ავტორი:

"ფხიზლად უნდა ვიყოთ..." - დიპლომატიური ნაბიჯი თუ ბიჭვინთის აგარაკების შენარჩუნების რეალური სურვილი: რატომ არ სჯერათ აფხაზებს "საკონსტიტუციო სასამართლოს" გადაწყვეტილების?

"ფხიზლად უნდა ვიყოთ..." - დიპლომატიური ნაბიჯი თუ ბიჭვინთის აგარაკების შენარჩუნების რეალური სურვილი: რატომ არ სჯერათ აფხაზებს "საკონსტიტუციო სასამართლოს" გადაწყვეტილების?

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის" რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმება პარლამენტს უკან დაუბრუნა.

ე.წ. საკონტიტუციო სასამართლოს აპარატის დე ფაქტო ხელმძღვანელის განცხადებით, დოკუმენტი იურიდიულად გამართული არ იყო, რადგან განმცხადებელმა მიმართვაში უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია საკითხის თაობაზე და წარმოადგინოს მისი სამართლებრივი საფუძველი.

დე ფაქტო პარლამენტს შეუძლია 3 დღის განმავლობაში გაასაჩივროს მოთხოვნის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება და თავიდან გააგზავნოს მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოში.

აფხაზებს არ სჯერათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ობიექტურად მიიღო. მათი მოსაზრებით, შესაძლოა, ეს ერთგვარი დიპლომატიური ნაბიჯი იყოს რეგიონში შექმნილი დაძაბულობის განსამუხტად, განსაკუთრებით საზღვაო სეზონზე, როდესაც იქაურობა სავსეა რუსი დამსვენებლებით და ანტირუსული გამოსვლები სიკეთეს არავის მოუტანს.

მათივე თქმით, სიტუაცია ჩაწყნარდება თუ არა, სასამართლოც სწრაფად დაამტკიცებს დოკუმენტს და პარლამენტიც მის რატიფიცირებას არ დააყოვნებს.

"ამიტომ, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, არ მოდუნდეს. ბჟანია-არძინბას ვითომ "ეკონომიკური პროგრამებით" დატვირთული მოსკოვური ვიზიტები "რუსეთში დაბარებას" უფრო წააგავს, ვიდრე ორ ქვეყანას შორის მეგობრულ თანამშრომლობას", - წერენ აფხაზები სოციალური ქსელებში.

3 აგვისტოდან აფხაზეთში სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით დაიწყო "ფლეშმობი", სახელწოდებით - "გადაარჩინე რაც გადარჩა". ემბლემაზე აფხაზეთია გამოსახული. იმ ადგილას კი, სადაც ბიჭვინთა მდებარეობს, გულია ჩასმული. აფხაზი სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ეს პროტესტის მეორე ნაწილია, რომელიც ბევრად მასშტაბური იქნება.

ბოლო რამდენიმე დღეა აფხაზეთში აგროვებენ საპროტესტო ხელმოწერებს ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ, პეტიციას ხელი უკვე 15 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. პარალელურად, რუსული გამოცემები წერენ, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა ახალი მეგაპროექტებისთვის რუსეთს ისევ ფულს სთხოვს.

akcent.site-ს ცნობით, აფხაზეთის ეკონომიკა ისედაც მთლიანად რუსეთზეა მიბმული, ეს ეხება როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ასევე - ბიზნესს.

"აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამბობს, რომ რესპუბლიკაში ყველაზე მსხვილ გადასახადის გადამხდელ კომპანიებს შორის პირველია "როსნეფტი" (გასული წლის გადასახადებში მის ანგარიშზეა თითქმის 500 მილიონი რუბლი). საერთოდ, აფხაზეთში 10 მსხვილი გადამხდელიდან, 8 - რუსული კომპანიაა", - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, რამდენიმე მილიარდი, რომელსაც აფხაზეთის ლიდერი რუსეთისგან ითხოვს, ენერგეტიკის სფეროს განახლებას სჭირდება, რათა რესპუბლიკას იაფი და სტაბილური ელექტროენერგია ჰქონდეს. ბჟანიას თქმით, ფინანსები საჭიროა საზღვაო პორტის განვითარებისა და რკინიგზის ხაზის აღდგენისთვის. მთლიანობაში, ბჟანია ინვესტიციებისთვის საჭირო თანხას არ ასახელებს, მაგრამ ირიბად მიანიშნებს, რომ აფხაზეთს შეუძლია რუსეთსა და ირანს შორის სატრანზიტო ლოგისტიკური ჰაბი გახდეს. მით უფრო, რომ ორი წლის შემდეგ სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი ამუშავდება. პირველ ეტაპზე აეროპორტის სადგური 10 ათას კვადრატულ ფართობზე იქნება განვრცობილი და იქნება იმაზე დიდი, ვიდრე თუნდაც ვლადიკავკაზის სადგურია", - აღნიშნავს გამოცემა.

გამოცემა წერს, რომ ბჟანია მეგაპროექტებისთვის საჭირო თანხას არ ასახელებს, თუმცა ადრე ამბობდა, რომ აფხაზეთს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა 120 მილიონი რუბლი. ახლა კი ხვდება, რომ ეს თანხა მისი გეგმების განსახორციელებლად ზღვაში წვეთია...

აფხაზები ამბობენ, რომ მათი ხელმძღვანელობის მოღალატური პოლიტიკისა და რუსეთის სიხარბის გამო, ისინი ყველა პროექტს, გაზიფიკაცია იქნება თუ სხვა, ეჭვის თვალით უყურებენ და მათში ქვეტექსტს ეძებენ.

"ოცდაათი წელია ვცდილობთ დავუმტკიცოთ, რომ მათთან მეგობრობა გვინდა, ქვეშევრდომობა - არა, მაგრამ ვერ გავაგებინეთ... არ ვიცი, რა გზა დარჩა, მაგრამ აქტიურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ ოპოზიციის უმეტესობა მოსყიდულია, რომ არაფერი ვთქვათ, გაყიდულ დეპუტატებზე. ეს ქვეყანა ასეთ პოლიტიკოსებს არ იმსახურებს, მაგრამ რაღა დროსია?!" - წერს ეთერ ესათია.

"ამ დღეებში ხელფასებისა და პენსიების მომატებაზე დაიწყო ბჟანიამ ლაპარაკი. ვინმემ თუ არ იცის, ეს მომატებული თანხები რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადებული ინვესტიციაა, რომელსაც ხვალ-ზეგ აუცილებლად ამოიღებს, ჩვენი სუსტი წინააღმდეგობის მიუხედავად", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი კომენტარებში.