ავტორი:

"აბსურდია იმის თქმა, რომ აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩართვა, საქართველოს უკვე ჰქონდა ომი და კიდევ ერთი ომი არ სჭირდება" - დევიდ კრამერი

"აბსურდია იმის თქმა, რომ აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩართვა, საქართველოს უკვე ჰქონდა ომი და კიდევ ერთი ომი არ სჭირდება" - დევიდ კრამერი

"რუსული პროპაგანდა ცდილობს შეერთებული შტატები და ევროპა დაადანაშაულოს. რა თქმა უნდა, აბსურდია იმის თქმა, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოს ომში ჩართვა. საქართველოს უკვე ჰქონდა ომი, მას კიდევ ერთი ომი არ სჭირდება", - ამის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის "დიდება უკრაინას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან განაცხადა.

"ვფიქრობ, ჩვენ ვნახეთ ქართველი ხალხის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული სოლიდარობა. ჩვენ ვნახეთ ათასობით ქართველი უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული. ვფიქრობ, იყო გარკვეული შეშფოთება მთავრობის დონეზე, მაგრამ აბსოლუტურად სასაცილოა ვინმესთვის იმის მტკიცება, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოს ომში ჩათრევა სურს. ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს“, - დასძინა კრამერმა.

ამასთან, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა აღნიშნა, რომ დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის რეკომენდაციებში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა. მანვე დასძინა, რომ წარსულშიც გამოხატა თავისი შეხედულებები ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე და რომ მისი შეხედულებები არ შეცვლილა. კრამერი ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაცია არის საკითხი, რომელსაც სერიოზულად უნდა მოეკიდონ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ "სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ დავინახავთ, რომ საქართველო მიუახლოვდება კანდიდატის სტატუსს და შემდეგ, იმედია, ევროკავშირის წევრობას“.

"ვფიქრობ, რომ საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მათგანი არ არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიმართ. ასე რომ, ქვეყანა, ვფიქრობ, სწორ ადგილას არის. ვფიქრობ, არის ნაბიჯები, რაც მთავრობამ უნდა გადადგას. იმედი მაქვს, ისინი გადადგამენ ნაბიჯებს, რათა საქართველომ გააგრძელოს ეს გზა ატლანტიკური ინსტიტუტებისკენ. იმედი მაქვს, ევროკავშირის პოზიცია არის გამოღვიძების ზარი იმის შესახებ, რაც აქ უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, ევროკავშირის გეგმის ყოველი ნაბიჯი მნიშვნელოვანია. ეს არ არის მენიუ, რომ ამოარჩიო. ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულ უნდა იქნას“, - განაცხადა კრამერმა.