ავტორი:

"ლაშა გაოგნებულია, დაზარალებულთან კონფლიქტიც არ ჰქონია... დილით უსაუბრიათ" - რა უთხრა ლაშა ნაკაიძემ ადვოკატს?

"ლაშა გაოგნებულია, დაზარალებულთან კონფლიქტიც არ ჰქონია... დილით უსაუბრიათ" - რა უთხრა ლაშა ნაკაიძემ ადვოკატს?

სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებული "მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნაკაიძე ადასტურებს, რომ 15 აგვისტოს გოგონასთან, რომელმაც მას უჩივლა, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ეს იყო ნებაყოფლობითი.

ასევე, ბიბილეიშვილის თქმით, ნაკაიძე კატეგორიულად უარყოფს იარაღის გამოყენებით მუქარას.

"ბრალდებულის პოზიციაა, რომ არ სურს საერთოდ, ვინმესთან რაიმე განმარტება რომ ვთქვა. შეუთვალა საზოგადოებას, ყველას ვინც იცნობს ლაშა ნაკაიძეს, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ არ ვარ მოძალადეო. გაოგნებულია. მგონია, რომ სიზმარში ვარო, შოკირებულია. დაკავების მომენტში ფხიზელ მდგომარეობაში იყო. სახლში იყო მეგობრის (დაზარალებულის), როდესაც პოლიცია მოვიდა და დამაკავაო. დაზარალებულთან კონფლიქტი არ მქონიაო. დილას რომ გაიღვიძა, ჩვენს შორის შედგა საუბარიო. შემდგომ მე ჩამეძინაო, რომ გავიღვიძე, აღარ იყო სახლშიო" - აღნიშნა ადოკატმა.

ცნობისთვის, სამართალდაცველებმა სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით "მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით არხმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "მთავარი არხი" გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას. მათივე ცნობით, წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე არხი ნაკაიძესთან თანამშრომლობას აჩერებს, თუმცა ბრალის არდამტკიცების შემთხვევაში, საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს.

  • ლაშა ნაკაიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურამ, მას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე, წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ბრალდებული ლ.ნ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

დაზარალებულის მომართვის საფუძველზე, სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნახეთ ასევე: