დღეს უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა - 55 წლის ასაკში მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. ის 30 ივლისს ნატახტარში მომხდარი ავტოავარიის შემდეგად მძიმედ დაშავდა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მისმა უდროოდ წასვლამ საზოგადოება დაამწუხრა. მამუკა ონაშვილი ყველას უყვარდა და დღეს უკვე თითოეული მათგანი თავის მამუკას იხსენებს...
"როდესაც ცარიელ ტილოსთან ვრჩები, ის თვითონ მკარნახობს, სად რა უნდა გავაკეთო, ფერებსაც ვხედავ და იმას, თუნდაც ჩრდილი საიდან იქნება... ხან ყვავილების ხატვა მინდა, ხან - პორტრეტის, რასაც ვხატავ, იმ დროს ზუსტად იმ განწყობასა და ხასიათზე ვარ,“ - გვეუბნებოდა მომღერალი, რომელიც მაშინ პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა და მოგვიანებით მოაწყო კიდეც.
"ასე უცებ რაღაცების გაკეთება მომინდა, - სახლში ძველი საღებავები, გუაშებიც აღმოვაჩინე. თვითნასწავლი ვარ. ბავშვობაში რაღაცას ჩემთვის ვხატავდი, მაგრამ ამ საქმისთვის ხელი სერიოზულად არასდროს მომიკიდია. მოკლედ, ავიღე ქაღალდი, ის გუაშები და ხატვა დავიწყე, ნამუშევრები ვინც ნახა, ცუდად არ შემიფასეს - კარგი ჩანაფიქრებია, ფერებიც არ არის ცუდი, შენი ხედვა გაქვს და არ გაჩერდეო. ახლა ეს საქმე ჩემთვის უკვე ნარკოტიკივითაა - ჩამითრია, შემიყოლია... პროფესიულ ტილოზეც მომინდა გადასვლა, რომ ზეთით მეხატა. ზეთი უკვე სულ სხვა რამ არის - სხვა ფერები, სხვა მიდგომა, ტექნიკა. ეს ნამუშევრებიც ნახეს სპეციალისტებმა, მხატვრებმა, მათაც შემაქეს.
ასე რომ, არის პორტრეტები, ბუნება, ყვავილები, თაიგულები, კუბიზმი და სხვადასხვანაირი რამ. ოღონდ, ერთია, - ნამუშევრებს სახელს ვერ ვარქმევ - არც არის აუცილებელი, რადგანაც ყველა ინდივიდუალურად ხედავს. მოკლედ, მნახველს იმის საშუალებას ვაძლევ, თვითონ რაც უნდა, ის დაინახოს და სახელიც თავად დაარქვას.
სიმღერისთვის თავი არ დამინებებია და არც დავანებებ - ჩემი საქმეა, რომელიც შესისხლხორცებული მაქვს. მხატვრობა ჩემი ცხოვრების ერთი ახალი ეტაპია და სიამოვნებას მანიჭებს. თავს არც მას დავანებებ და ბოლომდე გავაგრძელებ. ყველა აკეთებს იმას, რასაც ხედავს და რისი დანახვაც შეუძლია. თავად სამყარო ისეთი ლამაზია და ისეთი საოცარი ფერები აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, აბსტრაქტულად ასახავ თუ არა მას, მთავარია, რომ ყველაფერი გადმოსცე ლამაზად, შესაბამისი ფერებით."
აი, ასეთი განსხვავებული ინტერვიუ ჩავწერეთ სამი წლის წინ მამუკა ონაშვილთან..ეს ნიჭიერი და მრავალმხრივი ადამიანი სამწუხაროა, რომ ნაადრევად წავიდა.
Ambebi.ge დღეს მის მეგობრებს ესაუბრა.
ნუგზარ კვაშალი:
- იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა, მაგრამ ვერ უშველეს, ძალიან დაზიანებული იყო. გული უზომოდ დაგვწყვიტა. მამუკაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, ის ჩვენი მეგობარი იყო, უნიჭიერესი და უნიკალური პიროვნება.
მახსოვს, ჯარიდან რომ დაბრუნდა, 70 კილოგრამი იყო, უსუსტესი. მამამისმა, ცხონებულმა გენომ, კომპოზიტორ ნოდარ ნიკოლაიშვილს, ჩვენს მეგობარს სთხოვა, სცენას და მუსიკას იქნებ აზიაროო. ნოდარმა ყველაფერი გააკეთა, რომ მამუკა სცენაზე მოხვედრილიყო და მანაც თავისი ნიჭიერებით ყველას გაუმართლა.
მამუკა მხოლოდ სიმღერა არ ყოფილა, ბოლოს რამხელაც იყო მოცულობით, ზუსტად ამხელა გული იყო სულ. ის იყო მეგობრობა, სიყვარული, უდიდესი იუმორი, რომლის უნარიც თანდაყოლილი ჰქონდა. განსხვავებული ადამიანი გახლდათ და ყველას ამიტომ გვწყდება გული, ლამის გასკდეს კიდეც.
ბოლოს ბედმა უმუხთლა, თუ რა იყო, ეს რა საბედისწერო ავარია მოხდა. ისიც დაიღუპა, ვინც დაეჯახა. არ შეიძლება ასეთი სისწრაფით სიარული და მოძრაობა. უნდა მიეხედოს ამ საქმეს.
ვერ წარმომიდგენია, რომ აღარ არის. სულ თვალწინ მიდგას მისი და დოიჯას დუეტი. სასწაული დუეტი იყო. მამუკა ასევე კარგი წამყვანიც გახლდათ, სახელგანთქმული თამადა, ბოლო დროს კი ხატავდა. ძალები ამ საქმეშიც მოსინჯა და იქაც მაგარი აღმოჩნდა. ყველაფერს კარგად აკეთებდა.
ყველას დაგვაკლდა მამუკა ონაშვილი ეს უნიკალური ადამიანი, ყველას გვერდში მდგომი ჭირის და ლხინის გამზიარებელი.
ქეთი ვადაჭკორია, ზურა დოიჯაშვილის მეუღლე:
- შოკში ვარ, მამუკას დაღუპვამ ზურას გარდაცვალება გამიახლა. ზურა ხელახლა მოგვიკვდა. რომ შემეძლოს წერა, მათი მეგობრობის და დუეტის შესახებ ალბათ ერთ წიგნს დავწერდი. საოცარი ამბები და ისტორიები ჰქონდათ. უმეტესობა ჩემი თვალით მინახავს, მომისმენია და შევსწრებივარ - როგორ ცხოვრობდნენ, რას აკეთებდნენ, როგორ მეგობრობდნენ.
დილა ერთმანეთის მოკითხვით იწყებოდა, ან ერთს უნდა დაერეკა, ან მეორეს. მამუკა ხმას იცვლიდა და ისეთ ამბავს მოიგონებდა, რომ ზურას დაეჯერებინა. მერე იყო ამაზე სიცილი და მხიარულება.
კი, ზურა ახლა მეორედ გარდამეცვალა, ძალიან განვიცდი მამუკას დაღუპვას. სულ განმიახლდა ტკივილი - მათი მეგობრობის 40 წელი ახლა კადრებივით ტრიალებს. ეს იყო ყოველდღიური შეხება. ასეთი მეგობრობა და ის, რომ ასე გაუგეს ადამიანებმა ერთმანეთს, იშვიათია. დუეტშიც მათნაირად არავის უხუმრია. ზურას მეგობრები ყველა მიყვარს, ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ზურას მამუკასთან ურთიერთობა, როგორც ვთქვი, გამორჩეული იყო.
- ზურას შემდეგ ემოციურად როგორ იყო?
- ძალიან ცუდად. ფაქტობრივად, მისი წასვლის შემდეგ თვალზე ცრემლი არ შეშრობია. თუ დამირეკავდა, ტიროდა, თუ მე დავურეკავდი, ერთად ვტიროდით, უმძიმესად იყო. მეუბნებოდა, - ქეთი, არც ვიჯერებ, რომ აღარ არის. სულ გვერდში მყავს. არასდროს ახსენებდა იმას, რომ ზურა გარდაიცვალა, როგორც ცოცხალი ისე ჰყავდა, სხვანაირად ვერ გაუძლებდა მის დაკარგვას.
როგორც ზურა არ იყო წუწუნა, ისე მამუკა არ წუწუნებდა. შეიძლება უჭირდათ, დარდიც ჰქონდათ, ბევრი რამის გაკეთებაც უნდოდათ და ვერ აკეთებდნენ, მაგრამ ამაზე წუწუნი არ ყოფილა. თან ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, რაც ყოველთვის ზურასთან იყო კავშირში. ძალიან ბევრია გასახსენებელი.
მათი უცხოეთში მოგზაურობა, გასტროლები, ნახევარზე მეტად საქართველოში არც იყვნენ, სულ ერთად დადიოდნენ. მთელი მსოფლიო ერთად მოიარეს. მამუკა ზურას ცხოვრების ნაწილი იყო და ზურა მამუკასი. ამ ორ სიყვარულის, სიკეთის ადამიანს უყვარდათ ადამიანები, ცხოვრება და ყველა, ვინც მათ ირგვლივ ტრიალებდა თუ არ ტრიალებდა. დაბადებულები იყვნენ სიკეთისთვის და სიყვარულისთვის.
ხატია შამუგია:
- ძალიან დამწყდა გული. მამუკა სულ მხიარული მახსოვს, გამორჩეული იუმორი და ციმციმა თვალები ჰქონდა ყოველთვის. შოუბიზნესი ფეხს რომ იდგამდა და ყველა რაღაცას ცდილობდა, რთული პერიოდი იყო, მამუკა კი იმ დროს უკვე შემდგარი ადამიანი გახლდათ, არაჩვეულებრივი ოჯახიდან, რომელიც სხვებისთვის არ იშურებდა არაფერს.
სამკაულები უყვარდა და მახსოვს, დიდი ოქროს ჯაჭვი ეკიდა ხოლმე. ერთხელაც, "ქუჩის ბიჭების“ და მამუკას კონცერტი (მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი) ხონში იყო დანიშნული და ყველა დააყაჩაღეს. წაიღეს, რაც ჰქონდათ. მამუკამ იმდენი ქნა, იმის კვალს მაინც მიაგნო, ვინ ეს საქციელი ჩაიდინა. ძალიან კეთილი, შეუპოვარი, ვაჟკაცური იყო თავისი არაჩვეულებრივი რეპერტუარით და ტკბილი ხმით.
დიდი ხანია, აღარ მინახავს. ისიც არ ვიცოდი, თუ აქ იყო, მეგონა, საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობდა და ცხოვრობდა. აქ ამ ეტაპზე აქტიური, შემოქმედებითი კარიერა არ ჰქონია. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ქალაქს აღარ ჰყავს მამუკა ონაშვილი, კარგი კაცი დაკარგა ქალაქმა.
P.S. Ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მომღერლის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.