ჯონი დეპის და ამბერ ჰერდის ცილისწამების ათასობითგვერდიანი საქმის დოკუმენტები საჯარო გახდა. წარმოდგენილი საბუთებიდან აშკარაა, რომ დეპის გუნდს სურდა, მსახიობის ყოფილი მეუღლის "ეგზოტიკური მოცეკვავეობის მოკლე პერიოდი" პროცესზე სააშკარაოზე გამოტანილიყო. დეპის ადვოკატები, თავის მხრივ, ჰერდის გუნდს მსახიობის სამედიცინო ისტორიის გამჟღავნებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ.
საბუთებიდან ვგებულობთ, რომ ამბერის ადვოკატები მისი წარსულიდან გარკვეული ინფორმაციის გამჟღავვნების წინააღმდეგები იყვნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს "ჰერდის კარიერისთვის პოტენციურად დამაზიანებელი იქნებოდა". ჰერდის ადვოკატები აცხადებენ, რომ დეპი ცდილობდა სასამართლოზე წარედგინა ამბერ ჰერდის დის, უიტნის რეალითი შოუს ვიდეო და ასევე გაეცხადებინა ისტორიები დების წარსული რომანტიკული ურთიერთობების შესახებ.
"კარიბის ზღვის მეკობრეების" ვარსკვლავი იმასაც ცდილობდა, რომ სასამართლოსთვის "ამბერის ეგზოტიკური მოცეკვავეობის ხანმოკლე კარიერის შესახებაც მოეყოლა", რაც დეპთან შეხვედრამდე რამდენიმე წლით ადრე ხდებოდა. ეს უკანასკნელი ჰერდის ადვოკატებმა გაასაჩივრეს და მსახიობი დაადანაშაულეს, - ცდილობს მიანიშნოს, რომ ჰერდი ერთ დროს ესკორტ გოგონა იყოო.
საზიანო ინფორმაციებს შორის, რომელიც სასამართლო პროცესიდან მოიხსნა, არის კიდევ ერთი ამბავი, რომლის თანახმადაც დეპი ტელევიზიაში თურმე ალკოჰოლური თრობისა და მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ გამოცხადდა, რამაც "დისნეის" სტუდიის ხელმძღვანელი განარისხა და დეპის ადვოკატთანაც კი დარეკა, რომ ეკითხა, - რა ჯანდაბა სჭირს თქვენს კლიენტსო? ჰერდის გუნდი იმასაც ამტკიცებდა, რომ "მსგავსმა პრობლემებმა "კარიბის ზღვის მეკობრეების" მეხუთე ნაწილის გადაღებების დროსაც იჩინა თავი, რის გამოც დეპი იძულებული გახდა პროექტიდან წასულიყო.
"დისნეისთან" დეპის ურთიერთობამ დიდი როლი ითამაშა სასამართლო პროცესზე. დეპის მხარე ირწმუნებოდა, რომ ჰერდის ცილისწამებამ ათეულობით მილიონის ზარალი მიაყენა (ლაპარაკია შემოსავალზე, რომელიც "კარიბის ზღვის მეგობრეების" მომდევნო ნაწილის გადაღებებიდან უნდა ჰქონოდა დეპს, თუმცა პროექტში მისი დატოვება არ მოხერხდა). თავად ამბერ ჰერდის გუნდი კი ამტკიცებდა, რომ "დისნეიმ" დეპს გადაღებებზე უარი თავისივე უსაქციელობის გამო უთხრა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი ცოლ-ქმრის სასამართლო დაპირისპირებაში დეპმა გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა, მსახიობს ორი მილიონის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს "ჰერდის შესახებ ცრუ და დამაზიანებელი კომენტარების გაკეთების გამო" , ხოლო ამბერ ჰერდს კი 10.35 მილიონიანი ჯარიმა დააკისრეს, ოჯახური ძალადობის შესახებ ცილისწამებისთვის.
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა