რამაზ დალაძე, რომელმაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა, თბილისში ჩამოვიდა, რათა გუდაურში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმროს. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
"ჩემი ოჯახის გადასარჩენად ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანა თითოეულმა მაშველმა, ამ გმირმა ადამიანებმა და მე რომ არ ჩამოვსულიყავი, არ შემეძლო. ჩემი ვალდებულებაცაა, რომ გერდით დავუდგე დაღუპულთა ოჯახებს. ის დღე, როცა ჩვენს თავს ტრაგედია დატრიალდა, თითქმის აღარც მახსოვს, მაგრამ ის კადრები დამამახსოვრდა კარგად, ქუჩაში რომ იყვნენ გამოფენილები ეს ბიჭები და ტროტუარზე რომ ისხდნენ, იწვნენ, ისვენებდნენ... ჩემი ბავშვის საწოლზე ისხდნენ, რადგან სხვა ადგილი არ იყო. ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მაგათ მალობას ვერასოდეს გადავუხდი. ძალიან დასაფასებელი ხალხია მაშველები. ადამიანები თქვენს გადასარჩენად და თქვენ რომ კარგად იყოთ, იმაზე არიან მუდამ მობილიზებული, როგორი შეგრძნებაა ეს... დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი ადამიანების დაღუპვა" - განაცხადა რამაზ დავლაძემ.
გუდაურში სამაშველო ვეტრმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპულები უკვე გადაასვენეს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
რაც შეეხება ბათუმში მომხდარ ტრაგედიას, შეგახსენებთ, რომ გასული წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის რამაზ დავლაძის ოჯახის ოთხი წევრი. მან ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ძმა დაკარგა.