ავტორი:

"დასავლეთში 2008 წელს ვერ მიხვდნენ რა მოტივით ხელმძღვანელობდა რუსეთი... პუტინის გეგმები მაშინაც იგივე იყო, რაც დღეს არის" - რა შეცდომა დაუშვა აგვისტოს ომის დროს დასავლეთმა?

"დასავლეთში 2008 წელს ვერ მიხვდნენ რა მოტივით ხელმძღვანელობდა რუსეთი... პუტინის გეგმები მაშინაც იგივე იყო, რაც დღეს არის" - რა შეცდომა დაუშვა აგვისტოს ომის დროს დასავლეთმა?

2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან, რის შედეგადაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოხდა, 14 წელი გავიდა. მაშინ აშშ-შიც და ევროპაშიც ყველა კარგად ხვდებოდა, რომ რუსეთმა საქართველო სწორედ პროდასავლური კურსის გამო დასაჯა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, ანუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოყოლილი უმწვავესი დასავლური პასუხის გათვალისწინებით, ყველა ცხადად ხედავს, რაოდენ არასაკმარისი და არასათანადო იყო 2008 წელს ჩვენი პარტნიორების რეაქცია. მეტიც - მაშინ დასავლეთი ცდილობდა, მომხდარში ნაწილობრივ საქართველოც დაედანაშაულებინა, რასაც მოწმობს ტალიავინის კომისიის დასკვნაც. დღეს ჩვენი პარტნიორები უკვე აღიარებენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც ვერ შეძლეს და პუტინის რეჟიმის ვერაგი მიზნები ვერ დაინახეს. რა ხდებოდა 14 წლის წინ მსოფლიოში, რატომ ვერ შეძლეს აშშ-მა და ევროპამ გაეთვალათ რუსეთის ზრახვები 2014 წლის ყირიმის ოკუპაციის შემდგომ მაინც და რატომ არ იმოქმედა დასავლეთმა ისევე კონსოლიდირებულად და ეფექტიანად რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როგორც დღეს უკრაინაში მოქმედებს? - ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრას"ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ესაუბრება. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- მართალია, დღეს ყველა აღიარებს, რომ 2008 წელს დასავლეთის დამოკიდებულება გაცილებით რადიკალური და მკაცრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ჩემი აზრით, ვერ იქნებოდა და ამას არაერთი მიზეზი ჰქონდა. უპირველესად ის, რომ 2008 წელს კონტექსტი სრულიად განსხვავებული იყო. მაშინ ყველა მხარემ აღიარა, რომ დაეთანხმებოდა ევროკავშირის ეგიდით შექმნილი ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნას, რომელშიც ჩაიწერა, რომ ომის დაწყებაში ორივე მხარე იყო დამნაშავე და სწორედ აქ იყო მოშველიებული ჩემ მიერ ნახსენები კონტექსტი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იდგნენ რუსი სამშვიდობოები, რაც ხელზე დაიხვიეს რუსებმა და ამტკიცებდნენ, ქართულმა მხარემ ჩვენს სამშვიდობოებს ესროლაო... მოკლედ, რუსეთმა ომის დასაწყებად ფორმალური მიზეზი გამოძებნა. ასეთი პირდაპირი და აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესია, რაც უკრაინაში მოხდა, 21-ე საუკუნეში სხვა არც ყოფილა. ის, რასაც ახლა აკეთებს რუსეთი, ამ საუკუნეში არსად მომხდარა, არც - 2008 წელს. მაშინ რუსებს რაღაც მაინც ჰქონდათ სათქმელი. ეს ერთი მიზეზია, რატომ არ იმოქმედა დასავლეთმა უფრო რადიკალურად. გარდა ამისა, იმხანად ისევ იყო ილუზია, რომ პუტინთან შერიგება შეიძლებოდა - გვახსოვს ობამას "გადატვირთვის პოლიტიკა"... და დასავლეთმა ამ ილუზიით იცხოვრა 2022 წლის 24 თებერვლამდე.

- საქართველოსთან ომიდან ექვსი წლის შემდეგ, 2014 წელს, რუსეთმა ყირიმი დაიპყრო, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთმა ისევ თვალი დახუჭა. რატომ?

- სამწუხაროდ, ისევ ჩემი ნახსენები ილუზიის გამო. იქაც იპოვეს რაღაც ხელმოსაჭიდი: ამბობდნენ, ყირიმი უკრაინას რუსეთმა გადასცა ხრუშჩოვის დროს, იქ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დგასო და ა.შ. ისევ გაამართლა პუტინი იმ ხალხმა, ვისაც სურდა, დაეჯერებინა, რომ კიდევ შეიძლებოდა მასთან მორიგება, რაც შეცდომა იყო და ეს დღეს თვალსაჩინოა...

- ამას უკვე აღიარებენ აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების ლიდერები... არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომლებშიც ნახსენებია 2008 წლის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და გამოთქმულია სინანულიც, რომ დროულად ვერ მოხერხდა რუსული საფრთხის გაანალიზება...

- ამბობენ, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო... ეს დაემართა დასავლეთსაც. მაშინ მათ ვერ დაინახეს, ვერ გათვალეს, რა მოტივით ხელმძღვანელობდა პუტინი, მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რაც იყო 2008 წლის აგრესიის რეალური მიზეზი. მიუხედავად განსხვავებული კონტექსტისა, პუტინის გეგმები 2008 წელსაც იგივე იყო, რაც დღეს არის.

- 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამის მტკიცება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, საქართველო განწირული იყო ამ ომისთვის, თუ მაინც შეიძლებოდა რამის შეცვლა?

- ჩემი აზრით, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. გადაწყვეტილებამ, რომ საქართველოსთვის მაპ-ი არ მიეცათ, რუსები გაათამამა. მათ დამატებითი ჯარი შემოიყვანეს აფხაზეთში და გახსნეს ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობები სოხუმსა და ცხინვალში, ანუ ისინი ამ ტერიტორიების წაღებაზე უკვე ფიქრობდნენ, ოკუპაცია ჩაფიქრებული ჰქონდათ, თუმცა, შესაძლოა, ეს გაეკეთებინათ სამხედრო ოპერაციის გარეშეც, არ ვიცი... მხოლოდ ჰიპოთეზურად შეიძლება დავუშვათ, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება 2006-2007 წლებში უფრო ფრთხილ საგარეო პოლიტიკას გაატარებდა, თუმცა, სავარაუდოდ, ამის ჰიპოთეზურად დაშვებისასაც ვცდები... გააგრძელეთ კითხვა