ავტორი:

"დაე, ნუ შეგრცხვებათ, რომ თქვენი სისხლი და ხორცი ვარ" - გზირიშვილების ოჯახის სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი: მამა აფხაზეთის, შვილი კი აგვისტოს ომს შეეწირა

"დაე, ნუ შეგრცხვებათ, რომ თქვენი სისხლი და ხორცი ვარ" - გზირიშვილების ოჯახის სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი: მამა აფხაზეთის, შვილი კი აგვისტოს ომს შეეწირა

2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალის შესასვლელთან, დაბომბვას ემსხვერპლა 20 წლის კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი.

მოგვიანებით, ნახეს 7 აგვისტოს დაწერილი წერილი, რომელიც სოციალურ ქსელში მისმა დედამ მარინა გზირიშვილმა გამოაქვეყნა:

"დე, მე მინდა შენც ისე უყურებდე ამ ომს, როგორც მე ვუცქერი, უშიშრად. დე, თუ ჩემი ბედი ამ ომში დამთავრდება, თუ მე სიკვდილი მიწერია ამ ომში, ძალიან ძვირად დავუსვამ მტერს ჩემს სიცოცხლეს. დაე, თქვენ ნუ შეგრცხვებათ, რომ მე თქვენი სისხლი და ხორცი ვარ. თქვენ შეგიძლიათ ამაყად თქვათ, რომ ვიცავ ჩემს სამშობლოს, მადლობელი ვარ დედა შენი, სიმართლე და ვაჟკაცობა რომ მასწავლე. ხომ გახსოვს, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსათვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი".

მარინა გზირიშვილი იხსენებს, რომ მასთან შვილის შეხმიანების ბოლო ფრაზა იყო: "მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით!''

ვახტანგ გზირიშვილი 1988 წელს დაიბადა, სმოლენსკის ოლქში, ქალაქ იარცევოში, სადაც მისი მშობლები მუშაობდნენ. მათ უკვე ჰყავდათ უფროსი ქალიშვილი ნათია, ვახტანგის უფროსი ძმა ამირანი კი, ერთი წლის ასაკში, ჯერ კიდევ რუსეთში წასვლამდე დაეღუპათ. ქალბატონი მარინა იხსენებს, რომ მათი საქართველოში დაბრუნება 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ დააჩქარა და ისინიც იარცევოდან სამშობლოში დაბრუნდნენ.

მერე იყო აფხაზეთის ომი. ბადრი გზირიშვილი გამოიძახეს და ფრონტის ხაზზე გაგზავნეს. ვახო იმხანად ოთხი წლის იყო. თავად ბადრი კი - 31-ს.

მარინა გზირიშვილი გადაცემა "ხალ შუადღეში" ჰყვება:

"ომიდან ერთხელ დაბრუნება მოასწრო, 2 თვეში ჩამოვიდა. ვეხვეწებოდი, რომ აღარ წასულიყო. მითხრა, როგორ არ წავალ, როცა იქ თითისტოლა ბავშვები იბრძვიან და მე აქ შინ როგორ ვიჯდეო? წავიდა და წავიდა. ბოლოს ტელევიზიით ვნახე. ბავშვმა დამიძახა, მამიკოა ტელევიზორშიო. მეომრებს ინტერვიუებს აჩვენებდნენ. კორესპონდენტმა მიკროფონი გადასცა, მანაც მოგვიკითხა და მე მომმართა, - მარინა, ვიცი, რა ძლიერი ქალი ხარ. თუ ცოცხალი არ დავბრუნდი, ვახტანგი ვაჟკაცად გამიზარდეო. ეგ იყო და ეგ..."

ბადრო გზირიშვილი აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა, სწორედ ეს გახდა დიდწილად იმის მიზეზი, რომ ვახტანგმაც სამხედროს გზა აირჩია და სამშობლოსთვის როცა ბრძოლა გახდა საჭირო, წუთით არ დაუხევია უკან.

დედა შვილების სარჩენად უცხოეთში იყო სამუშაოდ წასული. ვახომ ყველას უჩუმრად გადაწყვიტა საკონტრაქტო ჯარში შესვლა. დედას მხოლოდ სამი თვის თავზე გაუმხილა თურმე, - ჯარისკაცი შვილი გყავსო... დედა ამბობს, რომ შვილის ამ სიტყვებისთანავე უგრძნო გულმა, რომ რაღაც ავი ელოდათ. მარინა გზირიშვილი ამბობს, ამის მერე შიში გამიჩნდაო.

ვახომ ერაყში სამშვიდობო მისიით სამსახურიც მოასწრო. ახალი დაბრუნებული იყო, ომი რომ დაიწყო.

შეყვარებული ჰყავდა, დაქორწინებას გეგმავდა. დედას ეუბნებოდა, უნდა ჩამოგიყვანო სამშობლოში და დროა ჩემი შვილები გაზარდოო.

თუმცა არ დასცალდა...