"არ მივცემთ სახელმწიფოს უფლებას, რომ ჯოხი გადატეხოს პილოტზე, რომელიც მართავდა ვერტმფრენს და პილოტებზე, რომელიც დაფრინავენ პარაპლანით" - ამის შესახებ პარაგლაიდინგის ფედერაციის პილოტმა მარიამ ბაბუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარში წვლილი სახელმწიფოს მიუძღვის, რადგან გამართული სამაშველო ვერტმფრენები არ ჰყავთ.
"როგორც ვიცი, ვერტმფრენის პილოტი საკმაოდ გამოცდილი იყო, თუმცა როდესაც ვერტმფრენის შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, ვინც ავიაციაში ვერკვევით, ვიცით, რომ მი-8 ტიპის ვერტმფრენი არ არის სამხედრო არამანევრული ვერტმფრენი, რომლის დაშვება ასეთ პატარა მანძილზე არაფრით არ შეიძლება.
ასეთი ტიპის ვერტმფრენის იქ დაშვება იყო ძალიან დიდი შეცდომა და ამას საკუთარი თვალით ვუყურებდი. ვხედავდი პილოტი რამდენი ხანი ფიქრობდა მისულიყო თუ არა იქ და მათი ოჯახის წევრებს მინდა ვუთხრა, რომ მათი სახით ჰყავთ გმირები. მათ იცოდნენ რა რისკზე მიდიოდნენ, იცოდნენ, რომ ამ ვერტმფრენით შესვლა იქ შეიძლება ფატალურად დასრულებულიყო და მაინც გარისკეს.
ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და მინდა გამოვეხმაურო გომელაურის განცხადებებს. მან თქვა რომ ასეთი შემთხვევები (პარაპლანის ავარიული დაშვება) ხშირად ხდება. ზოგადად პარაგლაიდინგი საკმაოდ სახიფათო სპორტია და ყველა მგზავრი, რომელიც გუდაურში დაფრინავს აწერს ხელს, რომ ის იაზრებს ამ რისკებს. არ მივცემთ სახელმწიფოს უფლებას, რო ჯოხი გადატეხოს პილოტზე, რომელიც მართავდა ვერტმფრენს და პილოტებზე, რომელიც დაფრინავენ პარაპლანით. აქ დიდი წვლილი მიუძღვის სახელმწიფოს, რადგან ქვეყანას არ აქვს არც ერთი სამაშველო ვერტმფრენი. სასიკვდილოდ გამოუშვა გმირი ადამიანები მი-8 ტიპის ვერტმფრენით" - განაცხადა მარიამ ბაბუნაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
ინფორმაციისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარის შემდეგ შს მინისტრმა აღნიშნა, რომ პარაპლანებით ფრენა დროებით აიკრძალება. მისივე თქმით, პარაპლანის ჩამოვარდნის ფაქტები ხშირად ხდება და სამთავრობო გუნდი რეგულაციების გამკაცრებაზე იმუშავებს.
ნახეთ ასევე: