ავტორი:

"ჩვენი ტერიტორიის - კოდორის დაცვის გამო დავისაჯე და 7 წელი ციხეში გავატარე, რამდენი ვიტანჯე, ვეწამე... სიმსივნე დამიდგინდა" - ინტერვიუ მონაზვნად აღკვეცილ ნორა კვიციანთან, ამჟამად უკვე დედა ქეთევანთან

"ჩვენი ტერიტორიის - კოდორის დაცვის გამო დავისაჯე და 7 წელი ციხეში გავატარე, რამდენი ვიტანჯე, ვეწამე... სიმსივნე დამიდგინდა" - ინტერვიუ მონაზვნად აღკვეცილ ნორა კვიციანთან, ამჟამად უკვე დედა ქეთევანთან

გუშინ, ფერისცვალებას ქალბატონი ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა და ამიერიდან სასულიერო ცხოვრებაში ის დედა ქეთევანია. რის შემდეგ მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და რა გზა გაიარა უფლის ერთგულად მსახურებამდე მისვლაში, ამაზე ambebi.ge-ს თავად დედა ქეთევანი და მისი მოძღვარი, არქიმანდრიტი მამა გიორგი (გურჩიანი) უამბობენ.

დედა ქეთევანი:

"გუშინ, ფერისცვალებას სახლში აღვიკვეცე მონაზვნად. ალბათ გაგებული გექნებათ, რომ ავად ვარ, სხივები მაქვს გაკეთებული და ამან ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა. ჩემი ამდენი წლის ტანჯვამ თავისი შედეგი გამოიღო - დავსნეულდი... ციხიდან როცა გამოვედი, მეუფე იობმა ჩემთან ბერები გამოაგზავნა (უკვე დაავადებული ვიყავი) და შემომითვალა, წამოვიდეს დედათა მონასტერში და წინამძღვრად გავუშვებთო. ვუთხარი, ჯერ მზად არ ვარ, ძალინ დიდი პასუხისმგებლობაა-მეთქი, ვერ გავბედე და უარი ვუთხარი. დრო გავიდა, მას მერე ბევრი რამ გადამხდა, ავარიაშიც მოვყევი ... ახლა, როცა ასეთი დაავადება აღმომაჩნდა, ვინანე, თავის დროზე რატომ არ აღვიკვეცე-მეთქი... მერე, ღვთის ნებით, თვითონ გამიჩნდა ამის სურვილი. ვინანე კიდეც, ამდენჯერ მქონდა შემოთავაზება და რატომ აქამდე არ გადავდგი ეს ნაბიჯი. მამა გიორგი გურჩიანს (ჩემს მოძღვარს და კოდორის ხეობის მამათა მონასტრის წინამძღვარს) ძალიან გაუხარდა ჩემი ეს გადაწყვეტილება, პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მისცა მეუფეს, მეუფემ მამა გიორგის მისცა ნება თვითონ გადაეწყვიტა ყველაფერი და მანაც მონაზვნად აღმკვეცა. მამა გიორგიმ კარგად იცოდა ჩემი ცხოვრება, ამიტომ წმინდა მოწამე ქეთევანის სახელი მიწოდა. ამიერიდან სასულიერო ცხოვრებაში დედა ქეთევანი ვიქნები. რა დღეები გამოვიარე, ჩვენი ტერიტორიის - კოდორის დაცვის გამო დავისაჯე და 7 წელი ციხეში გავატარე, თან როგორი ციხე, კატორღა უფრო იყო, რამდენი ვიტანჯე და ვეწამე... ფილტვის სიმსივნე დამიდგინდა და ჩემი განვლილი ცხოვრების შედეგია. გადავწყვიტე და დღეს მონაზვნად აღვიკვეცე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ, ბედნიერია ყველა ჩემიანი, ოჯახის წევრები, მთელი საგვარეულო... ჯერ სახლში ვიქნები და მერე, თუ ღმერთმა ინება, რა კურთხევასაც მამა გიორგი მომცემს, ისე მოვიქცევი. მამა გიორგის აქვს მამათა მონასტერი კოდორის ხეობაში, ის მას აფართოებს და დედათა მონასტერსაც აკეთებს. უფლის ნებაა ყველაფერი, თუ ფეხზე დამაყენა და გამიხანგრძლივა ცხოვრება, კოდორში წავალ, ბევრი მსურველია, შემომიერთდნენ და ჩემთან ერთად იყვნენ.

ამაზე უკეთესი არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. 21 წელი გავიარე ჯოჯოხეთი, ტანჯვა-წამება. ჩემებმა ეს რომ გაიგეს, ყველანი ტიროდნენ. ახლა თეთრ კაბაში ვწევარ, ასე უნდა ვიყო 40 დღე, ამასთან, მდუმარებაში და ლოცვაში უნდა გავატარო ეს პერიოდი. მერე მონაზვნის სამოსს ჩავიცვამ. დალოცვილი იყავით ღვთისგან და ჩემგანაც. დიდი, დიდი მადლობა, რომ დამირეკეთ და დაინტერესდით ჩემით.“.

არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი), კოდორის ხეობის მამათა მონასტრის წინამძღვარი:

"ჩვენ მემკვიდრენი ვართ ბერ-მონაზვნური, მართლმადიდებლური ქრისტიანული ცხოვრების წესის. კოდორის ხეობა, მთლიანად აფხაზეთი, სამწუხაროდ, ჩვენი არასწორი პოლიტიკით, ჩვენი ცოდვილი ცხოვრებით, პირადად ჩემიც (მაშინ ერისკაცი ვიყავი), დროებით დავკარგეთ. ვინაიდან კოდორის ხეობა განსაკუთრებული და განსხვავებულია, ჩვენ იქ 14 წელი ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ეს ტერიტორია. რამდენი ადამიანი - ჩვენი ძმები და დები დაიღუპნენ, რამდენი ჩვენი ხელით დავმარხეთ, რამდენი ფეხებმოჭრილი, ინვალიდი ბიჭი დაგვრჩა.. აგერ, ჩემს გვერდით ზის ერთი მათგანი - გიორგი გუგუსიანი, ვეტერანი... ემზარ კვიციანმა ბატალიონი ჩამოაყალიბა, ხეობას ვიცავდით ყველანი, მათ შორის, ქალბატონი ნორაც. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ 14 წლის მერე, ხელისუფლებამ ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარა კოდორის ხეობა. პოლიტიკაში არ შევალ, არ ვარ პოლიტიკოსი, შეგიძლიათ ამაზე ფილმი ნახოთ "კოდორის გმირები“.

მერე ჩვენ ღმერთმა მოგვიწოდა მე ბერად აღვიკვეცე, შემდეგ მომყვა მამა ნიკოლოზ გუგუსიანი, მერე მოდიან მონაზვნები და ახლა, ფერისცვალება დღეს, უფალმა ინება და ქალბატონი ნორა, რომელიც კოდორის ხეობაში ცხოვრობდა და ბევრი ტანჯვა გამოიარა, მონაზვნად აღიკვეცა. როდესაც ის ციხიდან გამოვიდა და დასნეულდა, მას მეუფე იობმა შესთავაზა იღუმენიად კურთხევა, მაშინ ვერ გაბედა და სწორიც ქნა, არ იყო მზად. მერე ქალბატონი ნორა ცოტა ხანს დედათა მონასტერში იყო, შემდეგ მოვიდა დრო, როდესაც ასე გადაწყვიტა. არც ციხეში და არც სხვაგან მე ის ერთი დღე არ მიმიტოვებია, ყოველ კვირას შევდიოდი საპატიმრო დაწესებულებაში და 700 ქალს ვაზიარებდი, ემზარს ცალკე ვედექი გვერდით. ისინი ჩემი ოჯახის წევრები და ნათესავები არიან, იმის თქმა მინდა, რომ თავის დროზე მეწინააღმდეგებოდნენ, ჩემსას ვერ გებულობდნენ. ქრისტიანობა ადვილია, როცა ღმერთს ირწმუნებ, თორემ თუ არ ირწმუნებ - ძნელი. ღმერთთან მებრძოლი გამარჯვებული არავინ მინახავს. ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს და მე ვხედავდი ამ ჯვარს, თვალყურს ვადევნებდი ქალბატონ ნორას და ნელ-ნელა, მამაშვილური მოძღვრებით მომყავდა ამ დღემდე. ჩემი წინაპრები სასულიერო პირები არიან, მამიდები - მონაზვნები, დიდი პაპა არქიმანდრიტი იყო და ასე მოვდივართ...

და დადგა ბედნიერი დღე, როდესაც ქალბატონ ნორას ღმერთმა გონება გაუნათა. კი, ამ ტანჯვა-წამებამ და ავადმყოფობამაც შეუწყო ხელი, მაგრამ მისი კურთხევა ღვთის ნებით მოხდა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს... როდესაც ქალბატონმა ნორამ მონაზვნობის სურვილი გამოთქვა, უწმინდესს მივმართე საპატრიარქოში, მან კურთხევა მომცა, თვითონაც გამოთქვა სურვილი, იქნებ მარხვაში მოგვესწრო, ფერისცვალება დღე დაემთხვა და გუშინ აღსრულდა ეს რიტუალი, ქალბატონი ნორა მონაზვნად აღვკვეცეთ და ამიერიდან ის დედა ქეთევანია. მოგეხსენებათ, დიდი მოწამე ქეთევანი საქართველოს გულისთვის ეწამა, ამიტომაც შევურჩიე მას ეს სახელი. მიტროპოლიტს ვკითხე და მადლობა გადამიხადა, რომ ისტორიულად ასე სწორად განვსაზღვრე და ეს სახელი შევურჩიე. მადლობა ღმერთს, ყოფილი ქალბატონი ნორა კვიციანი დღეს გვყავს დედა ქეთევანი, ერთი დიდი ჭირნახული, ნატანჯი, მაგრამ დიდი მლოცველი მონაზონი. მადლობა ღმერთს ამისთვის. ყველამ მაგალითი უნდა აიღოს დედა ქეთევანისგან, ის ტკივილებისგან იტანჯება და კანონს არ ტოვებს, სულ ლოცულობს. ეს არის მოწამეობა, ქრისტიანობა და დედა ქეთევანის დიდი მაგალითი ღვთის წინაშე. ყველა ქართველი მანდილოსანი მას უნდა ბაძავდეს, მით უმეტეს დღეს, როცა ასეთ საშინელ დროში ვცხოვრობთ - სიკეთე და ბოროტება, ტყუილი და მართალი ისეა არეული, ზოგჯერ ერისკაცებს კი არა, სასულიერო პირებს გვიჭირს...“

შეგახსენებთ, 2006 წლის 25 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები ბატალიონ "მონადირის" ხელმძღვანელის, ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით კოდორის ხეობაში შევიდნენ. 27 ივლისს შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა კვიციანის და ნორა არღვლიანი დააკავეს, სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების საფუძველზე. მას ჰუმანიტარული საქონლის მითვისებასაც ედავებოდნენ. ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ მის სახლში ჩხრეკა არ ჩატარებულა.

ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. 2017 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანი ყველა ეპიზოდში გაამართლა. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინეს.