"ხალხი ახლა უკრაინაზეა ფოკუსირებული, მაგრამ რუსეთის იმპერიალისტური ომები მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა. ეს იყო აქ, საქართველოში, 2008 წელს", - ამის შესახებ სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან მყოფმა ამერიკელ დიპლომატმა, უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განაცხადა.
"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აქ მოსვლა და ხალხისთვის იმის შეხსენება, რომ ეს ჯერ კიდევ გრძელდება. 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ, ეს ჯერ კიდევ გრძელდება. ბორდერიზაცია გრძელდება”, - აღნიშნა ვოლკერმა.
"ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ რუსეთი ჯერ კიდევ აქ არის” ,- დასძინა ამერიკელმა დიპლომატმა ოძისში ყოფნისას.
ვოლკერმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ნომერ პირველი საკითხი, რომელზეც ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით ყურადღება გაამახვილა, არის პოლარიზაცია.
"ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ერთად უნდა იმუშაონ. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლება და ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის გასაკეთებელი საქმე. ყველამ უნდა იმუშაოს ეროვნული მიზნის მისაღწევად და ეროვნული მიზანი უნდა იყოს საქართველოს გაწევრიანება რაც შეიძლება სწრაფად ევროკავშირში და ნატოში” ,- განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, ევროპაში არ არსებობს დემოკრატიის გარანტია, არ არსებობს უსაფრთხოება და კეთილდღეობა, თუ არ ხარ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა.
"ევროკავშირსა და ნატოში წევრობა არის ის, რაც ადამიანებს უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს. ეს უფრო მაღალი მიზანია მთელი ქვეყნისთვის. არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია. ყველამ უნდა იმუშაოს ერთი და იგივე მიზნის მისაღწევად”, - დასძინა ვოლკერმა.
თურქულ იმპერიალიზმზე რას იტყვით
საერთოდ არ მჯერა ამ ჩამოსული ხალხის გულწრელობის.