აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთის არმიამ კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები წამოიწყო. მედიის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები ადგილობრივი დროით 12:00-ზე დაიწყო და 7 აგვისტოს დასრულდება.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საბრძოლო სროლა ისმის ტაივანის გარშემო, 6 ზონაში. ჩინეთის ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის გემები და თვითმფრინავები გააფრთხილა, არ დაარღვიონ იმ რაიონების სივრცე, სადაც სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.
ტაივანის ხელისუფლების განაცხადებით კი, ჩინეთი არღვევს გაეროს წესდებას, ტაივანის ტერიტორიულ სივრცეში იჭრება და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო საზღვაო და საჰაერო მიმოსვლას. მათივე თქმით, ოფიციალურ პეკინს კუნძულის საზღვაო და საჰაერო ბლოკადა მათზე ზეწოლის მიზნით სურს.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Two unidentified aircraft appearing on flight trackers<br>1 has no call sign and has been doing laps of Taiwan's southern coast in an area aligning with one of the PLA exercise zones. <a href="https://t.co/V8hD7HldKk">pic.twitter.com/V8hD7HldKk</a></p>— Helen Davidson (@heldavidson) <a href="https://twitter.com/heldavidson/status/1555046327720873984?ref_src=twsrc%5Etfw">August 4, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
ცნობისთვის, ნენსი პელოსი ტაივანში ოფიციალური ვიზიტით 2 აგვისტოს ჩავიდა. ის პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
3 აგვისტოს მან სიტყვით მიმართა ტაივანის პარლამენტს. პელოსიმ ტაივანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება უწოდა და ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ცაი ინვენს.
"დღეს მსოფლიო არის დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის არჩევანის პირისპირ", - თქვა პელოსიმ მოკლე გამოსვლაში, ტაივანის პრეზიდენტთან, ცაი ინვენთან შეხვედრის შემდეგ. "ამერიკის მიზანსწრაფვა შეინარჩუნოს დემოკრატია, აქ, ტაივანში და მსოფლიოს გარშემო, ურყევია", - განაცხადა მან.
ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ პელოსის ტაივანში ჩასვლა საფრთხეს შეუქმნის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუარესებს ურთიერთობას ვაშინგტონთან და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ჩინეთის მხრიდან.
პელოსის ვიზიტი უკვე დასრულდა, თუმცა ამ ვიზიტის პასუხად, ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, განაცხადა, რომ კუნძულთან ვაჭრობას ნაწილობრივ აჩერებს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აიკრძალა ტაივანისთვის სამშენებლო ქვიშის მიწოდება, ასევე კუნძულიდან ციტრუსების და ზოგიერთი სახეობის თევზის იმპორტი. ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ტაივანის პროვოკაცია, უცხო ძალების იმედით უზრუნველყოს ე.წ. დამოუკიდებლობა, გამოიწვევს კუნძულის დღევანდელი ხელისუფლების კოლაფსს და რეგიონს კატასტროფის წინაშე დააყენებს.
იხილეთ ასევე: