ავტორი:

"იქნებ ბატონი მდინარაძე თავისი "გუჩის“ ფეხსაცმლით ერთხელ მაინც ჩამოსულიყო წალენჯიხაში და ენახა როგორ სძინავთ ბაღებში ბავშვებს იატაკზე" - ანი წითლიძე

"იქნებ ბატონი მდინარაძე თავისი "გუჩის“ ფეხსაცმლით ერთხელ მაინც ჩამოსულიყო წალენჯიხაში და  ენახა როგორ სძინავთ ბაღებში ბავშვებს იატაკზე" - ანი წითლიძე

მინდა მივმართო ბატონ მამუკა მდინარაძეს, რომელმაც წალენჯიხასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი - იქნებ იმ თავისი "გუჩის“ ფეხსაცმლით ერთხელ მაინც ჩამოსულიყო წალენჯიხაში და სანამ კომენტარს გააკეთებდა ენახა როგორ სძინავთ წალენჯიხის ბაღებში ბავშვებს იატაკზე, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მან უმრავლესობის დეპუტატებს კითხვებით მიმართა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

"კიდევ ერთი ძალიან დიდი სიბინძურე იკადრა ბატონმა კობახიძემ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, მაგრამ ბატონი კობახიძის ცხოვრების კრედო ბოღმა და სიძულვილია, ამიტომაც არ მიკვირს. ამიტომ ცალსახად აღვნიშნავ, რომ ხვიჩა კვარაცხელია არის სამეგრელოს და სრულიად საქართველოს საამაყო შვილი და ჩვენ ყველა ვამაყობთ მისი წარმატებით. მე დღეს მინდა ვისაუბრო საქართველოს მოქალაქეების პრობლემებზე, რომელიც დღითიდღე კიდევ უფრო მძიმდება. სანამ თქვენ ამ ორი თვის განმავლობაში "დემოკრატიობანას“ თამაშობდით ოთხეულის გასვლით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმით, ვითომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებით, რეალურად კი არაფრის შემსრულებლები არ ხართ და ამ ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევთ, თუმცა, თქვენ, თქვენს ოჯახებთან ერთად ხან ნიუ-იორკში ისვენებთ ბიუჯეტიდან მოპარული თანხებით, ხან - ნიცაში, საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნიდან გარბიან! არასოდეს, ყველაზე ბნელ 90-იან წლებშიც კი ასეთი უიმედობა, როგორიც მე სამეგრელოში დამხვდა, არ მინახავს არასოდეს. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს რაც სამეგრელოში დგას არის თხილის ფასი . რატომ არის თხილის ფასი 4 ლარი, როცა ბიძინას "კარფურში“ 12 ლარი ღირს? მსოფლიო ბაზრის ფასსა და ადგილობრივ ფასს შორის განსხვავება მთელი 8 ლარია. 50 ათასი ტონა თხილი გადის მსოფლიო ბაზარზე და ვის ჯიბეში მიდის დაახლოებით 400 მილიონი ლარი, რომელიც გლეხს უნდა მოხმარდეს?“ - განაცხადა წითლიძემ.

დეპუტატმა ასევე კითხვით მიმართა პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და დაინტერესდა: "სად არის ბიძინა ივანიშვილის დაპირებული "პარაგრაფი“, რომელიც განმუხურში უნდა აშენებულიყო? ასევე რატომ არის ჭაობი იმ ადგილზე, სადაც ბოტანიკურ ბაღს გვპირდებოდა?“

"როგორ მოხდა, რომ განმუხურის მიწები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, გასხვისებულია კერძო მესაკუთრეებზე და მისი მფლობელები არიან "ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები?! ბოლოს მინდა მივმართო ბატონ მამუკა მდინარაძეს, რომელმაც წალენჯიხასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი - იქნებ იმ თავისი "გუჩის“ ფეხსაცმლით ერთხელ მაინც ჩამოსულიყო წალენჯიხაში და ვიდრე კომენტარს გააკეთებდა ენახა როგორ სძინავთ წალენჯიხის ბაღებში ბავშვებს იატაკზე, ენახა ნაკიფუს მოსახლეობა და გაეცა პასუხი - როგორ დაიხარჯა და როგორ შეჭამეს "ქართული ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა 200 ათას ლარზე მეტი, რომელიც ჭაბურღილს უნდა მოხმარებოდა? ეს არის იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალი, რომელიც ჩემ რეგიონს და მთელ ქვეყანას მოუტანეს და რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს მას შემდეგ, რაც თქვენ ამ ქვეყნის ხელისუფლება აღარ იქნებით“, - განაცხადა წითლიძემ.