ავტორი:

"ჰიტლერი ებრაელ ხალხს საშინლად დევნიდა, ახლა თქვენ აკეთებთ ამას რუსების მიმართ" - მეუფე სპირიდონი ზელენსკის სატანისტს ეძახის, რუსებს კი "საწყალ ებრაელებს" ადარებს

"ჰიტლერი ებრაელ ხალხს საშინლად დევნიდა, ახლა თქვენ აკეთებთ ამას რუსების მიმართ" - მეუფე სპირიდონი ზელენსკის სატანისტს ეძახის, რუსებს კი "საწყალ ებრაელებს" ადარებს

ჰიტლერი ებრაელ ხალხს საშინლად დევნიდა, ახლა თქვენ აკეთებთ ამას რუსების მიმართ - პირდაპირ ჩანს, რომ ეს გარკვეული ძალების მიერაა ინსპირირებული, - ასე მიმართა სხალთელმა ეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა მრევლს ქადაგებისას. მისივე განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ჩვეულებრივი სატანისტია და იმას აკეთებს, რასაც ადოლფ ჰიტლერი აკეთებდა.

მეუფე სპირიდონის თქმით, უკრაინაში ომი ვოლოდიმერ ზელენსკის ცოდვებისა და სატანისტური იდეოლოგიის გამო მიმდინარეობს.

"მე სოციალურ ქსელებში მოვისმინე, რომ ტურისტებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. სლავებს, რუს ტურისტებს. რა უნდა ვთქვათ, არაფერში არ წერია ეს. ჯერ ერთი "სტუმარ-მასპინძელი" ხომ მაინც წაგიკითხავს ვაჟა-ფშაველასი? მერე მეორე - პირდაპირ ჩანს, რომ ეს გარკვეული ძალების მიერაა ინსპირირებული. იქიდან მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა და მათმა ხელმძღვანელობამ, რომ რუს ტურისტებს უხეშად მოეპყარით, გამოდევნეთ თქვენ თქვენი ქვეყნებიდანო. ასე აკეთებდა ადოლფ ჰიტლერი. საწყალ ებრაელებს დევნიდა და სადაც ნახავდა ყველგან ხოცავდა - მაღაზიაში, სასადილოში, თავშეყრის ადგილებში არ უშვებდა. ეს ებრაელი ხალხის მიმართ საშინელი დევნა იყო, ახლა თქვენ აკეთებთ ამას რუსების მიმართ.

რა ჰქვია ამას, ეს ხომ საშინელი მკრეხელობაა? ის ჰიტლერი ოფიციალური სატანისტი იყო. უკრაინის პრეზიდენტი პირდაპირ ლანძღავს და აგინებს ქრისტიანობას. თავისი ჭკუით, საშინლად ამცირებს. ყოველ წელიწადში გეიპარადებს ატარებს... ეს ჩვეულებრივი სატანიზმია. ჩვეულებრივი სატანისტია ის ადამიანი და რასაც ის სატანისტი ჰიტლერი აკეთებდა, იმას აკეთებს ეგ კაცი და ჩვენ ნუ ავყვებით მაგათ, შვილო, არ შეიძლება. რა მოუვიდა ჰიტლერს იცით? მისი ცოდვების გამო მთელი გერმანია გადაიბუგა. რა ხდება უკრაინაში? აი, მაგ კაცის ცოდვების გამო და ამ სატანისტური იდეოლოგიის გამო, ხომ ხედავთ რა ხდება უკრაინაში“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას.