ავტორი:

"დაამტკიცა, რომ სოფის ბრალი არ ყოფილა ექსკურსიაზე წასული უკან მკვდარი რომ ჩამოვასვენეთ" - რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ ექსკურსიისას გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე

"დაამტკიცა, რომ სოფის ბრალი არ ყოფილა ექსკურსიაზე წასული უკან მკვდარი რომ ჩამოვასვენეთ" - რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ ექსკურსიისას გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე

ლაგოდეხში ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის საქმეზე გურჯაანის სასამართლომ განაჩენი განოიტანა. ამის შესახებ დაღუპული მოზარდის და, ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"რამდენიმე წუთის წინ გურჯაანის სასამართლომ (მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი) გამოაცხადა გადაწყვეტილება სოფის საქმეზე, წარდგენილი ბრალი იყო სსკ 220-ე მუხლის მეორე ნაწილი, გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია: სპორტის მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. (ისეთი სიხარულის ყიჟინა დასცხო, გული შემიწუხდა, ალბათ ამიერიდან უფრო ბედნიერად გააგრძელებს მუშაობას იმავე სკოლაში, აბა ჰე აბა ჰო) დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ, და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც განესაზღვრა პირობითი სასჯელით. მინიმუმ ის მაინც დაამტკიცა ბავშვიკმა, რომ მიუხედავად სკოლის ადმინისტრაციის უსინდისო მტკიცებისა, სოფის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა ექსკურსიაზე წასული უკან მკვდარი რომ ჩამოვასვენეთ. (და ეს საკითხი რომ იყო გასარჩევი ხო საერთოდ..)" - წერს სალომე ბარკერი.

სოფო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების საქმეზე, 2020 წლის ზაფხულში საქართველოს პროკურატურამ ბრალი სკოლის ორ პედაგოგს წარუდგინა. მოგვიანებით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და პედაგოგები აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა „ალბიონის” XI კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, "ნინოსხევის ჩანჩქერის" მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ "ნინოსხევის“ ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.