საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვეტიცხოველში ლიტურგიის რუსულ ენაზე შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს.
"დღეს კიდევ ერთი მცდელობა იყო სკანდალის ძებნისა საეკლესიო წიაღში, ამჯერად "მთავარი არხისგან“, "რომ სვეტიცხოველში რუსული ლოცვა ისმოდა". განვმარტავ კიდევ ერთხელ: ძველ სლავურ ენაზე საეკლესიო მსახურებას აღავლენენ: რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ჩეხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის ეკლესიებში. დღეს კი მომლოცველები არიან ჩამოსული ბელორუსიიდან, რომელთაც ახლავთ ბულგარელი მღვდელი და დიაკონი, მონაწილეობას იღებენ ლოცვაში, ხვალ კი მონაწილეობას მიიღებენ ლიტურგიაში. საეკლესიო ტრადიციით ეკლესიაში მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ საკუთარ ენაზე წარმოთქვან ერთი ან რამდენიმე ლოცვა“, - წერს დეკანოზი „ფეისბუქში“.