ავტორი:

"ერთი თვის წინ, როცა ხევსურეთში ჩავრჩი MI8-ით ჩამოგვიყვანეს... მეგობარმა მაშინ მითხრა, რომ არსებობდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის საფრთხე" - რას იხსენებს მოქალაქე?

"ერთი თვის წინ, როცა ხევსურეთში ჩავრჩი MI8-ით ჩამოგვიყვანეს... მეგობარმა მაშინ მითხრა, რომ არსებობდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის საფრთხე" - რას იხსენებს მოქალაქე?

ნინო კოდალაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ერთი თვის წინანდელ ამბავს იხსენებს, როდესაც MI8-ის ვერტმფრენით ის და მისი და ხევსურეთიდან ჩამოიყვანეს:

"ერთი თვის წინ, როცა ხევსურეთში ჩავრჩი ჩემს მცირეწლოვან დასთან ერთად, სწორედ მაგ MI8-ით მოხერხდა ჩვენი გამოყვანა.. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა იმუშავეს სასწაულად, დაუღალავად, რაც მთავარია 24 საათის განმავლობაში იყვნენ ჩვენთან ხაზზე, ამოწმებდნენ ჩვენს ლოკაციას და ყველანი სახლში მშვიდობით დაგვაბრუნეს. მაგრამ.. არის აქ ერთი ძალიან დიდი მაგრამ.

როდესაც ხევსურეთიდან უკვე დუშეთში დაჯდა ვერტმფრენი და ხაზზე ვიყავი, მეგობრის შეტყობინება დამხვდა, რომ არ ავსულიყავი ამ ვერტმფრენში და დავლოდებოდი რამდენიმე დღე გზის გაჭრას, რადგან არსებობდა რეალური საფრთხე ვერტმფრენის ჩამოვარდნის. მაშინ გამეღიმა, უკვე მშვიდობით ვიყავით მეც, ჩემი დაც და ჩვენი მეგობრებიც. დღეს როცა, იმავე ტიპის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, გავიაზრე, რომ რეალურად ძალიან ძალიან გაგვიმართლა და მაშველებმა არამარტო მშვიდობით დაგვაბრუნეს, არამედ იმხელა ნდობა დაიმსახურეს, რომ საფრთხის განცდა მთლიანად გაგვიქრეს.

საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენი არის სხვა ტიპის ვერტმფრენი და ქვეყანაში მსგავსი არაფერი გაგვაჩნია, რომ მომავალში ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ. პარაპლანით ფრენის აკრძალვა არაფერ შუაში არ არის იმასთან, რომ ქვეყანას არ გააჩნია სამაშველო/საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენი და სასაზღვრო პოლიციის ვერმტფრენის ხარჯზე წირავს საკუთარ მოქალაქეებს, პროფესიონალებს, რომლებიც სიცოცხლის ფასად რისკავენ თითოეული აფრენით და ხდება ის ტრაგედია, რაც დღეს მოხდა..." - წერს კოდალაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.