ბესლანში (ჩრდილოეთ ოსეთი) მომხდარი ტერაქტიდან 18 წელი გავიდა. იმ დღეს სკოლებში სწავლა დაიწყო, მათ შორის ბესლანის #1 საჯარო სკოლაშიც, სადაც მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლები, ახლობლები იმყოფებოდნენ და სწავლის დაწყებას საზეიმოდ აღნიშნავდნენ. მოულოდნელად სკოლის შენობას რამდენიმე მანქანა მიუახლოვდა. მალევე ნიღბიანმა შეიარაღებულმა მამაკაცებმა და ქალებმა (ოფიციალური ინფორმაციით, 2 ქალი იყო), რომლებსაც შაჰიდის ქამრები ეკეთათ, ცეცხლი გახსნეს. დაახლოებით 50-მდე ბავშვმა გაქცევა მოასწრო. ხოლო ისინი, ვინც ეზოში დარჩნენ, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს და დაახლოებით 1128 ბავშვი და ზრდასრული სკოლის შენობაში შეიყვანეს. მძევლებმა ორდღენახევარი გაატარეს სიკვდილის შიშით - შიმშილის, წყურვილის, სიცხის პირობებში.
შენობაში შესვლისთანავე ტერორისტებმა ყველა გასასვლელთან ბარიკადები ააგეს და კარები ჩახერგეს. დიდი ხნის განმავლობაში კი მოლაპარაკებებზე არ გამოდიოდნენ. საზოგადოებისათვის უცნობი იყო მათი მოთხოვნები. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ბავშვები სკოლის სპორტულ დარბაზში შეიყვანეს და იქაურობა დანაღმეს. მშობლები და მასწავლებლები კი ცალკე დაატყვევეს.
დანაღმული იყო სკოლის შემოგარენი. შენობის ყველა ფანჯარასთან ტერორისტებმა ცოცხალ ფარად ბავშვები დააყენეს. წერილში, რომელიც ფანჯრიდან გადმოაგდეს, ეწერა, რომ ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსული ჯარის გამოყვანას ითხოვდნენ. მოთხოვნებში მოხვდა ჩრდილო ოსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტთან ალექსანდრე ზასოხოვთან, ინგუშეთის ხელმძღვანელთან მურატ ზიაზიკოვთან და ბავშვთა გადაუდებელი ქირურგიული ცენტრის დირექტორთან ლეონიდ როშალთან შეხვედრა. ასევე ითხოვდნენ იმ "ბოევიკების" გათავისუფლებას, რომლებიც ინგუშეთში სახელმწიფოებრივ ობიექტებზე თავდასხმის გამო ჰყავდათ დაპატიმრებული იმავე წლის 21-22 ივნისს.
1-ელ სექტემბერს დაახლოებით 16:00 საათზე სკოლის შენობაში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, მაგრამ რა მოხდა, დღემდე უცნობია.
საღამოს ტერორისტები შტაბს დაუკავშირდნენ და წყალი და სასმელი მოითხოვეს.
ბესლანში ექიმი ლეონიდ როშალი ჩავიდა და ტერორისტებთან მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ სკოლის შენობაში საკვებისა და წყლის შეტანა ვერ მოხერხდა. მეორე დღეს 26 ადამიანი გაათავისუფლეს. მათ შორის 11 ქალი და 15 ბავშვი იყო. ყველაზე პატარა - თვენახევრის, ყველაზე დიდი კი 8 წლის იყო.
"ჩვენი უმთავრესი ამოცანა ახლა მდგომარეობს იმაში, რომ ვიხსნათ და გადავარჩინოთ მძევალთა სიცოცხლე", - მომხდარზე პირველი კომენტარი ვლადიმერ პუტინმა 2 სექტემბერს გააკეთა.
ტერორისტებთან მოლაპარაკებები გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ...
მძევლების მშობლები და ახლობლები რუსეთის პრეზიდენტს სთხოვდნენ დახმარებას და მას მიმართვაც კი გაუგზავნეს.
3 სექტემბერს შტურმის დაწყებას არავინ ელოდა, მაგრამ 13:05 საათზე სკოლის შენობასთან ორი ძლიერი აფეთქების შემდეგ რუსი სპეცრაზმის შტურმი დაიწყო. გარშემო უმძიმესი სურათი იდგა, სკოლის მხრიდან გამორბოდნენ დასისხლიანებული ქალები და ბავშვები.
ოფიციალური მონაცემებით, ბესლანის ტერაქტის დროს, ძირითადად შტურმისას 334 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო 186 ბავშვი, 16 სპეცრაზმელი და პოლიციელი.
თავდასხმის ერთადერთ გადარჩენილ ტერორისტს ნურფაშა კულაევს კი სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
სოციალურმა აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა ხელისუფლება დაუდევრობაში დაადანაშაულეს, რადგან შეიარაღებულმა ჯგუფმა შეუფერხებლად შეძლო ქალაქში გადაადგილება და სკოლის მასობრივ ღონისძიებაზე შესვლა, სადაც ერთი პოლიციელი ქალი იცავდა წესრიგს...
ჩრდილოეთ ოსეთის პოლიციის სამი თანამშრომელი, რომლებსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების არასათანადო შესრულება ედებოდათ ბრალად, ამინისტიით გაათავისუფლეს.
2007 წლის ნოემბერში დაღუპულების ოჯახის წევრებმა და გადარჩენილებმა რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს. 2011 წელს კი მეორე სარჩელი შეიტანეს ტრაგედიის დროს გადარჩენილმა 55 პირმა.
2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 3 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 334 დაღუპული პირის ნათესავებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ტერორისტული აქტის დროს ვერ დაიცვა სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა დაღუპული პირები. ამასთანავე, მან ვერ შეძლო აღეკვეთა ბესლანის ტრაგედია და გადაჭარბებული ძალის გამოყენებით კიდევ უფრო მეტად გაზარდა მსხვერპლთა რაოდენობა. სასამართლოს განაჩენში ასევე ნათქვამი იყო, რომ რუსეთს ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმებოდა შეტევა, თუმცა არაფერი მოიმოქმედა ამის საწინააღმდეგოდ. ამასთანავე სასამართლოს მიერ ხელისუფლება გაკრიტიკებული იყო, რომ მან ვერ აღკვეთა ტერორისტების შეხვედრები და მათი გადაადგილება შეტევის დღეს. ასევე, მან ვერ უზრუნველყო სკოლის უსაფრთხოება და არ გააფრთხილა ქალაქის მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
ბესლანის ტერაქტის განმავლობაში კრემლი მკაცრად აკონტროლებდა ინფორმაციის გავრცელებას. კერძოდ, არ ასაჯაროებდა მძევლების ზუსტ რაოდენობას, არ აცხადებდა ტერორისტების მოთხოვნებს და არც მათ იდენტობას აღწერდა.
ნადეჟდა გურიევა ერთ-ერთია, რომელიც ტერორისტებს გადაურჩა, მაგრამ ადგილზე დაიღუპა მისი ორი შვილი. წლების შემდეგ ქალი იხსენებდა, რომ 3 სექტემბერს, იმ საბედისწერო დღეს, მეორე აფეთქების შემდეგ ნადეჟდა გურიევას ორი შვილი, ვერა და ბორისი ადგილზე დაიღუპნენ. მესამე შვილი, ირინა, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. დაჭრილმა დედამ ერთადერთ გადარჩენილ შვილთან ერთად ფანჯრიდან გაქცევა და სამშვიდობოს გასვლა მოახერხა.
ბესლანის ტერაქტის პირველივე დღიდან რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და ანალიტიკოსებმა ტერაქტში საქართველოს მონაწილეობის კვალის ძიება დაიწყეს. რუსეთმა მაშინვე სცადა დაეკავშირებინა ბესლანის სკოლის სასაკლაო იმ ტერორისტებთან, რომლებიც თითქოსდა პანკისის ხეობაში გადიოდნენ მომზადებას. აღსანიშნავია, რომ რუსეთისათვის პანკისის ხეობა დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა ჩეჩენი ამბოხებულების უსაფრთხო სამოთხედ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა, რომ იგი არ გამორიცხავდა კავშირებს სამხრეთ ოსეთსა და ბესლანში მიმდინარე მოვლენებს შორის. ამასთანავე, რუსულ მედიაშიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბესლანის ტერაქტის ერთ-ერთი ტერორისტი იმალებოდა კოდორის ხეობაში, აფხაზეთში. საქართველოს ხელისუფლება უარყოფდა რუსეთის მსგავს ბრალდებებს და აცხადებდა, რომ საზღვრები მკაცრად კონტროლდებოდა.