რუსული მედია რამდენიმე დღეა წერს იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი სტივენ სიგალი დონბასზე და ზოგადად მთელ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. თუმცა ახლა გაირკვა, რომ სიგალს ფილმის დაფინანსებაზე რუსეთის კინოფონდმა უარი უთხრა.
კინოფონდში აცხადებენ, რომ ისინი უბრალოდ დოკუმენტურ ფილმებს არ აფინანსებენ. "კინოფონდი არ დააფინანსებს დოკუმენტურ ფილმს დონბასში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ არ გვაქვს დოკუმენტური ფილმების მხარდაჭერის მიმართულება", - განუცხადეს სააგენტო news.ru-ს კინოფონდის პრესსამსახურში.
"სტივენმა თქვა, რომ იმ ადამიანების 98%, რომლებიც კონფლიქტზე მედიაში საუბრობენ, დონბასში არასდროს ჩასულან. ამიტომ მსოფლიომ არ იცის სიმართლე და მას სურს შეცვალოს ომის შესახებ საზოგადოების, მსოფლიოს აღქმა“, - წერს "ტელეგრამზე" ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის "ხელმძღვანელი" დენის პუშილინი.
დონბასში მყოფი სიგალის ფოტოები სოციალურ ქსელში რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა გამოაქვეყნა. ფოტოებზე ჩანს, როგორ აკვირდება მსახიობი ოლენივკაში ნანგრევევს.