30 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევას მომღერალი მამუკა ონაშვილი ემსხვერპლა. იგი ნატახტართან ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა. ავტომობილი, რომელშიც, ონაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა, გადაბრუნდა. საჭეს 22 წლის ბიჭი მართავდა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მამუკა ონაშვილის და, მაიკო ონაშვილი ძმის შესახებ საუბრობს და მის ტრაგიკულად დაღუპვას იხსენებს:
"დიდი სხვაობა არ იყო გარეთ და შინ მყოფ მამუკას შორის. იყო თბილი, მოსიყვარულე, უსაზღვროდ კეთილი ყველას მიმართ. ეს სიყვარული ახლა უფრო დავინახე, მგონი თვითონაც გაუკვირდებოდა. ადამიანი არ იყო, ვინც არ იტირა. მადლობა ყველას ამ სიყვარულისთვის, ეტყობა დაიმსახურა. თავად ძალიან თავმდაბალი იყო. არასოდეს გამოუყენებია თავისი სახელი.
ძალიან კარგი ადამიანი იყო, ბევრი რამ კიდევ არ ვიცოდით, რასაც გარეთ აკეთებდა. ბოლო დროს სულიერად ძალიან უჭირდა. გიჟდებოდა ისე უყვარდა თავისი საქმე და ამბობდა, სიმღერა მენატრებაო. პანდემიის დროს ყველა სახლში ჩავჯექით, თან ორჯერ კოვიდი გადაიტანა. შემდეგ კი დაიწყო გასვლა-გამოსვლა.
ჩვენ სულ ვმუშაობდით, 2011 წლიდან 2019 წლამდე საქართველოში არ ვიყავით, მე მასთან ერთად ვცხოვრობდი. მოვიარეთ სხვადასხვა ქვეყანა, შრომისმოყვარე იყო და ბოლოს დეპრესიამაც შეიპყრო. ამის მიზეზი იყო ის, რომ დაჯდა სახლში, მოეშვა.
ბოლო პერიოდში ჰქონდა რაღაც პატარა სამსახურები - ქორწილები, დაბადების დღეები და ასე შემდეგ. კარგი მეგობრები ჰყავდა. ახლა რომ ენახა ხალხის რეაქცია, რაც მოყვა მის გარდაცვალებას, დაირცხვენდა და იტყოდა, არ დამიმსახურებიაო.
რაც შეეხება ტრაგედიის დღეს, 4 მეგობარი წავიდა საჭმელად საღამოს. დაწვრილებით არც ვიცი, რა მოხდა. არ ვიცი რატომ გამოვიდნენ რესტორნიდან და რა მოხდა იქ. თავად საჭესთან არ იჯდა. ამოაყირავა იმ ბიჭმა მანქანა. მე სულ იმას ვეჩხუბებოდი ხოლმე, ღამე ნუ ჭამთქო და თურმე რით უნდა დაღუპულიყო. ალბათ, ეს იყო მისი ბედი... ავარიის შესახებ მეორე დღეს გავიგე, ბოლო წუთამდე საღ გონებაზე იყო და კატეგორიულად გააფრთხილა მეგობრები, რომ დედაჩემს და მაიას არ უთხრათო" - განაცხადა მომღერლის დამ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში.