ავტორი:

"მანქანა ამობრუნდა და ჯერ კიდევ მოძრაობდა, მე ღილაკთან მქონდა ხელი, თუ აალდებოდა, ეს სისტემა რომ ჩამერთო" - მევლუდ მელაძე დრიფტსა და თავს გადახდენილ ხიფათებზე

"მანქანა ამობრუნდა და ჯერ კიდევ მოძრაობდა, მე ღილაკთან მქონდა ხელი, თუ აალდებოდა, ეს სისტემა რომ ჩამერთო" -  მევლუდ მელაძე დრიფტსა და თავს გადახდენილ ხიფათებზე

საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის ხელმძღვანელი მევლუდ მელაძე, სხვა სპორტსმენებთან ერთად, დრიფტის ჩემპიონატში მონაწილეობდა. ეს სპორტი საკმაოდ პოპულარულია და ბევრი ახალგაზრდაა ამით დაკავებული. იმ დღეს ჩემპიონატი სპეციალურად მოწყობილ მოედანზე, ზუგდიდში ჩატარდა. შეჯიბრის დროს მოულოდნელად მევლუდ მელაძის კუთვნილი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. პირდაპირ ეთერში გადიოდა ეს კადრები და უამრავმა ადამიანმა ნახა, როგორ ამოვიდა კვამლი მანქანიდან და როგორ მოახერხა სახურავზე მდგარი ავტომობილიდან გამოსვლა გამოცდილმა სპორტსმენმა. მას, საბედნიეროდ, არანაირი დაზიანება არ მიუღია.

- ბატონო მევლუდ, მძიმე საყურებელი იყო ეს კადრები, რამ გამოიწვია თქვენი მანქანის ამოყირავება?

- დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ეტაპი ტარდებოდა. ძალიან პოპულარული სპორტია და ვცდილობთ შეჯიბრები რეგიონებშიც ჩატარდეს. ამით ვაჩვენებთ ახალგაზრდებს, რომ ეს უნდა აკეთონ პროფესიონალურად, სპეციალურ მოედანზე და არა - ქუჩაში. ეს რამხელა რისკის შემცველია, ესეც ნათლად გამოჩნდა ამ შემთხვევის დროს. თუ ეს არ ხდება სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე, შეიძლება მძიმე შედეგები მოგვიტანოს. დრიფტის დროს რისკი დიდია, მსგავსი რამ რომ შეიძლება მოხდეს, გააზრებული მაქვს, როცა შეჯიბრზე გავდივარ. ტექნიკურად შეცდომა იყო დაშვებული საბურავებთან დაკავშირებით, სადაც მეგონა, რომ ავტომობილი მოხვდებოდა, იქ არ მოხვდა და ბორდიურთან ოდნავ შეხებამ ავტომობილის გადაბრუნება გამოიწვია. ზოგადად სპორტული მანქანები შიგნით ძალიან დაცულია. კარკასიც, სავარძლებიც, ღვედებიც, ჩაფხუტიც, ცეცხლგამძლე კომბინეზონიც გაცვია და ა.შ. როცა ასეთი ფორმით მონაწილეობ, მრბოლელი ნაკლებად ზარალდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, რისკი დიდია.

სრულიად უვნებელმა დავტოვე ავტომობილი, ესეც ადასტურებს, რომ რასაც ვაკეთებთ, პროფესიონალურად უნდა ვაკეთოთ და ასეთ დროს მეტად დაცულები ვიქნებით...

- მართლა წამებში შეძელით ამოყირავებული და ცეცხლმოკიდებული მანქანიდან ამოსვლა, რა შეგრძნება იყო ეს თქვენთვის?

- გარედან ეს ყველაფერი დაახლოებით ფილმებში ნანახს ჰგავს, ისე ჩანდა, რომ წამებში დავტოვე მანქანა, მაგრამ შიგნით როცა ხარ, ეს პროცესი საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება. ბევრს ფიქრობ, ეს არ არის ისე, რომ მომენტალურად დასრულდა ყველაფერი. დიდი გამოცდილება მაქვს და არაერთი სხვა შემთხვევაც მქონია. შესაბამისად, ვიცი ისიც, ამ დროს რა უნდა გააკეთო, სხვას ვასწავლი უსაფრთხოების რა გზა უნდა გაიაროს... და ამ დროს საკუთარ თავსაც ვუკარნახე, რა უნდა მექნა ამ სიტუაციაში. როცა უკვე დასრულდა ავტომობილის მოძრაობა და დადგა სახურავზე, ძალიან სწრაფად გამოვრთე ძრავა, სპორტული მანქანის ღვედები ერთი ხელის შეხებით, წამში იხსნება. გავიხსენი ღვედი და დავტოვე ავტომობილი...

- არ შეგეშინდათ?

- პირველად რომ მომივიდა ხიფათი, მახსოვს, ეს იყო შიში, მაგრამ ახლა აღარ შემშინებია... როცა ვიცი, რა და როგორ უნდა ვქნა, უბრალოდ, ვმოქმედებ და მორჩა... ყველაზე მეტად რაც მანერვიულებს ხოლმე, ეს არის მაყურებელი - ჩემი ოჯახის წევრები, ახლობლები. ანუ ვინც ამ შეჯიბრს უყურებს, მათზე უფრო მეტად ვნერვიულობ. მანქანა ისე სწრაფად იმიტომ დავტოვე, რომ, მინდოდა, ისინი დამშვიდებულიყვნენ. ეს ავტომობილი ისეა მოწყობილი, რომ თავისი ცეცხლმაქრიც აქვს. რაც ვქენი, პირველ რიგში გარდა ცეცხლმაქრის მთელი სისტემა გვაქვს, რომელსაც ღილაკზე ერთი დაწოლით მთლიანად შეუძლია ჩააქროს შიდა და გარე სისტემა. ეს არც თუ ისე იაფი ღირს, მაგრამ როცა მრბოლელი ხარ, ეს სისტემა უნდა გააქტიურო. ანუ ავტომობილი რომ ამობრუნდა, ჯერ კიდევ მოძრაობდა, მაგრამ მე ამ ღილაკთან მქონდა ხელი, თუ აალდებოდა, ეს სისტემა რომ გამომეყენებინა, მაგრამ არ დამჭირდა.

როცა ასეთი რამ შეჯიბრისას, ტრეკზე ხდება, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები... 10 წამში ყველა ტრეკზეა, მართალია დავასწარი ყველას და გამოვედი მანქანიდან, მაგრამ კადრებშიც ნახავდით, რომ მომენტალურად ყველა იქ გაჩნდა...

- მანქანა გამოვიდა მწყობრიდან?

- ეს ჩემი პირადი ავტომობილი იყო. მისი აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ შიგნით იყო ძვირიანი მოწყობილობები დამონტაჟებული, მათ შორის ძრავა, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი მთელია და შესაბამისად, მოუწევს ახალ სხეულში გადანაცვლება. ზარალი საკმაოდ დიდია, ახალი ავტომობილი მჭირდება, რომელშიც გადავაწყობ ამ ყველაფერს, თან რაღაც დეტალებიც მჭირდება, რადგან ზოგიერთი მნიშვნელოვანი რამ გამოვიდა მწყობრიდან. ზარალი ალბათ 15 000 დოლარამდე იქნება. მანქანა დაზღვეული არ ყოფილა. სარბოლო ავტომობილებს არ აზღვევენ, რადგან ალბათობა იმისა, რომ დაზიანდეს, დიდია.

- წლებია ამ სპორტით ხართ დაკავებული, გვიამბეთ რა ასაკში დაინტერესდით ამით?

- არის რაღაცები, რის ინტერესი ადამიანს ბავშვობიდან გაქვს და რაც არ ქრება. ვიღაც ხატავს, ვიღაც მღერის, ვიღაც ჭიდაობს. რაც თავი მახსოვს, მას შემდეგ, რაც ბავშვობაში ქვიშაში ვთამაშობდი, მიყვარს მანქანებიც. 9 წლის ვიყავი პირველად დამოუკიდებლად რომ ვმართე ავტომობილი, მართვა მამამ მასწავლა.

ავტომობილი ჩემი სხეული და სულის ნაწილია, სხვა ახსნა არ მაქვს. სრულად მესმის იმ ახალგაზრდების, რომლებსაც იგივე მიდგომა აქვთ და მოსწონთ დრიფტი. თან თანამედროვე ავტომობილები ამის საშუალებას იძლევა, რომ ეთამაშო და ექსტრემალური ილეთები აკეთო. ჩემს ახალგაზრდობაში არ იყო ასეთი საშუალებები, მათ შორის არ იყო ტრეკზე მისვლის და საკუთარი ავტომობილის გამოცდის შესაძლებლობა. ამიტომ გამოვიყენებ ამ სიტუაციას და საჯაროდ ვეტყვი ყველას, თუ გვინდა და გვგონია რომ მაგრები ვართ და გვინდა ეს ვაკეთოთ, მაშინ ეს ვაკეთოთ დახურულ სივრცეში. ანუ გავრისკოთ ჩვენ ისე, რომ საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ სხვები. როცა ქუჩაში გავდივართ და ასეთ რამეს ვაკეთებთ, ჩვენი თავის გარდა სხვების სიცოცხლესაც საფრთხეს ვუქმნით. მართალია 9 წლის ვიყავი, როცა მარტო გავატარე ავტომობილი, მაგრამ რბოლაში გვიან ჩავერთე.

მანამდე ჭიდაობით ვიყავი დაკავებული, საკმაო ტიტულები მქონდა, როგორც მოჭიდავეს, თან ისეთი წლები იყო მაშინ, არავის ეცალა ავტორბოლისთვის. 27 წლის ასაკში ჩავერთე ავტოსპორტში, საკმაოდ დიდი ვიყავი და უკვე 23 წელია ამით ვარ დაკავებული.

- ალბათ ბევრ ხიფათსაც გადაჰყრიხართ, რომელი შემთხვევა დარჩა თქვენს მეხსიერებაში?

- სარბოლო ინციდენტები ბევრი იყო. ბოლოს რაც მოხდა, ეს არც პირველი იყო და არც უკანასკნელი. თუმცა ახლა ეს პუბლიკის თვალწინ მოხდა და ამიტომ მეტი რეზონანსი მოყვა, თორემ რბოლის დროს ავტომობილი ხშირად ზიანდება, თუმცა მრბოლელი ნაკლებად... ჩემი ერთი შემთხვევის შემდეგ სწავლებაში შემოვიტანე წესი, რასაც ნულოვანი სიტუაცია დავარქვი. ანუ როცა მიდიხარ მანქანით, საფრთხე არ ჩანს, მაგრამ სწორედ მაშინ ხდება შემთხვევა. ასეთი რამ შემემთხვა 2006 წელს, ახალნაყიდი სპორტული ავტომობილი სერვის ცენტრიდან გამოვიყვანე და სახლში მიმყავდა, სანაპიროზე ბევრი არავინ მოძრაობდა, მე და ერთი ტაქსის მძღოლი ვიყავით, ოღონდ იმ მძღოლმა უცებ გადაწყვიტა სანაპიროზე მოეტრიალებინა მანქანა და უკან დაბრუნებულიყო. მოხვევის დროს ჩემს ავტომობილს შეეხო, ისეთ ადგილზე მოუხვია, სადაც არ იყო მოსახვევი, მეც დავტრიალდი და დავეჯახე. ეს იყო ჩემი ერთადერთი ავარია, რომელიც ქალაქის პირობებში შემემთხვა, ჩემგან დამოუკიდებლად. ძალიან მძიმედ დავშავდი მაშინ, ავტომობილი იყო სპორტული და ფოტოები რომ ნახოთ იტყვით, - აქედან საერთოდ როგორ გადარჩა ადამიანიო. სხვისი ბრალეულობით მოხდა ეს და დაზიანებებიც სერიოზული მქონდა. ამის შემდეგ შემოვიტანე ექსტრემალურ სწავლებაში ნულოვანი სიტუაცია, ანუ სხვის მაგივრადაც შენ უნდა იფიქრო, როცა მოძრაობ ტრანსპორტით. ჩემთვის მაგარი მძღოლი ნიშნავს იმას, თუ მის ირგვლივ ვინც მოძრაობს, ყველას მაგივრად აზროვნება შეუძლია. რადგან სხვისი არასწორი მანევრის გამო, შეიძლება შენ დაზარალდე. ერთადერთი შემთხვევა იყო როცა დავშავდი და პატარა ამნეზიასავით დამემართა, სამი დღე ერთი და იგივე კითხვებს ვსვამდი სულ, საკმაოდ ბევრი ტრავმა მქონდა. არადა, ამ დროს უკვე პროფესიონალი მრბოლელი ვიყავი.

- ბევრი ახალგაზდაა დაინტერესებული დრიფტით, მათ რას ურჩევთ?

- მოვიდნენ ტრეკზე, "ლილო არენა" შევქმენით ზუსტად ამისთვის. ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და გამოცადოს თავისი თავი, დაიხარჯოს და წავიდეს. პარალელურ რეჟიმში ვატარებთ უამრავ სამოყვარულო შეჯიბრს და ამაშიც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. წელიწადში 600 ადამიანია გარდაცვლილი ავარიის შედეგად, ეს ძალიან ბევრია, ამიტომ სჯობს პროფესიონალურად ვისწავლოთ ეს ყველაფერი. ბევრი ახალგაზრდაა დაკავებული ამით, ვფიქრობ, მალე ბევრი მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენი გვეყოლება. მეც პირადად დრო არ მრჩება, იმდენი მოსწავლე მყავს. დრიფტი მთელ მსოფლიოში ვითარდება. საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია იძულებული გახდა დაეწერა სპეციალური წესები ამ სახეობისთვის. მსოფლიოში 14 კაცია, ვინც განსაზღვრავს ამ წესებს და ერთ-ერთი მეც ვარ. ონლაინ ვამუშავებთ.

- როცა ავტორბოლაში მონაწილეობ, რა ემოციაა ეს?

- ადრენალინი - ყველაზე რთულია გადმოსაცემად ეს ემოცია, რომელიც ახლავს ამ სპორტს. ახლა რაც შემემთხვა, ეს ნაწილია ამ ყველაფრის, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვიზიდავს მრბოლელებს, მაგრამ, არ ვიცი, რატომ. ეს გვჭირდება, მაგრამ არ ვიცი რაში გვჭირდება. ალბათ ანალოგიურად არიან მთამსვლელებიც და იმიტომ ადიან სიმაღლეზე, რომ უნდათ საფრთხის პიკში ყოფნა. ეს შინაგანი მოთხოვნაა. ამის გადმოცემა არ შემიძლია და როგორც კი ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეს მოთხოვნა აქვთ, მათ ვესაუბრები, ვაჩვენებთ რა არის ეს ყველაფერი. ვეძებთ ალბათ სიცოცხლის შუა ზღვარს. არ გაქვს სხვისი სიცოცხლის გარისკვის უფლება და როცა ამ სპორტში ერთვები, გააზრებულად მიდიხარ რისკზე, იმიტომ რომ ეს რისკი შენთვის სხეულის და სულის ნაწილია.

- გასაგებია თქვენმა პროფესიონალიზმა გიშველათ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა უფრო მძიმედ დასრულებულიყო ეს შემთხვევა?

- ყველაფერი დგას უწვრილმანეს ნიუანსებზე, წამის მეათედში მოქმედებ, ამისთვის არის საჭირო ცოდნა, უნდა იცოდე როგორ დაიძვრინო თავი. მე ამას ინსტინქტურად ვაკეთებ უკვე, პროფესიონალებიც ასე აკეთებენ. ამას სჭირდება დრო და გამოცდილება. სხვაგვარად შეიძლებოდა ცუდად დამთავრებულიყო ყველაფერი. ახლობლებისთვის უფრო მეტად ემოციური იყო, ვიდრე ჩემთვის. ჩემმა მეგობარმა დამირეკა, 3 წლის შვილთან ერთად უყურებდა რბოლას, თურმე პატარამ დაიწყო ყვირილი, - "მევლუდის მანანა" გადაბრუნდაო. როგორც გითხარით, უსწრაფესად იმიტომ დავტოვე მანქანა, რომ ჩემს ახლობლებს ენახათ, რომ ყველაფერი კარგად იყო...

იხილეთ ასევე: