ავტორი:

რას ამბობენ კულტურის სამინისტროში თბილისში გალკინისა და მაკარევიჩის კონცერტების გაუქმებასთან დაკავშირებით - უწყების განცხადება

რას ამბობენ კულტურის სამინისტროში თბილისში გალკინისა და მაკარევიჩის კონცერტების გაუქმებასთან დაკავშირებით - უწყების განცხადება

თბილისში მაქსიმ გალკინისა და ანდრეი მაკარევიჩის კონცერტების გაუქმებასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

"კულტურის სამინისტროს განცხადება მაქსიმ გალკინისა და ანდრეი მაკარევიჩის კონცერტებთან დაკავშირებით:

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ზემოხსენებულ ხელოვანებს უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე.საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, ვინაიდან ძველი სპორტის სასახლე არ გახლავთ კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, იგი კერძო საკუთრებაა უკვე მრავალი წელია.

შესაბამისად, კერძო კომპანიის ქონებაში კონცერტის ჩატარების საკითხი ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას.რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს ევრობასკეტს. ზემოხსენებული კონცერტების ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ.

აქვე შევახსენებთ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ ტელევიზიებს, რომ ახალი სპორტის სასახლე უკრაინისადმი მიძღვნილი გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა.

შესაბამისად, ფუჭია ყოველგვარი მცდელობა კულტურის სამინისტროს გარშემო სკანდალის მოწყობისა და მოცემული სათუთი თემით მანიპულირების მიზნით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ბილეთების ონლაინ გაყიდვის ვებ-გვერდმა biletebi.ge-მ ღია წერილით მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. როგორც მათი განცხადებიდან ირკვევა, ორგანიზატორებს სპორტის სასახლემ უარი უთხრა მაკარევიჩისა და გალკინის კონცერტების გამართვაზე.

მათივე მტკიცებით, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით, რადგან ერთიც და მეორეც მხარს უჭერს უკრაინას. გაეცანით Biletebi.ge-ს განცხადებას სრულად.