ავტორი:

"ყველაზე რთულია, როცა ძმაკაცებს, თანამშრომლებს კარგავ და შენივე ხელით გამოგყავს... მათზე ატარებ სამაშველო ოპერაციას" - მაშველის ემოციური პოსტი

"ყველაზე რთულია, როცა ძმაკაცებს, თანამშრომლებს კარგავ და შენივე ხელით გამოგყავს... მათზე ატარებ სამაშველო ოპერაციას" - მაშველის ემოციური პოსტი

გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირის ცხედარი ამოსვენებულია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.

სამაშველო ოპერაციებში ჩართულები იყვნენ ის მაშველებიც, რომლებმაც კოლეგები დაკარგეს, მათ შორის ირაკლი უკლება, რომელიც სოციალურ ქსელში უმძიმეს პოსტს აქვეყნებს:

"ყველაზე რთულია, როცა საუკეთესო ძმაკაცებს, თანამშრომლებს და ქართველებს კარგავ, მაგრამ უფრო ძნელი და გამანადგურებლია, როცა ეს ხალხი შენივე ხელით გამოგყავს და შენსავე თანამშრომლებზე ატარებ სამაშველო ოპერაციას. მადლობა ბიჭებო, რაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის გაგიკეთებიათ და მაგ სიკეთეს შეწირეთ თავი. მიყვარხართ და მენატრებით", - წერს უკლება.

შეგახსენებთ, მთავრობის განკარგულებით 2022 წლის 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობაზე საქართველოს დროშები დაშვებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადაც ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა.