ავტორი:

ეს სარაკეტო დარტყმა იყო - უკრაინელების შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულზე და თანამგზავრული ფოტოები, რომელმაც რუსეთის გენშტაბი მორიგ ტყუილში ამხილა

ეს სარაკეტო დარტყმა იყო - უკრაინელების შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულზე და თანამგზავრული ფოტოები, რომელმაც რუსეთის გენშტაბი მორიგ ტყუილში ამხილა
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

9 აგვისტოს, დღისით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, საკის სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების სერია, რაც იქვე, პლაჟზე მყოფმა ასობით დამსვენებელმა მობილური ტელეფონების კამერებით დააფიქსირა, ეტყობა, თავის ახსნას პოულობს...

თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები ხანძრის შემთხვევითმა გაჩენამ გამოიწვია, როდესაც რამდენიმე საბრძოლო საჭურველი აფეთქდა, მაგრამ ამას არც მსხვერპლი მოჰყოლია და არც აეროდრომზე მდგომი თვითმფრინავები დაზიანებულანო...

10 აგვისტოს, ბოლოსკენ, კერძო კომპანიის კუთვნილი თანამგზავრის საშუალებით გადაღებული კოსმოსური ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ძალიან კარგად მოჩანს საკის სამხედრო აეროდრომის რა ნაწილებში მოხდა აფეთქებები და რამდენი თვითმფრინავი განადგურდა.

ძალიან დიდი ალბათობით, ადგილი ჰქონდა, არანაკლებ, ოთხ სარაკეტო დარტყმას აეროდრომის იმ ნაწილში, სადაც Су-30СМ და Су-24М ტიპის რუსული საბრძოლო თვითმფრინავები სპეციალურ კაპონირებში იდგნენ, მაგრამ ამან მათ ვერ უშველა - სარაკეტო დარტყმების შედეგად, არანაკლებ, 9 ერთეული რუსული თვითმფრინავი აფეთქდა და დაიწვა, აღარაფერს ვამბობთ აეროდრომის სიახლოვეს, შტაბთან მდგომ რამდენიმე ათეულ მსუბუქ ავტომობილზე, რომლებიც რუსი პილოტებისა და ტექნიკოსების კუთვნილება იყო.

საკის აეროდრომი დაბომბვამდე და...

ზოგიერთი უკრაინელი ოფიციალური პირი ამტკიცებს, რომ ამ დარტყმის შედეგად საკის აეროდრომზე 60 რუსი პილოტი და 100 ტექნიკოსი დაიღუპა, მაგრამ ეს ძალზე გაბერილ ციფრებად მოჩანს. თუმცა ასეთი, ზუსტი სარაკეტო დარტყმების შედეგად, რომლებიც დღისით, სამუშაო საათებში განხორციელდა, აეროდრომის ამ მონაკვეთში - თვითმფრინავების მომსახურების პროცესში - მართლაც უნდა ყოფილიყო ჩაბმული რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო.

კვლავ ბუნდოვანი რჩება, თუ რა სარაკეტო შეიარაღების გამოყენებით შეეძლოთ უკრაინელებს, მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 200 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ საკის აეროდრომზე დარტყმების განხორციელება. ყველაზე რეალურად მაინც მოჩანს 280 კმ-მდე მფრენი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი "ნეპტუნებისა" ან "ჰარპუნების" გამოყენება, მაგრამ აქაც არის ერთი ნიუანსი - ეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ, ბგერამდელი სიჩქარით და მათი თვალით და მით უმეტეს - ვიდეოკამერით დაფიქსირება სავსებით შესაძლებელია, ამასთან, ფრენისას გამოსცემენ რეაქტიული ძრავის მუშაობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ხმას, რომლის დაუფიქსირებლობა შეუძლებელია. გააგრძელეთ კითხვა