რუსეთის სპეცსამსახურები ამზადებენ ტერაქტების სერიას საკუთარ ქვეყანაში, რომელსაც მშვიდობიან მოქალაქეებში დიდი მსხვერპლი მოჰყვება - ამის თაობაზე "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა დაწერა. მისი თქმით, რუსეთში ომს სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს, რის გამოც კრემლს ახლა საზოგადოების მობილიზაცია და ომის გამართლება სჭირდება.
"რუსეთში ომის მხარდაჭერა ეცემა. კრემლს საზოგადოების მობილიზაცია სჭირდება. სავარაუდოდ, FSB ამზადებს ტერაქტების სერიას რუსეთის ქალაქებში, რაც დასრულდება მშვიდობიან მოსახლეობაში მასობრივი მსხვერპლით. დუგინა პირველი იყო ამ სერიაში. რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა არ ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას", - წერს დანილოვი.
შეგახსენებთ, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. 22 აგვისტოს რუსულმა FSB-მ ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. რუსეთის მტკიცებით, დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა, რომელიც "აზოვის" ბატალიონის წევრია. ბრალდებები "აზოვმა" კატეგორიულად უარყო.
იხილეთ ასევე: