ავტორი:

"მფრინავებს რაც შეეხება, სამი მათგანი ჩემს პერიოდში მსახურობდა, ჩემთან ერთად დაფრინავდა და სამივე გამოცდილი პროფესიონალი იყო" - რა შეიძლება გამხდარიყო ავიაკატასტროფის მიზეზი?

"მფრინავებს რაც შეეხება, სამი მათგანი ჩემს პერიოდში მსახურობდა, ჩემთან ერთად დაფრინავდა და სამივე გამოცდილი პროფესიონალი იყო" - რა შეიძლება გამხდარიყო ავიაკატასტროფის მიზეზი?

დღეს გუდაურში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა - ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელშიც პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილთა დასახმარებლად წასული მაშველები და ეკიპაჟის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბორტზე სულ 8 ადამიანი იყო. მათ შორის, ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

უმძიმესი ტრაგედიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე ambebi.ge-სთან მფრინავი შამილ ქორთოშიძე საუბრობს:

"ალბათ ამ ტრაგედიის მიზეზი, ერთადერთი, ქარის ფაქტორი გახდა იმიტომ, რომ გამოცდილება არც მეთაურს აკლდა და არც ეკიპაჟის სხვა წევრებს - ბორტინჟინერსა და ბორტოპერატორს. ტექნიკასაც ვერაფერს დავაბრალებთ, რადგან ის გამართული იყო. შემთხვევის ადგილას ისედაც შეზღუდული სივრცე იყო, პარაპლანისტი კი კლდეზე იყო დაკიდებული (ჩანს კიდეც კადრებში), ეკიპაჟმა შეარჩია ქარის მიმართულება და დაეკიდა ამ შეზღუდულ ფართში. ვფიქრობ, მერე ალბათ ქარის მიმართულება შეიცვალა და ვერტმფრენსაც ოდნავ შეუცვალა მიმართულება, მან წამოარტყა კლდეს კუდი, უკანა პროპელერი და დაკარგა წონასწორობა. ამ უკანა პროპელერზეა დამოკიდებული წონასწორობის დაცვა, ის არის მიმართულების განმსაზღვრელი, უკანა პროპელერი როცა არ აქვს ვერტმფრენს, მერე ის გარშემო იწყებს ბრუნვას, როგორც მოხდა კიდეც. მას ჰაერში გასძვრა დეტალი და ეს ყველაფერი, ქარის ფაქტორმა განაპირობა.

გამორიცხულია, შვეულმფრენის პრობლემა ყოფილიყო, ამაზე თავს დავდებ. ფაქტობრივად, ამ შვეულმფრენს, ზოგადად, სამაშველო სამუშაოებში იყენებენ, მთიან რეგიონებში მას არაფერი შეედრება, მსოფლიოსაა მოდებული "MI-8 MTV“ და პრობლემა ამაში ნამდვილად არ არის. ჩვენი ქვეყნის რელიეფიდან გამომდინარე, ამ შვეულმფრენს ვერავითარი შვეულმფრენი ვერ შეცვლის, მისით ყველანაირი სამუშაოს შესრულება შეიძლება. როგორც ასეთი, რომ თითქოს რესურსი არ ჰქონდა, ესეც გამორიცხულია იმიტომ, რომ ყოველი 5 წუთის ნამუშევარი შედის ფორმულიარებში, ამის აღრიცხვა მიდის. დაზუსტებით ვერაფერს იტყვი, სანამ შავი ყუთი არ გაიხსნება, მასში უკვე ტრაგედიამდე ეკიპაჟის ნალაპარაკები და ქმედებებია აღნუსხული და ყველაფერი გამოჩნდება. მფრინავებს რაც შეეხება, სამი მათგანი - ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია, ლევან ჩოხელი და დიმიტრი ქააძე ჩემს პერიოდში მსახურობდა, ჩემთან ერთად დაფრინავდა და სამივე გამოცდილი პროფესიონალი იყო (მეოთხეს ვინაობა არ ვიცი). რამდენი ადამიანი შეეწირა სამაშველო ოპერაციას... მეორეც, ამ პროფესიონალების ამ დონემდე მიყვანაში პატარა თანხები კი არაა ჩადებული, დიდი რესურსი იხარჯება და ამ პროფესიის გამოცდილი ადამიანები ბევრი არ გვყავს. ზაზას ბავშვის ნათლია ვარ. საუბედუროდ, დიდი პროფესიონალები და მამაცი ადამიანები დააკლდა საქართველოს“.