ავტორი:

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა

ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად დასახელდა ლიზ ტრასი. საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი მოწინააღმდეგე, რიში სუნაკი 20 000 ხმით დაამარცხა.

47 წლის ტრასმა 5 სექტემბერს გაიმარჯვა მმართველი კონსერვატიული პარტიის კენჭისყრაში. ამომრჩეველთა აქტივობამ 82.6% შეადგინა. ჯამში კი 172 437 მოქალაქემ მისცა ხმა. ლიზ ტრასმა 81 326, ხოლო ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კი 60 399 ხმა მიიღო. ტრასი, რომელიც ჯონსონის ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, იქნება ბრიტანეთის მესამე ქალი პრემიერი - ტერეზა მეისა და მარგარეტ თეტჩერის შემდეგ.

ლიზ ტრასის თქმით, მისთვის პატივია "კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად არჩევა. მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს. მან ასევე ახსენა ბორის ჯონსონიც.

"ჩემი მეგობარი, ბორის ჯონსონი. ბორის, თქვენ დაასრულეთ ბრექსიტი. თქვენ გაანადგურეთ ჯერემი კორბინი, თქვენ შექმენით ვაქცინა და თქვენ წახვედით ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. თქვენ პატივს გცემენ კიევიდან კარლაილამდე. მეგობრებო და კოლეგებო, გმადლობთ ნდობისთვის, რომ გავუძღვები "კონსერვატიულ პარტიას", უდიდეს პოლიტიკურ პარტიას დედამიწაზე", - განაცხადა ლიზ ტრასმა.

ის ხვალ ბალმორალში, შოტლანდიაში დედოფალთან შესახვედრად გაემგზავრება და პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნება.