ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ტატამზე ტრიუმფით დაბრუნდა.
ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ოქროს მედალი დაიმსახურა ასევე ვლადიმერ ახალკაცმა.
ლაშა ბექაურმა ტურნირის მსვლელობისას ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე იპონით მოიგო. ის ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ტრავმას მკურნალობდა და მას მერე ტურნირზე პირველად გავიდა.
რაც შეეხება ვლადიმერ ახალკაცს, მისი მეტოქე ფინალში ფრანგი ნიკოლა შილარი იყო, რომელსაც ვაზარით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.