"უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არ შეუძლია აალების მიზეზის დადგენა, თუმცა მორიგ ჯერზე შეგახსენებთ სახანძრო უსაფრთხოების წესებსა და მოწევის აკრძალვას წესით დაუდგენელ ადგილებში" - ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმში მომხდარ აფეთქებას, რომელიც რუსული მხარის მტკიცებით, არა თავდასხმამ, არამედ საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია.
უკრაინის თავდაცვის უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ ხანძრის ფაქტი რუსეთმა შეიძლება საინფორმაციო ომში გამოიყენოს.
"უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არ შეუძლია აალების მიზეზის დადგენა, თუმცა მორიგ ჯერზე შეგახსენებთ სახანძრო უსაფრთხოების წესებსა და მოწევის აკრძალვაზე წესით დაუდგენელ ადგილებში. ხანძრის ფაქტი ტერორისტული ქვეყნის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნას საინფორმაციო ომში. არ გამოვრიცხავთ რომ ოკუპანტები „შემთხვევით“ იპოვიან რაიმე დამახასიათებელ „შევრონს“, „სავიზიტო ბარათს“ ან "დნმ-ს“,- ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროში უკრაინელებს ურჩევს შეინარჩუნონ სიმშვიდე და სჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების.
რუსეთში, საკის აეროდრომზე საბრძოლო მასალის აფეთქების მთავარ მიზეზად სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევას ასახელებენ.
"დღეს მკვიდრი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვლებიან ყირიმელი თათრები, ყარაიტები და კრიმჩაკები. და დღევანდელი აფეთქებები ნოვოფიოდოროვკაში კიდევ ერთი შეხსენება იმისა, ვისია ყირიმი. ის უკრაინისაა!“,- განაცხადა ვერესჩუკმა.
როგორც არესტოვიჩმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რუსებს „ასაფეთქებლების“ სიახლოვეს მოწევა დაღუპავს.
"რუსების ჩვევა მოწიონ "ასაფეთქებლის" სიახლოვეს, საბოლოოდ მათ დაღუპავს. რაც დამახასიათებელია ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს?“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
ცნობისთვის, დღეს „საკის“ აეროდრომზე აფეთქება მოხდა. უკრაინული საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ აეროდრომზე საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა და დარტყმა არავის განუხორციელებია.
სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფიოდოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.