ავტორი:

ნაწლავური ინფექციებით ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის გამო, იაშვილის კლინიკაში საწოლები სრულად დატვირთულია: რას აცხადებენ ექიმები

ნაწლავური ინფექციებით ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის გამო,  იაშვილის კლინიკაში საწოლები სრულად დატვირთულია: რას აცხადებენ ექიმები

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში ენტეროვირუსით ინფიცირებული პაციენტების გაზრდილი მიმართვიანობის შედეგად საწოლები სრულად არის დატვირთული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ იაშვილის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების მედიცინის ექიმმა, თამარ ლიპარტელიანმა განუცხადა.

როგორც თამარ ლიპარტელიანი განმარტავს, ბოლო ორი კვირაა, რაც კლინიკაში ნაწლავური ინფექციებით ინფიცირებულების შემოდინებამ განსაკუთრებულად მოიმატა. ამასთან, დასძენს, რომ მისთვის უცნობია, რა ვითარებაა სხვა კლინიკებში, თუმცა ვარაუდობს, რომ იაშვილის მსგავსად, მომართვიანობა სხვა კლინიკებშიც გაზრდილია.

"ჩვენს კლინიკაში ნაწლავური ინფექციებით ინფიცირებულების მიმართვიანობა ნამდვილად მომატებულია. გაზრდილი მიმართვიანობის შედეგად კლინიკაში საწოლები ფაქტობრივად სრულად არის დატვირთული. ბოლო ორი კვირაა, რაც ნაწლავური ინფექციებით ინფიცირებულების შემოდინებამ განსაკუთრებულად მოიმატა. ამას გარკვეულწილად განაპირობებს ის ფაქტი, რომ ზღვიდან ბრუნდება ხალხი.

ზოგადად, სეზონურად ამ პერიოდში იყო ხოლმე ინფექცია, მაგრამ წელს უფრო მეტი შემთხვევაა. რაც შეეხება სხვა კლინიკებს, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, მგონია, რომ ყველგან არის მომატებული პაციენტების მიმართვიანობა. ჩვენთან შემოსულ პაციენტებს ვაკმაყოფილებთ, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პაციენტის მოთავსების შესაძლებლობა არ გვქონდა. ვისაც სჭირდება სტაციონარული მკურნალობა, ვმკურნალობთ, ამ კუთხით დეფიციტი არ არის, თუმცა კლინიკაში საწოლები ფაქტობრივად, სრულად არის დატვირთული.

აღსანიშნავია, ნაწლავური ინფექციის საშიშროებები, რომელიც უნდა ვიცოდეთ. ეს არის სითხის დეფიციტი, მივარდნილობა, ადინამიურობა, შარდის შემცირება, განავალში სისხლის არსებობა, ღებინება. ნაწლავური ინფექციისთვის ძირითადად დამახასიათებელია ღებინება, დიარეა, ცხელება, თავის და მუცლის ტკივილი და ზოგადი სისუსტე“, - აღნიშნავს თამარ ლიპარტელიანი.