ავტორი:

"ფეხბურთი ცხოვრებას ჰგავს, თუ რამეს არ მისცემ, უკან არაფერს დაგიბრუნებს" - ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთზე, ოჯახზე და საყვარელ სამეგრელოზე

"ფეხბურთი ცხოვრებას ჰგავს, თუ რამეს არ მისცემ, უკან არაფერს დაგიბრუნებს" -  ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთზე, ოჯახზე და საყვარელ სამეგრელოზე

"მარადონას სტადიონზე "ნათლობისას", ნეაპოლის ცისფერ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა", - ასე შეაფასა ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო მატჩი მარადონას სახელობის სტადიონზე "ნაპოლის" ოფიციალურმა გვერდმა. ნეაპოლურმა კლუბმა სერია A-ს მეორე ტურში, შინ "მონცა" 4:0 გაანადგურა, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა.

ხვიჩა კვარაცხელიამ სპორტული კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მამამ ფეხბურთზე მიიყვანა. მისი კერპები ფეხბურთის ორი გიგანტი - რონალდუ და რონალდო იყვნენ...

სპორტსმენის მამა, ბადრი კვარაცხელია ყოფილი ფეხბურთელია, ის ქართულ და აზერბაიჯანულ გუნდებში თამაშობდა. ხვიჩამ კარიერა თბილისის “დინამოდან” დაიწყო, საიდანაც ჯერ “რუსთავში”, შემდეგ კი რუსეთში მოხვდა.

ხვიჩას მამა

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მშობლებს ჩემს საფეხბურთო კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვით. ვარჯიშზე ყოველთვის დედაჩემს დავყავდი. მაშინ მამა მწვრთნელი იყო და დრო არ ჰქონდა... სულ დედასთან ერთად დავდიოდი, თოვლსა და წვიმაში, სულ დამყვებოდა და ჩემ გვერდით იყო, ზოგადად, დედამ ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, მამამაც, ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო, თითქმის ყველა თამაშის შემდეგ ფეხბურთთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, მიხსნიდა და მასწავლიდა რაღაცებს, მაგრამ არცერთხელ მას ჩემთვის ვარჯიში არ დაუძალებია..." - ამბობს ხვიჩა ერთ-ერთ ინტერვუში.

დედასთან ერთად

ხვიჩა რომ დაიბადა, მამამ ახალშობილი ორი თვის შემდეგ ნახა, რადგან ბადრი კვარაცხელია იმჟამად აზერბაიჯანში მუშაობდა.

"მორწმუნე ოჯახი გვყავს, ჯვრებს ვატარებთ, ვმარხულობთ, ეკლესიაში ყოველ კვირას დავდივართ, ხვიჩაც მორწმუნეა... სინამდვილეში მეც ხვიჩა მქვია. დასავლეთ საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია ორი სახელი, პასპორტით ბადრი ვარ, მაგრამ მეგობრებისთვის ხვიჩა. ბავშვი რომ დაიბადა, ჩემმა უფროსმა ვაჟმა, რომელიც მაშინ ხუთი წლის იყო, თქვა, შეიძლება, რომ ჩემ ძმასაც ხვიჩა ერქვასო. ახლა ორი ხვიჩა ვართ ოჯახში...“ - ამბობდა ბადრი კვარაცხელია რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

საბავშვო ბაღში სიარულისას ხვიჩას საყვარელი საქმიანობა ჯგუფელებთან ფეხბურთის თამაში იყო. ბურთს საწოლიდანაც არ იშორებდა, მაგრამ კარგად სწავლობდა სკოლაში. დროულად ასრულებდა საშინაო დავალებას, მოსწონდა მათემატიკა. სწავლაში დედა ეხმარებოდა, მამას კი ერთხელაც არ გაუგია, რომ ხვიჩას სკოლაში პრობლემები ჰქონდა.

ზაფხულობით კვარაცხელიების ოჯახი ერთი თვით სამეგრელოში, კერძოდ, წალენჯიხაში მიემგზავრებოდა, სადაც ხვიჩას მშობლები გაიზარდნენ. ფეხბურთელის ბებია დღემდე იქ ცხოვრობს.

  • ფრაგმენტი გაზეთ "ლელოსთვის" მიცემული ინტერვიუდან:

"ხვიჩა კავარცხელია:

- საქართველოში ყოფნას არაფერი მირჩევნია და მსოფლიოს ვერცერთი კურორტი ვერ შემიცვლის. სამეგრელო კი ჩემი კუთხეა და ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, ისევე როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, საკუთარი კუთხე.

- სამეგრელოში ხშირად ჩადიხარ?

- როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება. იქ ყველაფერი მიყვარს, მათ შორის საჭმელები და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. დასასვენებლად ამაზე უკეთეს ადგილს ვერ ნახავ. თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია, სუფთა ჰაერი და მაგარი მდინარეები..." წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

ხვიჩას ორი ძმა ჰყავს, უფროსი ორი წლის წინ დაოჯახდა და ერთი შვილი ჰყავს, უმცროსი კი, როგორც ამბობენ, მომავალი ფეხბურთელია.

ძმები კვარაცხელიები

ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ. 17 წლის იყო, როდესაც მოსკოვის "ლოკომოტივი“ მისით დაინტერესდა. 2019 წლის 15 თებერვალს, კვარაცხელია ექვსთვიანი იჯარით მოსკოვის "ლოკომოტივში“ გადავიდა. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერ ლიგაში 2019 წლის 10 მარტს, მაჰაჩყალის "ანჟის“ წინააღმდეგ შედგა.

დედასთან და ძმასთან ერთად

"მამუკა ჩვენთან სახლში მოვიდა, მთელი ოჯახი მაგიდასთან დავსხედით და ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ "ლოკო“ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო წინადადებები ევროპიდან... ვიცოდი, რომ იქ ბევრი ქართველი თამაშობდა, ზაზა ჯანაშია, მალხაზ ასათიანი. ადგილზე ჩასულს ძალიან დამეხმარა საბა კვირკველია. ჩვენ "ლოკომოტივში" დავმეგობრიდით. მან გამაცნო გუნდი. ხშირად მივყავდი მოსკოვის ცენტრში, მაჩვენებდა ქალაქს, მაგრამ ზოგადად ორი რამ იყო ჩემთვის მთავარი - ბურთი და ფეხბურთის მოედანი", - იხსენებს ხვიჩა...

შემდეგ იყო ყაზანის "რუბინი".

კვარაცხელიას თქმით, ამ კლუბში გადასვლამდე ბევრ ქართველს ესაუბრა, მაშინ იქ ზურიკო დავითაშვილი და ბექა მიქელთაძე დახვდნენ, რამაც "რუბინში" ყოფნა გაუადვილა...

"უფრო ადვილია, როცა იქვე თანამემამულეები არიან. თვითმფრინავშიც კი ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვსხედვართ...“ - ამბობდა ხვიჩა "რუბინში" თამაშისას.

რუბინში გადასული კვარაცხელია საფეხბურთო ბაზაზე ცხოვრობდა და ქალაქში ბინას მხოლოდ მაშინ ქირაობდა, როდესაც სტუმრად ოჯახი ჩადიოდა. რუსული მედია ფეხბურთელს ხშირად უსვამდა კითხვებს საპირისპირო სქესზე, სასმელზე, მაგრამ სპორტსმენის მთავარი სიყვარული ბურთი და მოედანი იყო... ნაპოლიში გადასვლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა თბილისელ გოგონაზე, ნიცა თავაძეზეა შეყვარებული.

"ხვიჩა იმდენად გატაცებულია ფეხბურთით, რომ მისთვის პირადი ცხოვრების მოწყობა უკანა პლანზე გადავიდა. ფეხბურთელი თავისუფალ დროს თანაგუნდელებთან ატარებს, არდადეგების დროს კი საქართველოში ახლობლების მონახულება უყვარს. ვარსკვლავს უყვარს მშობლიურ ქვეყანაში მოგზაურობა, რომელსაც უჩვეულოდ ლამაზად თვლის...“ - წერდა რუსული მედია.

ხვიჩა კვარაცხელიას კარიერა რუსეთ-უკრაინის ომმა თავდაყირა დააყენა. 2022 წლის 7 მარტს ფიფამ გამოაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთში მყოფ ლეგიონერებს შეეძლოთ ცალმხრივად გაეწყვიტათ კონტრაქტები 2022 წლის 30 ივნისამდე. მათ მიეცათ უფლება რუსეთის გარეთ არსებულ კლუბებს 2022 წლის 30 ივნისამდე შეერთებოდნენ. 2022 წლის 24 მარტს ყაზანის "რუბინმა“ განაცხადა, რომ კვარაცხელიასთან კონტრაქტი შეწყდა, ამავე დღეს ის სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის "დინამოს“ შეუერთდა...

ამის შემდეგ კი კვარაცხელიას ევროპული ოცნება ახდა და ზაფხულში ფეხბურთელი იტალიური "ნაპოლის“ რიგებში აღმოჩნდა. ტრანსფერის სანაცვლოდ ნეაპოლელები ბათუმის "დინამოს“, 10 მილიონ ევროს გადაუხდიან, კვარაცხელია კი წელიწადში ერთ მილიონ ევროს მიიღებს.

კვარაცხელიას ევროპული ცხოვრება, რუსულისგან განსხვავებით, უფრო ლაღია. ის ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს სოციალურ ქსელში, ხუმრობს საკუთარ სახელზე, რომლის გამოთქმაც ევროპელებს უჭირთ და მასზე ხშირად წერს უცხოური სპორტული მედია...

ვინც ხვიჩას იცნობს, ამბობენ, რომ ის ძალიან თავმდაბალი, გულღია და უაღრესად შრომისმოყვარე ადამიანია.

"არასდროს ვარ ჩემი თამაშით კმაყოფილი, რასაც დღემდე მივაღწიე, მიმაჩნია, რომ ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა... ფეხბურთი ცხოვრებას ჰგავს, თუ რამეს არ მისცემ, უკან არაფერს დაგიბრუნებს. რაც დღემდე შევძელი, ეს ყველაფერი შრომის დამსახურებაა და კიდევ ფეხბურთისადმი უდიდესი სიყვარულის. საკუთარ თავზე ლაპარაკი მიჭირს, მით უფრო დადებით მხარეებზე..." - ამბობს ქართული ფეხბურთის ახალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია "იმედის კვირასთან" საუბრისას.

იხილეთ ასევე: