"ტვ პირველი" ცხვარიჭამიაში მოკლული მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის, დავით ჯიჯეიშვილის ჩვენებას ავრცელებს.
როგორც ჩვენებაში ჯიჯეიშვილი ამბობს, წვეულებამდე კუკავას არ იცნობდა და მისი სახელი და გვარიც მომხდარი მკვლელობის შემდეგ გახდა ცნობილი.
"მე გულწრფელად ვინანიებ ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებას, რასაც მოჰყვა მირიან კუკავას გარდაცვალება. მე წვეულებამდე მას არ ვიცნობდი. მისი სახელი და გვარი ჩემთვის ცნობილი გახდა მომხდარის შემდეგ მასმედიის საშუალებით. გამოძიების ამ ეტაპზე ჩემი მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო არ შემწევს უნარი გიპასუხოთ და ვისაუბრო მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით" - აცხადებს დავით ჯიჯეიშვილი ჩვენებაში.
ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის - ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც, მცხეთის რაიონული სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღესვე იმსჯელებს.
განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ნახეთ ასევე: