ავტორი:

"რუსეთის 2008 წლის ომი საქართველოს წინააღმდეგ ჯერ არ ქცეულა ისტორიად, არ ჩაბარებია წარსულს - მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია" - ზელენსკი

"რუსეთის 2008 წლის ომი საქართველოს წინააღმდეგ ჯერ არ ქცეულა ისტორიად, არ ჩაბარებია წარსულს - მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე კვლავაც არსებობს და აუცილებელია, საერთაშორისო ურთიერთობებში შეიქმნას მსგავსი აგრესიის პრევენციის პრინციპი.

„ამ დღეებში იხსენებენ რუსეთის 2008 წლის ომს საქართველოს წინააღმდეგ. ბევრს საუბრობენ ამ ომის წინაპირობებზე, მის შედეგებზე. იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდა რუსეთის ხელმძღვანელობის გამბედაობა იმ წელს უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ში წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უარის თქმამ. მაგრამ მაინც, იმდროინდელი ომი ჯერ კიდევ არ ქცეულა ისტორიად, არ ჩაბარებია წარსულს. ამიტომ, მომხდარზე მეტად იმაზე საუბარია საჭირო, რა შეიძლება გაკეთდეს. იმდროინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე კავკასიის ამ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ის გაყინულია. მსოფლიომ მხოლოდ ახლა დაიწყო ასეთი აგრესიების აღსაკვეთად და ნებისმიერი აგრესორის პასუხისგებაში მისაცემად ეფექტური ინსტრუმენტების საჭიროების გაცნობიერება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, 2008, 2014 და 2022 წლებში დაწყებულ ომებს სხვადასხვა მასშტაბი და ხასიათი აქვს, მაგრამ მომხდარს ერთი არსი აქვს – უსაფრთხოების რეგიონულმა და გლობალურმა მექანიზმებმა არ იმუშავეს.

“სწორედ ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო ურთიერთობებში აუცილებელი პრევენციის პრინციპი, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით, ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე. თუ უკვე ცხადია, რომ სახელმწიფო ამზადებს აგრესიას - უსამართლო, არაპროვოცირებულ, უკანონო, აგრესიას, მაშინ მსოფლიოს რეაქცია მის მომზადებაზე იგივე უნდა იყოს, რაც მომხდარ აგრესიაზე. აუცილებელია მოქმედება ომის თავიდან ასაცილებლად და არა დარტყმებისა და მსხვერპლის ლოდინი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ გაყინული კონფლიქტები არ უნდა დარჩეს.

“რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ამ ომის შემდეგ არ უნდა დარჩეს გაყინული კონფლიქტები. ესაა მნიშვნელოვანი დასკვნა. უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყველაფერი, რაც რუსეთმა დროებით მიიტაცა, ხოლო აგრესორი სახელმწიფო უნდა დაისაჯოს დანაშაულებრივი აგრესიისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.