ავტორი:

"რთულია, მაგრამ უნდა გაუძლო... შენ ძლიერი ადამიანი ხარ და მამაშენსაც გაუხარდებოდა" - როგორ ამხნევებს ხვიჩა კვარაცხელია სამაშველო ოპერაციისას დაღუპული მაშველის ვაჟს

"რთულია, მაგრამ უნდა გაუძლო... შენ ძლიერი ადამიანი ხარ და მამაშენსაც გაუხარდებოდა" - როგორ ამხნევებს ხვიჩა კვარაცხელია სამაშველო ოპერაციისას დაღუპული მაშველის ვაჟს

იტალიური "ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მაშველის, კახა ტორჩინავას შვილის გასამხნევებლად ვიდეომიმართვა გაავრცელა. როგორც ირკვევა, მაშველის ვაჟიც ფეხბურთს თამაშობს.

"ვიცი, რომ რთულია, მაგრამ ყველაფერს უნდა გაუძლო და ყველაფერი კარგად იქნება. შენ ძლიერი ადამიანი ხარ და მამაშენსაც გაუხარდებოდა, რომ შენ ძლიერად და მაგრად ყოფილიყავი. ის ყოველთვის თვალს გადევნებს, ამიტომ ყველაფერში ბოლომდე უნდა დაიხარჯო და ოცნება აიხდინო. გაუძელი, ძლიერად დარჩი, არასდროს დანებდე და აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. რომ ჩამოვალ, ჩემს მაისურს გაჩუქებ და ერთმანეთიც კარგად გავიცნოთ, მე შენს გვერდში ვარ“, - ამბობს კვარაცხელია ვიდეომიმართვაში.

კახა ტორჩინვა სამაშველო სამსახურში 16 წელი მუშაობდა და ამ ხნის განმავლობაში არაერთი სიცოცხლე იხსნა. ის ბოლო ოპერაციაზე 31 წლის კოლეგასთან - გიორგი მარგიანთან ერთად, წავიდა, მაგრამ თეთრი არაგვის ხეობიდან, უკან ვეღარ დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, ორი ადამიანი კლდეს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაიღუპა ტურისტი, პარაპლანის ინსტრუქტორი კი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო მაშველი კახა ტორჩინავა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს დღეს დაკრძალავენ...