ავტორი:

"ის იმბეცილია... ყველა დაიღალა მისი მცდელობით, მუდმივად მსხვერპლად წარმოაჩინოს თავი" - რატომ აკრიტიკებენ მეგან მარკლს ჟურნალისტები

"ის იმბეცილია... ყველა დაიღალა მისი მცდელობით, მუდმივად მსხვერპლად წარმოაჩინოს თავი" - რატომ აკრიტიკებენ მეგან მარკლს ჟურნალისტები

ავსტრალიელმა რადიოწამყვანმა კაილ სენდილენდსმა მეგან მარკლი "იმბეცილად“ მოიხსენია მას შემდეგ, რაც სასექსის ჰერცოგინიამ ბრიტანული პრესა რასიზმში დაადანაშაულა.

მეგანის თქმით, მის ყურამდე მივიდა ამბავი, რომ არჩის, მის ვაჟს, პრესის ჟურნალისტები რასისტული სლენგით მოიხსენიებდნენ. რადიოწამყვანებმა ამ ინფორმაციის ნამდვილობაში ეჭვი შეიტანეს.

მათი აზრით, სავსებით ნორმალური იყო ხალხის მიერ გამოხატული ინტერესი იმის შესახებ, თუ როგორი კანის ფერი ექნებოდა არჩის და რომ მეგან მარკლმა ეს ინტერესი რასიზმად აღიქვა.

მეგანმა ჟურნალ The Cut-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა მის 3 წლის ვაჟს, არჩის, შეუფერებელი სიტყვები უწოდეს. მან ასევე უკმაყოფილება გამოხატა და თქვა, რომ სძულს სამეფო პროტოკოლი, რომელიც მას ავალდებულებს დიდი ბრიტანეთის ტაბლოიდებთან ოჯახური ფოტოები გააზიაროს. მეგან მარკლი ამბობს: "რატომ უნდა გადავცე ჩემი შვილების ფოტო იმ ადამიანებს, რომლებიც მათ რასისტულ სლენგს ეძახიან მანამ, სანამ იმ ადამიანებს ვაჩვენებ, ვისაც ისინი უყვართ?“

სენდილენსი და მისი თანაწამყვანი ამბობენ, რომ უკვე დროა, მეგანმა შეწყვიტოს ბრიტანულ პრესასთან დავა. მათ აინტერესებთ, საიდან უნდა გაეგო ჰერცოგინიას, რომ ნიუსრუმში მისი ვაჟის მიმართ ამგვარ სიტყვებს იყენებდნენ, რადგან მას არც წყარო დაუსახელებია და არც ვინმეს სახელი. „უნდა დაივიწყოს ეს ამბავი. ის "იმბეცილია“,- თქვა 52 წლის რადიოწამყვანმა სენდილენდსმა.

რაც შეეხება სამეფო პროტოკოლს ფოტოების გავრცელების შესახებ, ამაზე სენდილენდსის თანაწამყვანმა ჰენდერსონმა გააკრიტიკა მეგან მარკლი: "თუ სამეფო ოჯახში შედიხარ, უნდა იცოდე, რომ ეს ტრადიცია მათ მრავალი წელია აქვთ. შენ ვერ მოხვალ და იტყვი, არ მომწონს თქვენი წესები და არ დავემორჩილებიო“.

წამყვანებმა განაცხადეს, რომ უკვე ყველა დაიღალა მეგან მარკლის მცდელობით, მუდმივად მსხვერპლად წარმოაჩინოს თავი და რომ ყველას, ვისაც მანამდე მის მიმართ ცოტაოდენი სიმპათია ჰქონდა, ახლა უკვე სრულიად გაუქრათ.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა