ავტორი:

"ოპონენტებმა სპორტშიც მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა... ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასდროს გახდებიან" - კობახიძე

"ოპონენტებმა სპორტშიც მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა... ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასდროს გახდებიან" - კობახიძე

სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა სპორტშიც კი მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა. აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება ნებისმიერ სხვა სფეროში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები არიან პოლარიზებული საკუთარ სამშობლოსთან, ეკლესიასთან, ხალხთან და სპორტსმენებთან, შესაბამისად, "უბრალოდ წარმოუდგენელია რამ შეიძლება ეს უსამშობლო და უღმერთო ადამიანები აიძულოს უარი თქვან რადიკალიზმზე“.

"სპორტის თემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა აქაც კი მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა. აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება ნებისმიერ სხვა სფეროში. ხვიჩა კვარაცხელიასაც კი დაუპირისპირდნენ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი არამხოლოდ იტალიაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ძალიან ღირსეულად. "ნაციონალებმა“ სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ ყველაზე წარმატებულ სპორტსმენებს არ დაპირისპირებოდნენ, ყველას გვახსოვს თავდასხმები ლაშა ტალახაძეზე, რომელმაც 2 ოლიმპიადა მოიგო და განსაკუთრებული სიამაყის საგანია. გვახსოვს სამარცხვინო კამპანია თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ. ამ ყველაფრის კულმინაცია იყო ხვიჩა კვარაცხელიაზე თავდასხმა "ნაციონალების“ ცნობილი სახეების შესრულებით. ყველას გვესმის, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასდროს გახდებიან და მათი ნებისმიერი მცდელობა ჩრდილი მიაყენონ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებებს წარუმატებლობისთვის არის განწირული. ამ ადამიანების ერთობლიობას, რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს.

ეს ადამიანები არიან პოლარიზებული არა ჩვენთან, არამედ საკუთარ სამშობლობასთან, ეკლესიასთან, ხალხთან და სპორტსმენებთან, ყველაფერ წმინდასთან რაც ჩვენს ქვეყანას უკავშირდება ან განასახიერებს. ასეთ პირობებში, რამ შეიძლება ეს უსამშობლო და უღმერთო ადამიანები აიძულოს უარი თქვან რადიკალიზმზე უბრალოდ წარმოუდგენელია. თქვენ რომ საქართველოს სამსახურში არ დგახართ და მისი სიყვარული არ გამოძრავებთ, ეს ცხადზე უცხადესია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ქართველ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს იმ ემოციური დღეებისთვის, რომელიც გვაჩუქეს და იყო ძალიან წარმატებული ქართული სპორტისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო წყალბურთელებს, რომლებმაც მიაღწიეს ისტორიულ შედეგს - გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში, 8 საუკეთესო გუნდს შორის, რაც მართლა ისტორიული შედეგია. კალათბურთელებს ძალიან დიდი მადლობა თურქეთის ნაკრებთან ღირსეული გამარჯვებისთვის. ლაშა ბექაურს მადლობა ოლიმპიადის შემდეგ ოფიციალურ ტურნირებზე წარმატებული დაბრუნებისთვის და პირველი ღირსეული გამარჯვებისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ნიჩბოსან ალექსანდრე წივწივაძეს, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი, რაც არის ძალიან დიდი წარმატება. ბოლოს, მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც წარმოუდგენელ სიხარულს და სიამაყის გრძნობას გვანიჭებს თითოეულ გულშემატკივარს. მინდა წარმატებები ვუსურვო კალათბურთელებს და წყალბურთელებს მომდევნო თამაშებში, ხვიჩა კვარაცხელიას კი ჩემპიონთა ლიგის დებიუტში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.