22 წელია მარტოკაცი - ვახო პაპა ერთი სოფლის იმედი და მაცოცხლებელია. ჩემი წინაპარი აქ მავიდა და ჩემით წყდება ამ სოფლის სიცოცხლეო, - გულისტკივილით ამბობს. მთის ფერდობზე შეფენილი მიტოვებული, ჭაჭის ქვით ნაშენები სახლები ლამის ნასახლარებად იქცეს. უხსოვარი დროიდან, სნოს ხეობაში მდებარე სოფელ ქოსელში მხოლოდ ერთი გვარის - ფიცხელაურების ოჯახები, როგორც ამბობენ, "ერთი პაპაის შვილები“ ცხოვრობდნენ. ხევის ამ ულამაზეს სოფელში ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა, დღეს კი მას ერთი კაცით უდგას სული და აქვს იმედი იმისა, რომ გადარჩეს და გაგრძელდეს მისი ისტორია.
"ეს არის ჩემი ნავთსაყუდელი, სხვაგან ვერსად ვიცხოვრებ, ვერსად წავალ ამის იქით. ჩემმა დამ თბილისში იყიდა სახლი, მარტო ერთხელ ჩაველ, ვერ გავჩერდი, ვერც ერთი წუთი ვერ დავიძინე, ვერ გავძელ. დაიძრებოდა ეს ლიფტი, ვიღაც კარს მაახათქუნებდა, ვიღაც დაილაპარაკებდა, ვიღაც იქეიფებდა და ახმაურდებოდა... ვუთხარ, არა, ჩემო დაო, ამ საპატიმროში ვერ გავჩერდები, აქ ცხოვრება როგორ შაიძლება-მეთქი და წამოველ, აქ, ჩემს სოფელჩი მინდა სიცოცხლე“, - მეუბნება ვახტანგ ფიცხელაური და მის თავგადასავალს გვიყვება:
- ქოსელში დავიბადე, 16 წელი გავატარე, მერე ზემო ლარსში ვცხოვრობდი, მაშინ ის საქართველო იყო... მერე იქიდან ვლადიკავკაზში გადაველ და 60 წლისა ვიყავ, ისევ ქოსელთაში (მოხეურად ქოსელთა ჰქვიან) რომ დავბრუნდი. 22 წელია აქ ვარ, მარტო კაცი ვარ სოფელჩი. როცა მოვედი, ჩემი ბიძაშვილი და რძალი დამხვდა, ჩემი ძმაც აქ იყო, ორივე დემეხოცა. ახლა 82 წლის ვარ და მარტო ვცხოვრობ. რაი იქნება და რით დავამთავრებ, არც ეგ ვიცი. ვთიბავ, თხები მყავ, ჩემი თავის ყარაული და მცველი თვითონ ვარ. შაიძლება ახლა რომ ვლაპარაკობ, რამე გამამრჩეს, საღამოს გამახსენდეს და ვთქვა, ეს რაი ვთქვი-მეთქი, თვითონ ვიცი, მე რაი დავაშავე, ჩემი თავის მსაჯი თვითონ ვარ. ვერავინ გამლანძღავს და დამსჯის ისე, როგორც მე ჩემ თავს. მარტო თხები მყავს, კარტოხაი (მოხეურად: კარტოფილი - ნ.ფ.) დავთესა, მეტი არაფერი მაქვს. პროდუქტებზე ყაზბეგჩი ჩავდივარ, სამარშრუტო ტაქსით, დღეში 3-ჯერ არის მარშრუტკაი, ვისაც უნდა, წავა და მოვა...
ამ ადგილებში მარტო ფიცხელაურები ცხოვრობდნენ, ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო. დაახლოებით 40 წლის წინ სოფელჩი 32 კომლი ცხოვრობდა. ყველა ნასახლარს თავისი პატრონი ჰყავს, მარა არავინ აკითხავს... ჩემს პენსიას არ ვხარჯავ, დავაგროვებ და ჩემს ძმიშვილს, გიორგის მივცემ. ზამთარ-ზაფხულ აქ ვარ, გვერდზე, სახლის ნახევარი ჩემი ბიძაშვილისაა, ესეც დაიკეტა... ეს სახლი პაპასი იყო სამად გაყოფილი. პაპას 10 შვილი ჰყავდა, ახლა ყველა მიმობნეულია. ფიცხელაურები ერთი პაპაის შვილები ვართ სულა - აქ ვახთანგეთი, ედიეთი და მეწიეთი ცხოვრობდა. მე მეწიეთი ვარ, პაპაის დედას მეწიე ერქვა, ქვრივმა დაზარდა შვილები, მერე ესენი ქვემო ლარსს გადასახლდნენ, იქ პირველი მოსახლე პაპას ძმა იყო - ვახტანგი. აქ პირველი ვინ დასახლდა, არც ვინ იცის. ლერმონტოვი წაკითხული გაქვს? თავის "კავკასიაში“ და კავკასიის თემაზე დაწერილ თხზულებებჩი ყველაფერი კარგად აქვს აღწერილი - ვლადიკავკაზის და ლარსის ციხესიმაგრე, მერე დარიალას თამარის ციხეც. დარიალას იყავით? ნახეთ, რა სილამაზეა?
ზამთარჩი გაზით ვთბები, 7 თვეი - 15 ოქტომბრიდან 15 მაისამდე გაზი მთაჩი უფასოა.
გული მტკივა, მტკივა რომელია?! როცა ვუყურებ, რომ სოფელი ინგრევა და ნასოფლარი რჩება, რა ხასიათზე ვიქნები, როგორ არ მეტკინოს? მე ის მანერვიულებს, რომ რაიც დღეს არის, ხვალ იმაზე უარესი იქნება...
სოფელჩი რომ შამოხველ, ხომ დაინახე, შაღობილ (ჭიშკარი გავუკეთე), ეგ უნდა ავიღა შემოდგომას, ზვავმა რომ არ წაიღას. შარშასწინა წამიღას, ახალი გავაკეთე. სოფელჩი არა, ზევიდან წამასული ზოვი იყო, აგერაი, ჩამოდის და წყლამდე გადის. ეს რამდენიმე წელია, ტურაი ჩვენთან საერთოდ არ არის, მარტო მგელია.
ეს ლამაზი თხა თაკოა, ჩემი ნებიერაი. სულ შვიდი სული მყავ. წლეულს 4 დამიყარა ჩემმა თხამ. რძეს თიკნები სომენ, მე როგორ დავულევ... ძაღლი არ მყავს, ესენი არიან ჩემი მეგობრები. მაგათი ხორცის ჭამა შამიძლია, მაგრამ არა ვჭამ. იანვარჩი დავკალ ერთი თიკანი, საახალწლოდ გიორგისთვის რომ გემეგზავნა, მეზობელს დავუძახე სხვა სოფლიდან, დაკალ და არ დამანახო-მეთქი და მევეცალე, ჩემს გაზრდილს თავს როგორ მავაჭრი?
ეს არის ჩემი სამშობლო, აქ წინაპრების სულები მიმოდიან, სხვაგან ვერსად ვიცხოვრებ, ამის იქით ვერსად წავალ. ჩემმა დამ თბილისში იყიდა სახლი, მარტო ერთხელ ჩაველ, ვერ გავჩერდი, ვერც ერთი წუთი ვერ დავიძინე... ვუთხარ, არა, ჩემო დაო, აქ ვერ გავჩერდები ამ საპატიმროში, აქ ცხოვრება როგორ შაიძლება-მეთქი და წამოველ, აქ მინდა სიცოცხლე.
ეს დასახლება დაახლოებით 2-3 საუკუნისაა. ბარად ხალხს გაუჭირდა იმიტომ, რომ სულ ყველგან შემოსევა და დაპყრობა იყო, ჰოდა, თავის გადარჩენისთვის წამოვიდნენ და აქ მააღწიეს. ის კრამიტიანი სახლი რომ მოსჩანს, იქიდან გამოვიდა პაპაჩემი - ედიე, ერთი დიდი ოჯახი იყო, ახლა ორივე სართული მიწაჩია. პირველი აქ ვინ დასახლდა, არც ვინ არ იცის.
ეს სახლები ჭაჭის ქვითაა აშენებული, ამას რომ ქარი და სისველე სცემს, ნება-ნება დაიწია, საძირე არაა, კლდეა. მაგ კლდეზე, ქოით რომ არის, მიწაც ურევია და ზამთარჩი რო სველდება, აიწევს, გაიყინება, გაზაფხულზე დაიწევს და ამასობაჩი კედლები დაიხარა, რო არც რა ურევია, იმას მშრალ კედელს ვუძახით. ადრე კედელს გულს უტენიდეს მიწითა, რომ ჰაერი არ გასულიყო და სითბო ჰქონოდა, სად იყო ადრე კირი? როგორ მენანება, თანდათან რომ ინგრევა, ვერც ვერას ვშველი...
ბირჟაი რომ ჰქვიან, 2-3 კაცი რომ შაიკრიბება, ამას ჩვენ ერობას ვეძახით. სოფლის კაცები საღამოს, ან კვირა დღეს რომ შაიკრიბებოდნენ, 10-20 კაცი, ათას რამეზე საუბრობდნენ. 70 წლის უკან, 12 წლისა ვიქნებოდი. დღეს კი გამქრალია, მაგრამ მაშინ იმდენად ზღვარ იყო დადებული მოხუცსა და ახალგაზრდას შორის, ახლოს რომ მივსულიყავ და დავმდგარიყავ, მამაჩემი თოლებით მანიშნებდა, შენი ადგილი აქ არ არისო. იმათ თავისი საუბარი ჰქონდათ, შაიძლება გინებაც ყოფილიყო, ხუმრობაც, რაც ბავშვს არ უნდა გაეგო, ამიტომ პატარების ბირჟაზე, ერობაჩი ყოფნა აკრძალული იყო. 12-14 წლისა ვიქნებოდი, შორ ვიდექ, გავიგონე, მამა ამბობდა, მე ის მედარდება, ვინც ბოლოს დარჩება და აემას დაინახავს, ჩემი სოფელი რომ სხვებს დარჩება, ჩემ სოფელს ისენი (ხელს წინა სოფლისკენ იშვერს) დაეპატრონებიანო. თურმე ის ბოლო მე ვიყავ... ეს ნათქომი ხშირად მახსენდება, გონებაში ჩამრჩა და ტირილი მინდება ხოლმე... იმათი საქონელი დადის აქა და ისინი მინგრევენ მიპარტახებენ აქაობას, ალბათ ამბობენ, აღარ გადიხრჩვება, აღარ მეეშვება აქაურობას, ჩვენ რომ დაგვრჩეს ეს მთა და საძოვრები და აქაურობაო.
აქ ყველას თავისი სათიბი აქვს, წელს, მგონი, გამიჭირდება მთლიანად მოთიბვა, დღეს პირველი დღეა გავთიბე და აღარ ვარ. დამრეცია, ფერდობი, მაგრა ჩემთვის საშიში არაა, იოლია.
გათენდება თუ არა, ფიქრი და დარდი ტრიალებს თავჩი, 4 საათზე უკვე ზეზე ვარ, რომ გავიღვიძებ და არ ავდგე, ვერ დავისვენებ, ძილი მაინც არა მაქვს. 6 საათზე ათწუთიანი ლოცვა, მერე თხებს უნდა გამაშვება, პატრონობა. შარშასწინა, ზედ "კრიშაზე“ შამიჭამა მგელმა თხა, ვერ შავიყვანე შინა, გემექცნენ, დამიღამდა. ღამით ვერ ხედავს საქონელი და 9 საათი იყო, სახურავზე ბრახაბრუხი დაიწყო, ავდექ, ავიღე ფანარი, ვითომ ჩამოვყარე ქოითა. დილაზე ოთხი გამოვყარე და მამალი თიკანი აკლია, მოვიარე სოფელი, არსად იყო, გორზე გავიარე და ვიღაცამ მითხრა, თიკანი შენ ძირ კლდეჩი დგასო. ჭალაზე გადვიხედე და ნახევარი თხა გდია, ძაღლებია გამოსული და ჰყარაულობენ. მგლის ოინები იყო ეს, ყელჩი იყო დაჭერილი...
მარჯვენა თვალი აღარ მივარგა, პრობლემები მაქვს და სათვალეს არ ვიხსნი, რადღა მინდა ექიმი, ორი პარასკევიღა მაქვს, 9 ოქტომბერს 82-ის შავსრულდები.
მაპატიეთ, აღარ ვვარგივარ, სახლჩი ვერ დაგპატიჟეთ. ხინკალ რომ მავუდგე, დამათენდება.
ჩემი წინაპარი აქ მავიდა და ჩემით წყდება ამ სოფლის სიცოცხლე. ღმერთი მწამ და ის მარჩენს. არ შაიძლება ადამიანი ღმერთის გარეშე გაჩენილიყო, ამ ტვინსა კიდე, ვერც ერთი კომპიუტერი ვერ ჯობნის - რაც თავში წერია, არ წაიშლების. რამდენი რაიღაცაა, 20-30 წლის ამბავი უცებ გაიღვიძებს თავჩი, რომელი კომპიუტერი ჯობნის ამას, გამორიცხულია! ბევრი რაიღაცაა სახარებაში ის, რაიც ადამიანს სჭირდება, ოღონდ, ბევრი მაგონილია, უბრალოდ, დააბრალეს ღმერთსა და დღესაც ბევრს ვაბრალებთ.
ყველაზე დიდი შეცდომა და ყველაზე დიდი ცოდვა ისაა, ღმერთს რომ ავალებ ვინმეს განადგურებას. ღმერთი კილერი არაა, არავის სჯის. არც მე და არც სხვა არაა უცოდველი, მაგრამ ეგეთის თქმა და გაფიქრებაც - ღმერთს ვინმეს განადგურება დაავალა, არ შეიძლება, პირიქით ხდება და ბუმერანგივით დაგიბრუნდება. კომუნისტების დროს წერილი რომ დაგეწერა და მისამართი არ მიგეწერა, ან არასწორად დაგეწერა, უკან მოდიოდა. ზუსტად ესაა ჩემთვის წყევლა - თუ მისამართი სწორია, მივა, თუ არასწორია, იმ წერილივით უკან დაბრუნდება. კარგ დავტოვოთ ამქვეყნად და კარგ წავიღათ იმქვეყნად!