეტ ტეტჩერამდე და ზოგიერთი მათგანი არც ისეთი მარტივი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მათი პოლიტიკური და პერსონალური საუბრები მკაცრად კონფიდენციალურია, მემუარები და ისტორიული ურთიერთობები საშუალებას გვაძლევს, თვალი შევავლოთ მათ ურთიერთობებს.

უინსტონ ჩერჩილი (1951-1955): როგორც ამბობდნენ, დედოფალი აღფრთოვანებული იყო მისი პირველი პრემიერ-მინისტრით, უინსტონ ჩერჩილით. ერთხელ, როდესაც ჰკითხეს, რომელ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სიამოვნებდა ყველაზე მეტად, მან უპასუხა: "რა თქმა უნდა, უინსტონი, რადგან ეს ყოველთვის სახალისოა".

ენტონი იდენი (1955-1957): მისი უდიდებულესობა ფიქრობდა, რომ ენტონი კარგი მსმენელი იყო და მათი ურთიერთობა კონსტიტუციურად მართებული იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც იდენის დროს მოხდა, იყო სუეცის კრიზისი. მას სჯეროდა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი იყო დედოფლის ინფორმირება, ამიტომ მას სუეცის ყველა დოკუმენტს უზიარებდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დედოფალს საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტები უჩვენეს.

ჰაროლდ მაკმილანი (1957-1963): თავდაპირველად დედოფალს მაკმილანთან გამკლავება გაუჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოლბა მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ელისაბედი ეყრდნობოდა მაკმილანის ბრძნულ რჩევებს ერთად მუშაობისასაც და მას შემდეგაც, რაც ის 1963 წელს პენსიაზე გავიდა.

ალეკ დუგლას ჰოუმი (1963-1964): იმის გამო, რომ დედოფალი ჰოუმს ბავშვობიდან იცნობდა და ახლო მეგობრები იყვნენ, მის უდიდებულესობას ბევრი შრომა დასჭირდა მასთან არაფორმალური ურთიერთობის ხელახლა ჩამოსაყალიბებლად. ყველაზე დრამატული მოვლენა დუგლასის პრემიერობის დროს ჯონ კენედის მკვლელობა იყო.

ჰაროლდ უილსონი (1964-1970, 1974-1976): ჰაროლდი, რომელიც საშუალო კლასის ფენიდან გამოვიდა, დედოფლის პირველი ლეიბორისტული პარტიის პრემიერ-მინისტრი გახდა. დედოფალი მოხიბლული იყო უილსონის არაფორმალური და უშუალო ხასიათით და პირველი შეხვედრის შემდეგ ის სასმელზეც კი დაპატიჟა, რაც იშვიათი მოვლენა იყო.

ედვარდ ჰიტი (1970-1974): ელისაბედის და ჰიტის ურთიერთობა რთული იყო, რადგან მათი შეხედულებები ძლიერ განსხვავდებოდა.

ჯეიმს კალაგანი (1976-1979): კალაგანისა და დედოფლის ურთიერთობა, როგორც თავად პრემიერი ამბობდა, იყო მეგობრული, მაგრამ არც ზედმეტად მეგობრული". კალაგანმა ისაუბრა BBC-სთან ინტერვიუში ერთ-ერთ შემთხვევაზე, როცა მან მის უდიდებულესობას გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით აზრი ჰკითხა, რადგან თვითონ უჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ამ დროს დედოფალს "თვალებში სინათლემ გაუელვა", შეხედა კალაგანს და უთხრა: "შენ ხომ ფულს ამაში გიხდიან".

მარგარეტ ტეტჩერი (1979-1990): მიუხედავად იმისა, რომ ტეტჩერი და დედოფალი ასაკით ყველაზე ახლოს იყვნენ, ტეტჩერი მათ შეხვედრებს მაინც ფორმალურ და პროფესიონალურ ხასიათს უნარჩუნებდა. "რკინის ლედის" დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მონარქთან ტრადიციულ ყოველკვირეულ შეხვედრებზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ის დიდ პატივს სცემდა ელისაბედ II-ს და საბოლოოდ მისი ყველაზე ხანგრძლივი პრემიერ-მინისტრიც გახდა.

ჯონ მეიჯორი (1990-1997): მეიჯორიც და დედოფალიც მხარს უჭერდნენ ერთმანეთს მისი პრემიერობის დროს. მათ ერთად გამოიარეს მრავალი კრიზისი - ეკონომიკური ვარდნა, ხანძარი უინძორის ციხესიმაგრეში და პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დაიანას ოჯახური პრობლემები.

ტონი ბლერი (1997-2007): ბლერმა დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა მონარქიასთან მოძველებულ ინსტიტუტად მიიჩნია და მისი მოდერნიზება სცადა. ამავდროულად დედოფალი კი ბლერისა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ურთიერთობას ზედმეტად მეგობრულად მიიჩნევდა.

გორდონ ბრაუნი (2007-2010): მიუხედავად იმისა, რომ ითვლება, რომ დედოფალსა და ბრაუნს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პრინცი უილიამის ქორწილში მის დასაპატიჟებლად.

დევიდ კამერონი (2010-2016): კამერონსა და დედოფალს შორის თბილი ურთიერთობა იყო. ის არა მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდაა დედოფლის პრემიერ-მინისტრებს შორის, არამედ ისინი ნათესავებიც იყვნენ.

ტერეზა მეი (2016-2019): კამერონის გადადგომის შემდეგ ტერეზა გახდა დიდი ბრიტანეთის მეორე ქალი პრემიერი. მის დედოფალთან ურთიერთობაზე ცოტა რამაა ცნობილი. სანამ მეი პრემიერი გახდებოდა, მან პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება "უდიდეს პატივად" დაასახელა.

ბორის ჯონსონი (2019-2022): ჯონსონი ყოველთვის აღწერდა თავს, როგორც მონარქისტს, რომელიც დედოფალს უმაღლესი პატივისცემით ეპყრობა. მიუხედავად ამისა, მას ელისაბედისთვის ორჯერ მოუწია ბოდიშის მოხდა - პარლამენტის უკანონო გადადებისა და გავრცელებული პანდემიისა და პრინცი ფილიპის გარდაცვალების დროს წვეულების შემდეგ.

ლიზ ტრასი: ლიზ ტრასი დედოფლისთვის რიგით მე-15 პრემიერ-მინისტრია. სამწუხაროდ, მათ ურთიერთობაზე საუბარი ძნელია იმის გათვალისწინებით, რომ მისი უდიდებულესობა ტრასის პრემიერად კურთხევიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

ნახეთ ასევე: