ავტორი:

"MI-8 MTV-1-ის პერსპექტივა აღარ არსებობს... მისი ყიდვა რუსეთში, თითქმის, წარმოუდგენელია, უნდა გადავიდეთ დასავლურ შვეულმფრენებზე" - რა ვიცით MI-8 -ზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა

"MI-8 MTV-1-ის პერსპექტივა აღარ არსებობს... მისი ყიდვა რუსეთში, თითქმის, წარმოუდგენელია, უნდა გადავიდეთ დასავლურ შვეულმფრენებზე" - რა ვიცით MI-8 -ზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა

"გუდაურის კატასტროფის მიზეზი ზუსტად დადგინდება შავი ყუთის მონაცემების გაშიფრვის შემდეგ, რომელიც ფრენის ათეულობით პარამეტრსა და ეკიპაჟის რადიოსაუბარსაც იწერს. გავრცელებულ კონკრეტულ ვიდეოკადრში, სამწუხაროდ, ზუსტად არ ჩანს, გამოედო თუ არა კლდეს ვერტმფრენის კუდის ხრახნი, თუმცა ვიდეოს დასაწყისში არის ერთი დეტალი, ეს არის მტვრის ბუღის ასვლა, რომელიც აჩენს ეჭვს, რომ კლდის ფერდობისა და კუდის ხრახნის წამიერი კონტაქტი მართლაც მოხდა. ხეობაში ხშირად იცვლება ქარის მიმართულება და მისი მოულოდნელად შეცვლა შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რა ტრაგედიაც გუშინ დატრიალდა", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი და "MI-8 MTV-1" ტიპის შვეულმფრენების ავკარგიანობას აფასებს:

"გუდაურში კატასტროფაგანცდილი სასაზღვრო პოლიციის ავიაციის კუთვნილი “MI-8 MTV-1“ ტიპის კონკრეტული შვეულმფრენი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე უკეთესად აღჭურვილ ვერტმფრენად ითვლებოდა, რადგან მის ბოძზე დამონტაჟებული იყო რადიოლოკატორი, ოპტიკურ-ელექტრონული ხედვის აპარატურა და მძლავრი პროჟექტორი, ასევე - ძლიერი ჯალამბარი, რომლებიც საუკეთესოდ ესადაგებოდა სამაშველო ოპერაციების განხორციელებას რთულ მთაგორიან რელიეფზე.

  • ამ შვეულმფრენით წლების განმავლობაში მესაზღვრე მფრინავების მიერ არაერთი სამაშველო ოპერაცია განხორციელდა და ბევრი სიცოცხლეა გადარჩენილი. ასე რომ, თქმა იმისა, რომ ეს შვეულმფრენი არ მიესადაგება ასეთ სამაშველო ოპერაციებსა და რელიეფს, არაა სწორი.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სწორედ ეს შვეულმფრენები გამოიყენება მთაგორიან რელიეფზე არა მარტო სამაშველო, არამედ საბრძოლო ოპერაციების შესასრულებლად, რადგანაც მისი ფრენის დინამიკური „ჭერი“ 6 კმ-მდეა, ხოლო თავად შვეულმფრენს შეუძლია აფრენა-დაფრენის პროცესი უპრობლემოდ განახორციელოს ზღვის დონიდან 4კმ. სიმაღლეზე (რაც ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება).

მართალია, ეს შვეულმფრენი არანაკლებ 30 წლის იყო, მაგრამ ჩატარებული ჰქონდა კაპიტალური რემონტი. მიუხედავად იმისა, რომ მათ გაჭირვების ტალკვესს ვუძახი, არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს მთაგორიანი რელიეფიდან გამომდინარე, აუცილებლად სჭირდება საშვეულმფრენო პარკის განახლება-გაძლიერება.

რაც შეეხება სასაზღვრო პოლიციის ავიაციას, მათ ისედაც ბევრი ამოცანა აქვთ - მთებში სასაზღვრო საგუშაგოების, ასევე, ადგილობრივი მაცხოვრებლების მომარაგება, ამიტომ სადაც ვინმე ტურისტს ფეხი გადაუბრუნდება, მათი სასწრაფო ევაკუაცია მათ არ უნდა დაევალოთ. ამისთვის უნდა შეიქმნას უფრო მცირე ზომის სპეციალიზებული შვეულმფრენების პარკი, არა ისეთი, როგორიც ეს "MI-8 MTV-1"-ია - 13 ტონიანი შვეულმფრენების გაგზავნა სამაშველო ოპერაციებისთვის, რომელსაც 25 კაცი გადაჰყავს.

საქართველოს პრეტენზია თუ აქვს, რომ იყოს ტურისტული ქვეყანა, მაშინ მისი მთაგორიანი რელიეფიდან გამომდინარე, უკვე დიდი ხანია საჭიროა შეიქმნას სპეციალიზებული სამაშველო შვეულმფრენების პარკი რამდენიმე ერთეულის შემადგენლობით, რომლებიც შეასრულებენ წმინდა სამაშველო ფუნქციებს. ასეთი შვეულმფრენები ბევრია და არის ამერიკული, ფრანგული, იტალიური წარმოების... ისინი მცირე ზომისანი არიან და შეუძლიათ რამდენიმე ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია მთებში. ის ნაკლებ ხარჯიანიცაა, ეს რუსული შვეულმფრენი თუ საათში 800 ლიტრ საავიაციო ნავთს წვავს, ისინი უფრო ეკონომიურია და სამაშველო სამსახურისთვის მისწრებაა. უპრიანი იქნება, ისინი შსს-ს და საგანგებო სიტუაციების სამსახურის განკარგულებაში იყოს.

რა რესურსი და აღჭურვილობა აქვს ამჟამად სახელმწიფოს და არის თუ არა საკმარისი ის მსგავსი შემთხვევებისა და სამაშველო ოპერაციებისთვის, ამაზე ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ დარჩენილია სულ რამდენიმე შვეულმფრენი, რომელთა ექსპლოატაციას სასაზღვრო პოლიციის ავიაცია ახორციელებს და მათი რესურსიც, ადრე თუ გვიან, ამოიწურება. ამიტომაც მას ლოგიკურად მიაჩნია გადასვლა დასავლური წარმოების შვეულმფრენებზე.

"MI-8 MTV-1" ტიპის შვეულმფრენების პერსპექტივა აღარ არსებობს, სამწუხაროდ, რადგან გასაგები მიზეზების გამო, საქართველოს მიერ ასეთი ახალი შვეულმფრენების ყიდვა რუსეთში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. სულ რამდენიმე შვეულმფრენია დარჩენილი, რომელთა ექსპლოატაციას სასაზღვრო პოლიციის ავიაცია ახორციელებს და მათი რესურსიც, ადრე თუ გვიან, ამოიწურება. ამიტომაც ლოგიკურია გადასვლა დასავლური წარმოების შვეულმფრენებზე, ოღონდ ისე არა, როგორც წინა ხელისუფლების დროს მოხდა - შესყიდულ იქნა „Super Puma“ - სუპერსალონიანი შვეულმფრენი, რომელშიც უზარმაზარი თანხა დაიხარჯა.

ირაკლი ალადაშვილი

იმის მაგივრად, რომ მართლა სამაშველო შვეულმფრენები ეყიდათ, უზარმაზარი თანხა წავიდა VIP სალონიანი, უძვირესი შვეულმფრენის შესაძენად. ლოგიკური იქნება, რომელიმე კონკრეტულ ფირმასთან შეთანხმება, რომელიც ცნობილია მსოფლიოში სპეციალიზებული სამაშველო შვეულმფრენების გამოშვებით. კონკრეტულთან იმიტომ, რომ რამდენიმე ტიპის რომ იყიდონ, მათი ტექნიკური მომსახურება უკვე რთულია, სხვადასხვა ტიპია, სხვადასხვა მომსახურება უნდა და ეს დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

იყოს შერჩეული ისეთი, რომლებსაც შეეძლებათ როგორც მთაგორიან რელიეფზე ფრენა, ასევე წყლის ზედაპირზეც საზღვაო-სამაშველო ოპერაციის ჩატარება. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, თუ გვინდა, ტურისტული ქვეყანა ვიყოთ. აქამდე იოლას გავდიოდით, რადგან მესაზღვრეები დამატებით ასრულებდნენ ამ ამოცანას, რაც არ იყო სწორი. საზღვარზე, ბევრ ადგილას უფრო საჭიროა ამ შვეულმფრენების საჭიროებისამებრ გაგზავნა და გარკვეული ამოცანის შესრულება“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.