რუსული მედიის ინფორმაციით, ეფ-ეს-ბემ დარია დუგინას მკვლელობის თანამონაწილის ვინაობა დაადგინა.
ეფ-ეს-ბემ კრემლის იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მკვლელობა 48 საათში გახსნილად გამოაცხადა და ეს 43 წლის უკრაინელ ქალს დააბრალა, რომელმაც, რუსეთის ფედერაციული საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ვერსიით, მკვლელობა წარმატებით დაგეგმა, აღასრულა და თავის 12 წლის შვილთან ერთად, ფსკოვის გავლით, დატოვა რუსეთი და ესტონეთში გადავიდა. მათივე ინფორმაციით, ნატალია ვოვკი წარსულში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, კერძოდ კი "აზოვის პოლკში". როგორც "აზოვის" წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ სახელითა და გვარით ქალს მათთან არასოდეს უმსახურია. ამჯერად რუსულმა მხარემ გახმაურებულ დანაშაულში ნატალია ვოვკის თანამონაწილის ვინაობის შესახებ განაცხადა.
მამაკაცი, რომელიც, თითქოსდა, ნატალია ვოვკს ეხმარებოდა, რუსული მედიის ცნობით, 43 წლის ბოგდან ციგანენკოა.
"დადგინდა, რომ დუგინას მკვლელობა, ვოვკთან ერთად, მოსკოვში მოამზადა უკრაინული დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა - უკრაინის მოქალაქე ციგანენკო ბოგდან პეტროვიჩმა, დაბადებული 1978 წელს, რომელიც რუსეთში ტრანზიტით ესტონეთის გავლით ჩავიდა, 2022 წლის 30 ივლისს და რუსეთის ტერიტორია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა", - ამბობს ეფ-ეს-ბე-დან მედიის წყარო.
მათივე ინფორმაციით, ბოგდან ციგანენკომ ნატალია ვოვკს მიაწოდა მანქანის ნომრები, ასევე ყალბი დოკუმენტები. წყარო
საინტერესოა, რომ გუშინ ავსტრიულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ნატალია ვოვკი, სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია. რუსული მედია მიიჩნევს, რომ ვოვკის მკვლელობის ცნობა ყალბია და ამ გზით მკვლელის კვალის დაფარვას ცდილობენ.
ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, 30 წლის დარია დუგინა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში იმ მანქანაში აფეთქდა, რომელსაც თავად მართავდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მანქანაში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. დუგინა იყო "საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ პოლიტიკური კომენტატორი.
შეგახსენებთ, მკვლელობიდან მალევე მომხდარზე პასუხისმგებლობა "რუსეთის ეროვნული რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.
იხილეთ ასევე: