ავტორი:

"პირველად რომ ლევან ჩოხელთან ერთად ვიფრინე, ზამთარი იყო, წელამდე თოვლი - სულ ხელში აყვანილმა უნდა გატაროო" - რას წერს ჟურნალისტი გარდაცვლილ მფრინავზე?

"პირველად რომ ლევან ჩოხელთან ერთად ვიფრინე, ზამთარი იყო, წელამდე თოვლი - სულ ხელში აყვანილმა უნდა გატაროო" - რას წერს ჟურნალისტი გარდაცვლილ მფრინავზე?

გუდაურში გუშინ მომხდარმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა, სადაც პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილთა დასახმარებლად წასული მაშველები და ეკიპაჟის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.

  • ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშველები - კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი; მფრინავები - ანდრო ქუჯოშვილი,​ ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე; სასწრაფოს დახმარების ექიმები - ქეთი გულაგაშვილი, გიორგი ვენეცკი.

ლევან ჩოხელს, ზაზა ლორიას და დიმა ქააძეს წლების სამუშაო გამოცდილება ჰქონდათ და მათ ურთულეს სამაშველო ოპერაციებს ანდობდნენ.

სწორედ ლევან ჩოხელთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე:

"პირველად რომ ლევან ჩოხელთან ერთად ვიფრინე, ზამთარი იყო, ხევსურეთი, ცუდი რელიეფი, წელამდე თოვლი, ვერტმფრენი ვერ დაჯდა და ჰაერში გააჩერეს. მთელი გუნდი ხელში აყვანილმა გადმოგვსვა, მას მერე დამინახავდა თუარა, იცინოდა - სულ ხელში აყვანილმა უნდა გატაროო. როდესაც ფრენაზე მივიდოდი, აეროდრომზე შესვლისთანავე ვცდილობდი მფრინავებს შორის ეს ოქროს კაცი მეპოვა.

სანდო და პროფესიონალი, მშვიდი და ღიმილიანი. მეორე დღეა ჩემს სიუჟეტებს ვეძებ, ვუყურებ, ვატრიალებ ამ კადრებს და გული მეგლიჯება. სულ ვფიქრობ იმ ბოლო წამებზე, რომ დაეშვნენ, მიხვდნენ, რომ საშველი აღარ იყო და ჩავარდნენ, ნეტავ რას ფიქრობდა, რა განიცადა.. ასეთი ხალხი ასე წამში როგორ დავკარგეთ..მე წლებია მთაში დავდივარ გადაღებაზე და მინდა ერთი რამ ვთქვა - მესაზღვრე მფრინავები მთის ხალხისთვის იყო და არის ნამდვილი იმედი!

მათი ყოველი როტაცია არის ამ ხალხის კომუნიკაცია გარესამყაროსთან, მომარაგება პროდუქტებით, გადაუდებელი დახმარება და ყველაფერი! ასეთ მდგომარეობაში უამრავჯერ მინახავს ეს ხალხი, დაუღალავად, სხვებისთვის.. ამიტომ, ვუსამძიმრებ ყველას, ყველა ადამიანს ვინც პირადად იცოდა ამ მფრინავების ადამიანობა და პროფესიონალიზმი!" - წერს ბაკურაძე.