ავტორი:

"გაისად ნათეობა მე მიწევს. დღეობა უნდა გადავიხადო: ალუდი მოვხარშო, სტუმრებს გავუმასპინძლდე" - ზალიკო სულაკაური თუშეთზე, ბავშვობასა და შვილის მოხატულ მამაპაპისეულ სახლზე

"გაისად ნათეობა მე მიწევს. დღეობა უნდა გადავიხადო: ალუდი მოვხარშო, სტუმრებს გავუმასპინძლდე" - ზალიკო სულაკაური თუშეთზე, ბავშვობასა და შვილის მოხატულ მამაპაპისეულ სახლზე

"ესაა ჩემი, სულაკაურების სახლი თუშეთში. ასე ლამაზად მოხატა ჩემმა ბიჭმა, ჰოდა, მომავალ წელს მე ვარ ნათე (თუშ: ხატის მსახური - ლ.ფ.) და ვიხდი დღეობას", - ეს ცნობილი მხატვრის, კარიკატურისტის ზალიკო სულაკაურის პოსტია, რომელიც რამდენიმე დღის წინ საკუთარ "ფეისბუქგვერდზე“ გამოაქვეყნა.

ზალიკოს თავისი თუშობა, წარმომავლობა, ფესვები ყოველთვის ეამაყებოდა და ამის შესახებ საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია. თუშური გარემო, ისტორია, ტრადიციები, ადათ-წესები ძალიან უყვარს და დიდ პატივს სცემს.

ambebi.ge-ს ის ამჯერად სწორედ თავის საყვარელ კუთხეზე ესაუბრა...

- თუშური ადათ-წესების ცოდნის საკითხებში ზურიკო, ჩემი ძმა, ტყუპისცალი უფრო მაგარია... საერთოდ კი, ბედნიერი ვარ, რომ თუში ვარ, ღმერთმა მაჩუქა ბედნიერება, რომ ამ ულამაზესი კუთხის ნაწილი ვყოფილიყავი.

ზალიკო და ზურიკო სულაკაურები

ჯერ რა ლამაზია თუშეთი, მერე როგორი მიზიდულობა აქვს - ყველას თავისკენ უხმობს. თუშიც რომ არ იყო, იქ თუ ერთხელ მოხვდი, მერე სულ გთხოვს, კიდევ მიხვიდე და მოინახულო, თავს განატრებს... მეგობრებიდან, თუშეთში ვინც კი წავიყვანე, იქაურობით ყველა "მოიწამლა“ და გული მუდმივად იქით მიუწევს.

ჩვენი ფარსმა თუშეთში ბოლოს წინა სოფელია... თუშეთის ალაზანი და პირიქითა თუშეთის ალაზანი ომალოსთან ერთდება. ეს მდინარე კასპიის ზღვაში ჩადის, კასპიის ზღვაში ჩასულ თუშეთის ალაზანს "სულაკი“ ჰქვია. შეიძლება, ეს ჩვენი გვარის სადაურობის მაჩვენებელიც იყოს. არ არის გამორიცხული, ძველად ამ მდინარეს "სულაკიც“ ერქვა და ალაზანი მერე დაერქვა... ასე რომ, სადაც თუშები ცხოვრობენ, ყველგან ალაზანია. იცით, რომ ზოგადად მდინარეს თუშები ალაზანს ეძახიან?!.

ზალიკო და ზურიკო თუშ ბებოსთან ერთად

- რა საინტერესოა?!

- მეორე მსოფლიო ომში თუში საომრად წავიდა, - ვიომეთ, ვიომეთ და ბერლინთან ახლოს ალაზანთან დავბანაკდითო - ჰყვებოდა...

ძალიან პატარა გვარია. სულ 52 კაცი ვართ. არ არის დიდი გვარი, მაგრამ ვინც ვართ, როგორი კარგები ვართ (იღიმის)...

- ფარსმა კლდეზეა აშენებული, ხომ?

- კი, პატარა, ლამაზი სოფელია, სადაც ოთხი ციხეა და ოთხი გვარი ცხოვრობს. თითოეულს თავისი ტყე ჰქონდა. არ ვიცი, სხვების ტყეები რატომ აღარ არის, ალბათ გაიჩეხა, მაგრამ სულაკაურების ტყე შემორჩენილია. საკმაოდ დიდია. შიგნით, ალბათ, სულაკაურების დათვები ცხოვრობენ. ისე, დათვები იქ მართლაც არიან.

ცუდია, რომ სოფელში მანქანა ვერ შედის, ხალხს მასალების აზიდვა უჭირს. არადა, ჩვენი სოფლის გარდა, მანქანა ყველგან შევიდა. აღმართში დაახლოებით 500 მეტრია და თუ რამეს აშენებ ან არემონტებ, მასალა ხელით უნდა აიტანო. შესაბამისად, ფარსმა ნელ-ნელა ინგრევა. კარგი ხელის შევლება უნდა. გული მოგიკვდება, ბევრი სახლი განადგურებული და დანგრეულია. ზამთარში არავინ რჩება. ხალხი იქ მხოლოდ ზაფხულობითაა. გაზაფხულზე ამოსვლას კი ისინი იწყებენ, ვისაც საქონელი ჰყავს - მეცხოველეობას მისდევს. სოფელი შემოდგომას იცლება.

სულაკაურების სულ 4 სახლია, დანარჩენი სხვა გვარებისაა. გვარი რომ გამრავლდა, სულაკაურების პაპის დიდი სახლი შთამომავლებმა გაინაწილეს. ზოგს აშენებული აქვს, ზოგი აშენებს და დაუმთავრებელია... ჩემი სახლი უძველესია. სხვანაირი სახურავი ჰქონდა, მერე ფორმა შევუცვალეთ. წინ აივანივით გავაკეთეთ. სამკუთხედი ფორმა რომ დარჩა, იმ ადგილას სულ ვამბობდი, - ამოვალ და მოვხატავ-მეთქი. გადამედო, გადამედო და რამდენიმე დღის წინ ჩემმა ბიჭმა იქ უცებ საოცარი რაღაცები მოხატა. ყველაზე უცნაური ფორმა, რაც ამ ნახატშია, ისეთი - ფარსმის ერთ-ერთ ციხეზეა ამოკვეთილი. ზუსტად არ ვიცი, რა არის, სავარაუდოდ, გველეშაპიც შეიძლება იყოს. მიშიკოს ომალოშიც აქვს დახატული, იქაც იშვიათი რაღაცები გააკეთა.

- მამის გზას გაჰყოლია...

- კი, ხატავს, უკვე 26 წლის არის და ჩემზე მაგარი მხატვარია. არაფერს იზარებს. ყოჩაღია. თბილისში შენობების კედლებზე ცხვრები რომ ხატია, მისი ნამუშევრებია. ლამბი მიშკას ბატკანი - ასე ჰქვია. ლამბი მისი ფსევდონიმია და ინგლისურად ბატკანს ნიშნავს. რომ ჰკითხავ, - ბატკანს რატომ ხატავო? - გპასუხობს, - ბატკანი თუში მეცხვარისაა და მაგიტომო.

თუშები ან მეცხვარეები არიან ან მფრინავები და შიგადაშიგ - მხატვრები... ჩემი პატარა გოგო - თებრო, რომელიც 5 წლისაა, უკვე კარგად ხატავს. ერთხელაც ხატვისას დედას ჰკითხა - დე, ხატვა იციო? - დედამ - არაო. - შენ სულაკაური ვერ იქნებიო...

სალომე სულაკაურიც ხატავს, მაგრამ ხატვის მიმართ დიდად ინტერესი არ აქვს. მირიანი, ზურიკოს შვილი არ ხატავს, მაგრამ ისეთ კერძებს ამზადებს, იმას დიდი შემოქმედებითი უნარები უნდა... თავად ზურიკო, ჩემი ძმა, ხომ ხატავს და ხატავს...

ზალიკოს შვილები მიშიკო და თანანო

- ნათე ვარ და დღეობა უნდა გადავიხადოო, - პოსტში წერდი... რას გულისხმობდი?

- თუშეთში ყველა სოფელში დღეობები იმართება. ოღონდ, ისინი ერთმანეთს არ ემთხვევა, იმიტომ, რომ სხვადასხვა სოფლიდან ხალხი ჩვენს დღეობაზე სტუმრად ხომ უნდა მოვიდეს და მათთან ჩვენც ხომ უნდა წავიდეთ? ჰოდა, გაისად ნათეობა მე მიწევს. დღეობა უნდა გადავიხადო. ამ დღეს ალუდი უნდა მოვხარშო (ლუდს თუშები ასე ეძახიან. საოცარი რამ არის), ჭედილა დავკლა, მოკლედ, სტუმრებს უნდა გავუმასპინძლდე...

- ე.ი. ნათეს თქვენს სოფელში ეძახიან ადამიანს, ვინც დღეობას იხდის.

- კი და მაგას წინ უსწრებს ერთგვარი "არჩევნები“... ვისაც დღეობა არ ჩაუტარებია, მათ გვარ-სახელებს ყუთში ყრიან და იქიდან 5 გვარ-სახელს ირჩევენ. წელს ორი სულაკაური ამოვიდა. ზალიკო სულაკაური და არსენა, ჩემი ბიძაშვილის შვილი. ერთი წლის განმავლობაში, წესია ასეთი, - ნათე დღეობისთვის ემზადება.

დღეობა აგვისტოს პირველ ხუთშაბათს ტარდება, მაგრამ აღდგომიდან დღეობამდე ის გარკვეულ წესებს იცავენ. არ უნდა მიირთვას ქათმისა და ღორის ხორცი. მაგალითად, იმ დღეს ცუდი ამინდი რომ იყოს, იწვიმოს ნათეები ერთმანეთს უყურებენ და ეკითხებიან, - რომელმა შესცოდა? რომელმა მიირთვა ქათმის და ღორის ხორცი... არის კიდევ რაღაც აკრძალვები...

- მთიულეთში სადაც ხატია, იქ ქალის შესვლა არ შეიძლება. თქვენთან?

- კი, ჩვენთანაც ასეა. ქალები როგორც ეკლესიაში, საკურთხეველში არ შედიან და ამბიონზე ასვლის უფლებაც მხოლოდ ერთხელ, ჯვრისწერაზე აქვთ, - ასეა ხატის შემთხვევაშიც. ფარსმაში არის წმინდა გიორგის, წმინდა მარიამის სალოცავები... თუშური ტრადიციები რელიგიასთან ასეა შერწყმული.

წლევანდელი ნათეებიდან ერთ-ერთი დათო ქააძე იყო, ის დიმა ქააძის ძმაა, გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ერთ-ერთი პილოტი რომ იყო. ამიტომ, წელს დღეობას სამგლოვიარო ფორმა ჰქონდა. ცეკვა-თამაში და დოლ-გარმონი არ ყოფილა. მთელი სოფელი გლოვობდა. ამ ამბავმა ქვეყანა შეძრა... ის დაღუპული ადამიანები გმირები არიან... არადა, ტრაგედიის წინა დღეს თავად დიმამ და მისმა ძმამ სოფელში ვერტმფრენებით სურსათ-სანოვაგე ამოიტანეს.

დათომ მაპატიეთ, ოჯახში ტრაგედიაა და წელს ნათე ვერ ვიქნები, გვერდში ვერ დაგიდგებით. შემდეგ წელს მეექვსე ნათე მე ვიქნებიო.

ასე რომ, ფარსმიდან მარტო სულაკაურები კი არ არიან, ასეთი ძვირფასი ადამიანებიც გვყვანან - ორივე ძმა პროფესიონალი მფრინავი და საოცარი პიროვნება. სოფელს უნდა ჰქონდეს საამაყო და მიმაჩნია, რომ ჩვენი სიამაყე გმირი დიმა ქააძეა, ასევე ჩემი სოფლის ციხეები... ჩემი ფარსმა ულამაზესი სოფელია.

- შენც სოფლის სიამაყე ხარ - ცნობილი მხატვარი...

- ადრე პაატა კურტანიძემ მითხრა, - თუშეთში ვიყავი და შენი სოფელი ვნახეო. რომ მათვალიერებინებდნენ, ეს ზალიკო სულაკაურის სახლიაო, - მითხრეს... რა თქმა უნდა, სასიხარულოა...

ზალიკოს და ნინოს ჯვრისწერა შენაქოში

მე და ნინომ შენაქოში დავიწერეთ ჯვარი. ის ტაძარი კი მე და ჩემმა მეგობრებმა (ოთხმა მხატვარმა) მოვხატეთ. ამ საქმეში მთელი სოფელიც მონაწილეობდა. ჰოდა, გიდები ტურისტებს ახლა ასე უხსნიან, - ტაძარი ზალიკო სულაკაურმა მოხატა და ჯვარი აქვე დაიწერაო. არადა, ტაძარი უფროსი მხატვრის, გიორგი არსენიძის ხელმძღვანელობით მოიხატა, მაგრამ ჩემი გვარითა და სახელით გარკვეულ რეკლამას უწევენ.

- ე.ი. ამ ტრადიციებს შენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს...

- ეს ტრადიციები მისაღები რომ არ იყოს, სიხარულის ცრემლი არ წამოვიდოდა მაშინ, როცა იმ ყუთიდან ჩემი გვარი-სახელი ამოვიდა... მიხარია, თუშეთის ისტორიების და ტრადიციების ნაწილი რომ ვარ. ამ ყველაფერს ვუფრთხილდები ყველანაირად და მიყვარს კიდეც. იქ ჩემი წინაპრები არიან დასაფლავებული... ვენაცვალე ჩემს გვარსა და ჯიშს...

- ბავშვობაში ფარსმაში ალბათ აქტიურად ისვენებდი...

- სულ იქ ვიყავით. მე და ზურიკო ისეთი ცელქი ბავშვები ვიყავით, ნამდვილი ონავრები. მეზობლები "დურბინდით" გვადევნებდნენ თვალს... მიხაკო პაპა იყო მოხუცი კაცი, ერთხელაც სახლში წამოწოლილი იყო, ღუმელში ნაღვერდალი ბჟუტავდა, ჩემმა ძმამ დაინახა, რომ ფანჯარაზე რაღაც ტყვიები ეწყო, დათვზე სანადირო ტყვიები აღმოჩნდა. აიღო ის სამი ცალი. ეს ელგუჯამ დაინახა და თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა, რაღაცას მოიმოქმედებსო. ოთახში შემოვარდა - რა უყავი ტყვიებიო? ზურიკოს ენა ჩაუვარდა, ღუმელში შევყარეო. ელგუჯა ღუმელს ეცა და ხელით გამოყარა. რომ გავარდნილიყო, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა.

ასეთი ბევრი რამ ყოფილა... მერე სოფელში რამე რომ მოხდებოდა, ეგონათ, რომ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით. არჩილამ ერთ-ერთ წელს სახლი ბრჭყვიალა ჟესტით გადახურა. ზურიკო აძვრა, მე ქვემოთ ვიდექი, ვუყურებდი, არავის დავენახეთ. ჩემმა ძმამ სახურავი ხის ხმლით დააზიანა. არჩილა მოვიდა და კარგი სილაც გამაწნა, დღემდე მახსოვს... არადა, სახურავის დაზიანებას მიზეზი ჰქონდა - ის ბრჭყვიალა სახურავი ლამაზ სოფელს ამახინჯებდა, სახეს უკარგავდა. ჩვენ ცივილიზაციის შემოტანით კულტურის და სილამაზის დამახინჯება გავაპროტესტეთ.

ზალიკოს უმცროსი ქალიშვილები: თანანო და თებრო

- ზალიკო, გურჯაანში სამხატვრო სკოლა გაგიხსნია. არიან დაინტერესებული ბავშვები?

- ჩემი ცოლი გურჯაანის რაიონიდან არის, ვიფიქრეთ, თბილისში "ზალიკოს სტუდია“ უკვე 17 წლისაა და რატომაც არა, მოდი, გურჯაანშიც გავხსნათო. ადგილობრივი მთავრობა და ყველანი გვერდით დაგვიდგნენ. ისეთი გონიერი და ნიჭიერი ბავშვები მოვიდნენ, გაოცებული ვარ. თბილისში 100 ბავშვიდან 20-ია მაგარი, აქ პირიქითაა... არ მეგონა, თუ ასეთი ინტერესი იქნებოდა. მიხარია.

ახლა ვფიქრობ, თელავმა, ყვარელმა რა დააშავა-მეთქი?! მით უფრო, რომ დედით კახელი ვარ, დედაჩემი ყვარლიდან არის... ჰოდა, ამაზეც ვიფიქრებ...

- ბევრ ბავშვს დააწყებინე ხატვა და ეს რას ნიშნავს შენთვის?

- კი, ბევრი მეუბნება, - ხატვა დამაწყებინე, შენ რომ არა, არ დავხატავდიო. მოკლედ, მთელ საქართველოს ხელში ფანქარი ავაღებინე (იცინის). მიხარია, რატომ არის ცუდი? კარგი ადამიანები გამოდიან, ფურცელზე გული და სული გადმოაქვთ. ვიცი, რომ ამ ბავშვებიდან რამდენიმე კარგი მხატვარიც დადგება, რაც ჩემი სიძლიერე იქნება. ყველას წარმატებებს ვუსურვებ.