ავტორი:

უკრაინელების მიერ პუტინისთვის ჩაშხამებული დღესასწაული და ახალი სამხედრო-საზღვაო დოქტრინა - მოსკოვის მსოფლიო ოკეანეში დომინირების ამბიცია და რეალური შესაძლებლობები

უკრაინელების მიერ პუტინისთვის ჩაშხამებული დღესასწაული და ახალი სამხედრო-საზღვაო დოქტრინა - მოსკოვის მსოფლიო ოკეანეში დომინირების ამბიცია და რეალური შესაძლებლობები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალ სამხედრო-საზღვაო დოქტრინას მოაწერა ხელი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო რუსეთის ყველაზე დიდ საფრთხეებად სახელდება. 55-გვერდიან დოკუმენტს, კრემლის ლიდერმა ხელი საზღვაო ძალების დღეს მოაწერა. მასში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფართო სტრატეგიული მიზნებია ასახული, მათ შორის ოფიციალური მოსკოვის "დიდი საზღვაო ძალის“ ამბიცია, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება. დოქტრინაში აღნიშნულია, რომ რუსეთისთვის მთავარი საფრთხე "მსოფლიო ოკეანეებზე დომინირების აშშ-ის სტრატეგიული პოლიტიკაა“, ისევე როგორც, რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ალიანსის ახლო მოძრაობა.

ამასთანავე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს შეუძლია თავისი სამხედრო ძალა მსოფლიო ოკეანეებში არსებული სიტუაციის შესაბამისად გამოიყენოს, თუ სხვა რბილი ძალები, როგორიცაა დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტები ამოწურული იქნება. გარდა ამისა, დოქტრინაში ხაზგასმულია, რომ დღევანდელი რუსეთი ძლიერი ფლოტის გარეშე ვერ იარსებებს და მოსკოვი მსოფლიო ოკეანეებში თავის ინტერესებს მტკიცედ დაიცავს.

პუტინის დოქტრინის არსზე და მისგან გამომდინარე მოსალოდნელ საფრთხეებზე ambebi.ge-ს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ესაუბრება:

- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ამ ახალი საზღვაო დოქტრინის გამოცხადება სპეციალურად დაამთხვია სწორედ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს - 31 ივლისს. თუმცა ეს დღე მას უკრაინელებმა ჩაუშხამეს, როდესაც ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ სევასტოპოლში (სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი შტაბია) უპილოტო საფრენი აპარატით - კამიკაძეთ დრონით დაარტყეს.

სევასტოპოლი, 2022 წელის 31 ივლისი. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენლები უკრაინელების შეტევის შემდეგ

მართალია, ამის შედეგად მხოლოდ 5 რუსი სამხედრო დაიჭრა, მაგრამ მას ჰქონდა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, რადგან იყო პირველი რეალური დარტყმა მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთის მიერ პირველად იქნა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული. ეს იყო ერთგვარი შურისძიება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე, საიდანაც გაიცემა ბრძანებები და რუსეთის ფლოტის წყალქვეშა ფრეგატებიდან კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით თითქმის ყოველდღიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

- დოქტრინას რაც შეეხება, რა არის პუტინის მიზანი და რამდენად განხორციელებადია ის?

- რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში შედის სამხედრო-საზღვაო ძალები, რომლებშიც შემდეგი ფლოტებია გაერთიანებული: წყნარი ოკეანის, ჩრდილოეთის, ბალტიის, შავი ზღვის და კასპიის ზღვის ფლოტილია (შედარებით პატარაა). კასპიის ზღვის ფლოტილია ჩაკეტილ სივრცეშია, იგივე შეიძლება ითქვას შავი ზღვის ფლოტზეც, რადგან ერთადერთი გასავალი ბოსფორის სრუტეა, რომელსაც, რეალურად, ნატოს წევრი ქვეყანა - თურქეთი აკონტროლებს. მართალია, პუტინ-ერდოღანს შორის ბოლო დროს ცოტა უცნაური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, მაგრამ ვნახეთ, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, თურქეთმა ჩაკეტა ბოსფორის გასასვლელი და რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, თავისი სხვა ფლოტებიდან შავი ზღვის აკვატორიაში დამატებით ხომალდები გადმოისროლოს.

რაც შეეხება ბალტიის ზღვის ფლოტს, ბალტიის ზღვაში გასასვლელი არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები გახდნენ, გამოდის, რომ ნატოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ჩაკეტოს ბალტიის ზღვა. რეალურად, რჩება ჩრდილოეთის ზღვის და წყნარი ოკეანის ფლოტები, რომლებმაც შეიძლება საოკეანო ოპერაციებში მიიღონ მონაწილეობა. აქ არის მეორე ფაქტორი - სსრკ-მ მხოლოდ 1970-იანი წლების ბოლოსკენ და 80-იან წლებში მიაღწია იმას, რომ სამხედრო-საზღვაო ძალებმა შეძლეს ოკეანეში გასვლა და პატრულირება ისევე, როგორც ამას ამერიკელები ერთი საუკუნის განმავლობაში აკეთებენ. სსრკ-ს დაშლის შემდგომ, მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შესაძლებლობები, ბევრი ხომალდი და წყალქვეშა ნავი იქნა ჩამოწერილი, ახალი კი ვერ შექმნეს. ახალი ხომალდები რაც არის, რუსებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში მიიღეს. ისენი, ძირითადად, არის მესამე და რამდენიმე - მეორე რანგის ხომალდი (რამდენიმე ფრეგატი და უფრო მეტი კორვეტი). რაც შეეხება პირველი რანგის ხომალდებს - კრეისერებს, მათი მიღება რუსეთმა ვერ შეძლო, თუმცა ახლა მოდერნიზებას უკეთებს რამდენიმე საბჭოთადროინდელ კრეისერს.

- გამოდის, ამბიციის დასაკმაყოფილებლად და სისრულეში მოსაყვანად, რუსეთს არ შესწევს ძალა და არ აქვს სატანადო რესურსი. მაინც რა საფრთხეს წარმოადგენს ეს დოქტრინა დასავლეთისთვის?

- რუსეთის სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობები ოკეანეებში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია იმ საბჭოთა დროინდელი და შემდეგ დამატებული რესურსით, რასაც ჰქვია ატომური წყალქვეშა ნავები. თავის დროზე, საბჭოთა პერიოდში რუსეთს ავიამზიდი თითქმის არ ჰყავდა, მხოლოდ სსრკ-ს დაშლის წინ ააგო ერთი ავიამზიდი - "ადმირალი კუზნეცოვი“, რომელსაც, ერთი პერიოდი, "თბილისიც“ კი ერქვა, მაგრამ ეს ერთადერთი ავიამზიდია ჩრდილოეთ ფლოტში და მისი საბრძოლო მზადყოფნა და შესაძლებლობა მინიმალურია. ეს ავიამზიდი დასავლელი ადმირალების დასაცინი გახდა, როცა რამდენიმე წლის წინ ლამანშის სრუტეში გადიოდა და მისი ორთქლის ქვაბიდან შავი კვამლი ამოდიოდა.

ერთადერთი, რითაც რუსეთს შეუძლია ოკეანეების სივრცეში თავისი ამბიციები დაიკმაყოფილოს, ეს არის ძირითადად ატომური წყალქვეშა ნავები. ის ორი დანიშნულებისაა:

1. მრავალფუნქციური, რომელიც ძირითადად ფრთოსანი რაკეტებითაა შეიარაღებული და 2. სტრატეგიული დანიშნულების, რომლებიც შეიარაღებულნი არიან შორსმფრენი ბალისტიკური რაკეტებით. ამ რაკეტებზე რამდენიმე მძლავრი ბირთვული ქობინია განთავსებული. სწორედ ამ ბალისტიკური რაკეტებით შეიარაღებული ატომური წყალქვეშა ნავები წარმოადგენენ ძირითად საფრთხეს დასავლეთისთვის, რადგან ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით, რომლებიც რუსეთს განთავსებული აქვს მიწისქვეშა შახტებში, ან ხმელეთზე - სარაკეტო დანადგარებზე, მათი ადგილსამყოფელი არის 1 მეტრის სიზუსტით ცნობილი და მას პრევენციული დარტყმებისთვის იყენებენ. როდესაც წყალქვეშა ნავი ნავმისადგომიდან გადის და ჩაყვინთავს, მისი მოძებნა ძალიან რთულია და იქიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვება შეიძლება ოკეანის ნებისმიერი ადგილიდან. ამას ემატება ახალი ტიპის რაკეტები, რომლის პოპულარიზაციასაც ეწევა პუტინი (მათ შორის - ცირკონის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების შეიარაღებაში მიღებაზეა საუბარი), ეს არის პოსეიდონის ტიპის, რომელსაც ასევე ატომური ძრავა ექნება და განუსაზღვრელი დროით შეეძლებათ ოკეანეებში წყალქვეშა მდგომარეობაში მორიგეობა, ბრძანების მიღების შემთხვევაში, თავდასხმის განხორხციელება მოწინააღმდეგის პორტებზე. ეს არის რასაც რუსეთი აცხადებს. რამდენად შეძლებს ამას, ეს უცნობია. თუმცა რაც მას სსრკ-ს პერიოდიდან შემორჩა, ის ბირთვული პოტენციალიც (და რასაც მოდერნიზაცია ჩაუტარა) კი საკმარისია იმისთვის, რომ მსოფლიო რამდენჯერმე განადგურდეს. რუსეთი ამით ცდილობს საოკეანო სახელმწიფო გახდეს. წყალზედა ხომალდების მხრივ, მას ძალზე სავალალო მდგომარეობა აქვს და არამც თუ ამერიკელებს, ჩინეთსაც სერიოზულად ჩამორჩება. ატომური წყალქვეშა ნავებიდან გამომდინარე საფრთხე, რა თქმა უნდა, რჩება. მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მას შეუძლია წყალქვეშ ფარულად გადაადგილება და იქედან ბალისტიკური რაკეტების გაშვება ნებისმიერი მიმართულებით.

- შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის ინტერესებზე რას იტყვით, რაც, თავისთავად, საქართველოსაც შეეხება...

- გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შავი ზღვის ნაპირის დიდი ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული (აფხაზეთის სანაპიროს სახით), რა თქმა უნდა, ეს დამატებით საფრთხეებს ქმნის იმიტომ, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ფოთისა და ბათუმის პორტებს, ასევე, მილსადენებს, რომლითაც ნავთობი გადის. ასე რომ, მათ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. არის იმის საშიშროება, რომ სავარაუდო მოწინააღმდეგე ეცადოს ამ საზღვაო პორტების ბლოკირებას, რისი მწარე გამოცდილებაც გვაქვს - 2008 წელს ფოთის პორტში შევიდნენ რუსი ოკუპანტები და, მოგეხსენებათ, ის გაჩერებული იყო. შეიძლება პორტში საერთოდ არ შევიდნენ და როგორც ახლა ოდესასთან სხედან, საზღვაო ნაღმებით დანაღმონ პორტებთან მისასვლელები, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი სავაჭრო გემის კაპიტანი უარს იტყვის პორტში შესვლაზე. საქართველოს ეკონომიკა ძირითადად პორტებით მარაგდება, ასე რომ, სერიოზული საშიშროება იქმნება. რუსეთის ინტერესშია შავი ზღვა მისი გავლენის სფეროში მოაქციოს. რეალური ძალა, ვისაც შეუძლია რუსეთის შავი ზღვის ფლოტს გაუწიოს წინააღმდეგობა, ესაა თურქეთი. რუმინეთის და ბულგარეთის შესაძლებლობები მიზერულია, უკრაინას, ფაქტობრივად, აღარ ჰყავს საზღვაო ფლოტი. 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენც მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა გვყავს ამ სახით. ასე რომ, საფრთხე დიდია.