სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სვეტიცხოველში გალობა რუსულ ენაზე ისმის, რასაც ჩვენში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, შექმნილ აჟიოტაჟს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
"თავიდანვე უნდა აღმენიშნა, რომ სვეტიცხოველში სლავურ ენაზე წირვა არ აღსრულებულა, არამედ ქართულ მსახურებას დაესწრნენ სტუმრები და მათ ნება დართეს რამდენიმე ლოცვა (კვერექსი) მშობლიურ ენაზე ეთქვათ. სვეტოცხოველში სლავურად მსახურებაზე პირველად რომ ატყდა განგაში და ეკლესიის დადანაშაულების ტალღა ააგორეს, აღმოჩნდა რომ უკრაინელები მდგარან ლოცვაზე, როგორც თანამსახურნი და უკრაინელებს ქართულად ხომ არ აიძულებ ლოცვას და ჩაწყნარდა ეს საკითხი. სლავურ ლოცვაზე კიდევ სცადეს სკანდალის აგორება და ამჯერად ბულგარელი სასულიერო პირები აღმოჩნდნენ. ვერც ბულგარელებს აიძულებ ქართულად ლოცვას. შეიძლება ზუსტად არ ვამბობ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ძირითადად ისეთი ხალხი შფოთავს სლავურ ენაზე კვერექსის მოსმენისას, ქართულ წირვასაც რომ არ ესწრება. ისე გამოდის რომ ჩვენ ძირითადად ქართულ წირვას ვისმენთ და ისინი კი სლავურს".