ავტორი:

ხანძრები სხვადასხვა ადგილას და აფეთქებები რუსულ ავიაბაზაზე - რა ხდება ყირიმში?

ხანძრები სხვადასხვა ადგილას და აფეთქებები რუსულ ავიაბაზაზე - რა ხდება ყირიმში?

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის რაიონის გვარდეისკოეს დასახლებაში მდებარე სამხედრო აეროდრომის თავზე შავი კვამლი ჩანს, - ინფორმაციას "კომერსანტი" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, მანამდე, აღნიშნულ ავიაბაზაზე აფეთქებების ხმა გაისმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხელისუფლება ამოწმებს ვერსიას საბრძოლო მასალის საცავზე მცირე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის განხორციელებასთან დაკავშირებით, თუმცა არსებულ ვითარებაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

  • ეს დღეს ყირიმში აფეთქებების პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე ჯანკოის რაიონის ქალაის (აზოვის) დასახლებაში რუსეთის სამხედრო ნაწილში ხანძარი იყო. ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეზე, რეფატ ჩუბაროვზე დაყრდნობით გაავრცელა.

"მოხსენება დროებით ოკუპირებული ყირიმიდან: წარმატებული დარტყმა ორკების სამხედრო ნაწილზე ჯანკოის რაიონის სოფელ ქალაიში (ახლანდელი აზოვი)", - აცხადებს ჩუბაროვი.

მისი თქმით, რუსეთის მიერ დასმული ყირიმის რეგიონის ხელმძღვანელი, სერგეი აქსენოვი სოფელ მაისკოეში გაემგზავრა, რომელიც აზოვიდან 1 კილომეტრში მდებარეობს.

  • აღნიშნულის შესახებ განცხადება გააკეთეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც.

"ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, საბრძოლო მასალის დროებითი შესანახ ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც საბრძოლო მასალა აფეთქდა“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, არსებული ინფორმაციით, სერიოზული დაზიანება არავის მიუღია. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება.